სდექ, კირა, სდექ!
ღვთაებრივი ამბების გარდა, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ყველაფერს აქვს ათვლის წერტილი.
ამ ამბის ათვლის წერტილი გიორგი პირველია - გრძელცხვირა, წითელქუდას მგელივით დიდხელება და დიდფეხება ვინმე, სიტყვაძუნწი და მოუჟმურო, რაღაცნაირი, მუდმივი ფეხებზემკიდიაობის ციხესიმაგრეში გამაგრებული და, შესაბამისად, ერთფეროვანი. ასეთი იყო ის - ჩვენი მთარგმნელობითი ოფისის ახალი თანამშრომელი, პირადად ჩემთვის ფრიად არასასურველი შემომატება ჩემს პატარა ოთახში, სადაც მის გამოჩენამდე მე ვიყავი იმ სრულიად ცხრა კვადრატული მეტრის ერთპიროვნული მფლობელი.
ასე იყო თუ ისე, ერთ დილას ჩემი სამფლობელოს კარი გაიღო და ჩვენმა HR-მა ნათიამ მამცნო:
- კირა, მიიღე ახალი თანამშრომელი.
მერე მას მიმართა:
- გიორგი, ეს იქნება თქვენი სამუშაო ადგილი. მაგიდას, სავარძელს და კომპიუტერს ახლავე შემოიტანენ.
და გასვლისას დასკვნითი მზერით მიმანიშნა, რომ უკვე მისკენ იყო და არა - ჩემკენ.
მარტო რომ დავრჩით, ამან, ახალმა, უხერხულად ჩაახველა, ნიჩაბივით დიდი მარჯვენა გამომიწოდა და მეუბნება:
- გიორგი პირველი.
ჰაჰ! მე, რასაკვირველია, ვიცი, რომ არსებობს გვარი პირველი, მაგრამ თავს ვიკატუნებ, ვითომ არ ვიცი, და სარკასტული მზერით ვუწვდი ხელს:
- კირა გორგასალი.
- სასიამოვნოა, - მეუბნება. ერთით ნულს მიგებს, რა თქმა უნდა.
რამდენიმე წუთში მაგიდა, სავარძელი და კომპიუტერი შემოაქვთ და გიორგი პირველის აწოწილი ფიგურა ჩემი პერსონალური სივრცის მინდორ-ველებს, ზღვებს და ჰორიზონტებს სანახევროდ ოკუპირებულჰყოფს. შესაბამისად, მტრული გრძნობებით მამღვრევს.
მორჩა. ჩვენ პირისპირ ვსხედვართ, შუაში ფანჯარაა, ფანჯრის იქით - ფოთლებშეყვითლებული ჭადარი. და ყველაფერი ეს ორზე გაიყო, ვეღარაფერს გავაწყობდი.
თუმცა დღის ბოლოს მცირე ნუგეში გამოიკვეთა: ამ ტიპმა ჩემი ტერიტორია კი წაიღო, მაგრამ თავისუფლების შეზღუდვას აშკარად არ აპირებდა. აზრადაც არ მოსვლია საუბრის წამოწყება, მით უფრო - გამოკითხვები უფროსობის, თანამშრომლების, ხელფასის, ოფისში დაკანონებული სიტუაციის საიდუმლო ორიენტირების თაობაზე, რაც ასიდან ოთხმოცდაათ ახალ თანამშრომელს მაინც სჩვევია ან პირდაპირი, ან შემოვლითი გზებით. არც ჩემით დაინტერესებულა. დღის განმავლობაში კომპიუტერებს ზემოდან ჩვენი მზერა მხოლოდ ორჯერ შეხვდა ერთმანეთს. სიმართლე რომ ითქვას, მე ბევრჯერ გავიხედე მისკენ, უფრო სწორად, დაჟინებითაც კი ვუცქერდი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმის გასაგებად, ის თუ მიყურებდა.
არა. ის არ მიყურებდა. ეს დიდი თავისუფლება იყო.
იმას არ ვგულისხმობ, რომ კალმით ნახატი მზეთუნახავი ვარ და კაცმა აუცილებლად უნდა მჭამოს თვალებით. არა. უბრალო მამაკაცურ ცნობისმოყვარეობას ვგულისხმობ, მომაბეზრებელ, თავისუფლების შემზღუდავ, დაზვერვით მზერას, რომლითაც საკუთარ მამაკაცურ თვითშეფასებას თითქოს რაღაც სავალდებულო ხარკს უხდიან ხოლმე.
დღის ბოლოს, მას მერე, რაც გიორგი პირველმა, როგორც ასეთმა, შესვენებაზე ყავის ერთად დალევაც კი არ შემომთავაზა, საბოლოოდ მოვდუნდი და მტრულმა გრძნობებმაც განელება იწყო. ფაქტობრივად, ისევ მარტო ვიყავი.
სამუშაო დღის ბოლოს არ ყოფილა არავითარი „შენ საით“ და „გაჩერებამდე ერთად მივიდეთ“. ქურთუკი მოიცვა, ხვალამდეო, და წავიდა თავისი გზით.
მოკლედ, თუ ოთახში მაინცადამაინც ვინმეს ჩემი მზე და მთვარე უნდა დაეჩრდილა და ჩემი ჰაერი ესუნთქა, ეს ბიჭი საუკეთესო ვარიანტი იყო.
* * *
გავიდა ერთი კვირა. ამ ერთ კვირაში ჩვენ მხოლოდ ერთხელ დავლიეთ ყავა ერთად. ოთახში ძირითადად სიჩუმე იყო. ვთარგმნიდით სერიალებს - მე იტალიურიდან, ის - თურქულიდან, ვაკაკუნებდით კლავიატურაზე და ერთმანეთით აშკარად კმაყოფილები ვიყავით.
მე შემეძლო, ძველებურად მშვიდად გამეშტერებინა მზერა ფანჯრის წინ მოშრიალე ჭადრისთვის და მეფიქრა ჩემს გაუგებარ სიყვარულზე თუ რაღაც მოსიყვარულოზე და, სავარაუდოდ, მასაც შეეძლო, თავისუფლად ჩაარხეინებულიყო თავის ჩვეულ მდგომარეობაში.
დღეში ერთჯერ ან ორჯერ ჩემი „მეორე ნახევარი“ სპორტულ საინფორმაციო ვებგვერდს ეწვეოდა ხოლმე და მხოლოდ ამ დროს კარგავდა კონტროლს საკუთარ თავზე. ჩემს ყურთასმენას სწვდებოდა ხოლმე მისი კბილებში გამოცრილი ემოციები:
- ფუ, შენი! ნაბიჭვარი ეს! ჯიგარი ხარ! საღოლ, ძმებო! სირო შენ!
უფრო ხშირად კი მას ყურსასმენები ეკეთა, მუსიკას უსმენდა და ისე მუშაობდა.
იმ დილით კოკისპირულად წვიმდა. ფანჯრის მინებზე ნიაღვრებად ჩამოდიოდა წვიმის წყალი და მეჩვენებოდა, რომ ეს მე ვტირი და ჩემი ცრემლი მოედინება ნაკადულებად. გული მტკივნეულად მეწურებოდა სრულიად არავისთვის გამხელილი, მხოლოდ ჩემს გულში, რაღაცნაირად, ამპარტავნულად შენახული გრძნობისგან, რომლისთვისაც სახელი ვერ დამერქვა და რომელიც შავი ფულივით საჭიროებდა გათეთრებას, ვინმესთვის გაზიარებას, დღის სინათლეზე გატანას, რომ, უბრალოდ, უკეთ გავრკვეულიყავი ყველაფერში. ეს სახელვერდარქმეული გრძნობა მხოლოდ ჩემს ამარა იყო და უკვე ძალიან დამღალა მისმა ზიდვამ. ვიღაცის დახმარება მჭირდებოდა.
ვიჯექი, წვიმას გავცქეროდი და ვფიქრობდი ერთ წარმატებულ, სახელმოხვეჭილ კაცზე, რომელიც ახლა, სავარაუდოდ, მშვიდად მიირთმევდა დილის ფინჯან ყავას, ფიქრობდა საქმიან, წინასაარჩევნებო პოლიტიკურ ფიქრებს და წარმოდგენაც