დასაწყისი მზე ჯერ კარგად არ ამოსულიყო, როდესაც დეტექტივი ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა. მან თვალები ზანტად გაახილა და საათს შეხედა – 8 ხდებოდა. დეტექტივი 35-იოდე წლის, მაღალი, სპორტული აღნაგობის მამაკაცი იყო, ნაცრისფერი თვალებით, რომლებიც ქამელეონივით განწყობისა და განათების მიხედვით ეცვლებოდა, რაც განსაკუთრებულად მიმზიდველსა და საიდუმლოებით მოცულს ხდიდა. მისი მზერა ხან ყინულივით ცივი იყო, ხან კი – საოცრად თბილი, რაც ასევე, მის რთულ შინაგან სამყაროზე მიუთითებდა. მოკლე ვარცხნილობა და საშუალო ზომის წვერი მტკიცე გამომეტყველებას ანიჭებდა. დეტექტივმა ტელეფონი ყურთან მიიტანა და მშვიდად თქვა: – გისმენთ! – დეტექტივო, ბოდიში, რომ ამ დროს გაწუხებთ, მაგრამ ახლავე უნდა გამოხვიდეთ. თქვენს ეზოში მკვლელობა მოხდა და ყველანი აქ ვართ, – გაისმა საქმიანი ხმა. ამ სიტყვებმა დეტექტივზე იმდენად მაგიურად იმოქმედა, რომ სრულიად გამოაფხიზლა. მან ელვის სისწრაფით ჩაიცვა ტანზე, იმაზე სწრაფადაც კი, ვიდრე ჯარში სერჟანტი ითხოვდა. ფანჯარაში ნათლად ხედავდა ლურჯ-წითელი სინათლის ციმციმს და გამალებით ფიქრობდა, თუ ვინ იქნებოდა მოკლული ან რა მოხდა ამჯერად. მოკლედ, ერთი სული ჰქონდა, ადგილზე მისულიყო. კიბეები საოცარი სისწრაფით ჩაირბინა და ორიოდე წუთში უკვე შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა, სადაც უკვე შემოეღობათ და ექსპერტები იწყებდნენ მუშაობას. უცებ იქაურობას ერთი პოლიციელი გამოეყო და სწრაფი ნაბიჯით მივიდა ახალმისულთან: – დეტექტივო, მოხვედით? – აშკარად კარგი მხედველობა გაქვს, – უპასუხა დეტექტივმა და უნებლიეთ ორივეს გაეღიმა ამ უადგილო ხუმრობაზე. – რა მოხდა, დავით, ვინ მოკლეს? – უცებვე მიიღო საქმიანი ხმა დეტექტივმა და პოლიციელს მომლოდინე გამომეტყველებით შეხედა. – ჯერ არაფერი ვიცით, სავარაუდოდ, 2 საათის მოკლულია. მეეზოვემ იპოვა და შეგვატყობინა. – სხაპასხუპით მოახსენა დავითმა. – კი, მაგრამ, ასე უცებ სად გადაიტანეთ ცხედარი? – გაოცება ვერ დამალა დეტექტივმა. – არსად, უბრალოდ, იქ არ ეძებთ, სადაც საჭიროა. – მიუგო პოლიციელმა და დეტექტივი ზემოთ აახედა, სადაც დაახლოებით, 4 მეტრის სიმაღლეზე შუახნის მამაკაცი შუბისებური რკინით იყო მიჭედებული კედელზე. მკვლელობის მეტი რა ჰქონდა დეტექტივს ნანახი, მაგრამ ეს მართლაც მოულოდნელი იყო, რადგან მის თვალწინ სრულიად წარმოუდგენელი სცენა გადაიშალა. თითქოს დროც გაჩერდა და სწორედ აქ დაიწყო დეტექტივის თანდაყოლილი, საოცარი ნიჭის მოქმედება – ეს მხოლოდ მას შეეძლო. მისმა თვალებმა 15 მეტრის რადიუსში ყველაფერი მომენტალურად დააფიქსირეს, მისთვის აღარ არსებობდა დრო და სივრცე და იშვიათი ნიჭის წყალობით, დეტექტივმა ნათლად დაინახა მკვლელობის სცენის ყველა დეტალი. შემდეგ კი იქ მყოფებს მტკიცედ შესძახა: – არავინ გაინძრეთ, ყველანი ადგილზე დარჩით! ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა, ამიტომ ერთმა ექსპერტმა ცნობისმოყვარედ იკითხა: – რა ხდება, დეტექტივო? ამის პასუხად დეტექტივმა თავი ასწია და მრავალმნიშვნელოვნად თქვა: – ის ხდება, რომ ზონა, რომელიც თქვენ შემოღობეთ, გაცილებით მცირეა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ვინაიდან მსხვერპლი აი, იქიდან არის გამოტყორცნილი და შემდეგ არის მიჭედებული მაგ კედელზე. – შემდეგ კი თითით 4 მეტრით დაშორებულ მანძილზე მიუთითა და დაამატა: – ასე რომ, სანამ ნივთმტკიცებებს გააფუჭებდეთ, შემოსაღობი ზონა გაზარდეთ და ისე შეუდექით საქმეს! ერთი შეხედვით, დეტექტივის ნათქვამი აბსურდს უფრო ჰგავდა, ვიდრე სინამდვილეს, მაგრამ მის პროფესიონალიზმში ყველა იმდენად იყო დარწმუნებული, ეჭვის შეტანა ვერავინ გაბედა და უსიტყვოდ დამორჩილება არჩიეს. დრო გადიოდა... დეტექტივმა ერთხელაც გახედა მკვლელობის ადგილს და მესამე თვალიც გაეხსნა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაინახა საზარელი მკვლელობის დეტალები. მან მკაფიოდ დააფიქსირა საკმაოდ მაღალი და ღონიერი მამაკაცი, რომელსაც სულწასული მსხვერპლი ხელში კისრით ჰყავდა ჩაბღუჯული, შემდეგ ის მთელი ძალით გამოისროლა ოთხი მეტრიდან და შუბიც თან მიაყოლა, რითიც კედელზე მიაჭედა. მსხვერპლი, დაახლოებით 170 სანტიმეტრის სიმაღლის, სუსტი აღნაგობის, შუახნის მამაკაცი იყო. მისი წონა 55-60 კილოგრამი თუ იქნებოდა და ისე გამოიყურებოდა, შესაძლოა, ნარკომანიც ყოფილიყო. მიუხედავად მისი მცირე წონისა, მაინც შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, ჩვეულებრივ ადამიანს ამხელა მანძილიდან მისი კედელზე "მიჭედება" შეძლებოდა. აქ მსოფლიო რეკორდთან უფრო გვქონდა საქმე, რადგან ასეთი ძალის მქონე ადამიანი რეალურად არ უნდა არსებულიყო. – რაზე ფიქრობთ, დეტექტივო? – ფიქრიდან დავითმა გამოარკვია, რომელიც ცნობისმოყვარე თვალებით შესცქეროდა დეტექტივს. – იმაზე, ჩემო დავით, რომ ძალიან იშვიათ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. უფრო მეტიც, მე ვიტყოდი, არარეალურთან. ამიტომაც, ამ საქმეს ჩემ მეტი, მგონი, ვერავინ გახსნის. – მიუგო დეტექტივმა დაფიქრებით. – ეგ შევამჩნიე. ისეთი გამოხედვა გაქვთ, თითქოს, ეს მკვლელობა ადამიანის ჩადენილი არ უნდა იყოს. – დაეჭვებით უპასუხა დავითმა.