ლამზირა
ნეტავ იცოდეთ, რა ძალიან უნდოდა ლამზირას გათხოვება! სულ უნდოდა და თანაც, სულ სხვადასხვანაირად.
თვრამეტი-ოცი წლისას ოცნებებში მზეჭაბუკი ელანდებოდა, ძალიან რომ წააგავდა გაღმაუბნელ ოქრუაშვილს. აი, სამნი ძმანი რომ არიან, შუათანას.
ჩააშტერდებოდა ხოლმე ეს ჩვენი ლურჯთვალა ლამზირა სარკეს გამწარებით და სწუნობდა თავს. რაღას არ გამოედევნებოდა!
- „აბა ეს ცხვირია? აი, აქედან რო ცოტა ასე მოდიოდეს, კიდევ ჰო... ან აი, ასე მაინცა. აესეთცხვირიანი ვის გინდა თვალში მოუხვიდე. იმასაა? ემ ჭორფლებს რაღა ეშველება! რამოდენა ჭორფლია! ძაან უნდა ეხლა იმას ჭორფლიანები!
აგე, ფირუზას გოგო, მადონა. ჯერ სახელი ნახე! მადონა... აბა, ლამზირაა დასარქმევი? ვერ გაიხედ-გამოიხედეს აქეთ-იქითა?! ვიღასა ჰქვია ლამზირა, სუყველას რაღაცა მოეხერხება - თაკოო, თიკოო, ლამზირასა რა?! ლამზო?
ნწ! გავსუქდი. ძროხასავითა ვარ...
აბა, მადონას ააქ ტანი! იცვამს კიდეცა. ჯინსის სარაფანაც იყიდა ეხლა. ჯინსის სარაფანა რო მომცა... რა ღირს ნეტა?“
შემოდგომა დადგა და მზეჭაბუკმა, გაღმელ ოქრუაშვილს რომ ჰგავდა, ერთი ჩასუქებული, უყელკისერო, მოკლემკლავება გოგო შეირთო. ლამზირამაც მზეჭაბუკებზე გული აიცრუა. თავი მაღლა ასწია. უფრო შორს გაიხედ-გამოიხედა. სარკეში ორეულსაც სხვა თვალით დააკვირდა. მოეწონა. კუნაპეტ თმაში ცისფერი ღიღილო ჩაიბნია. ღიღილოს სიცისფრემ თვალებზე გადაჰკრა.
ერთხელაც, იმ სათაყვანებელმა მადონამ უთხრა:
- გოგო, რა ლურჯი თვალები გაქვს, შე ოხერო, ნეტა ეგეთი მომცა! შავ თმაზე, იცი, რა უცხოა?
უცხოა და უცხო იყოს! ლამზირამაც მიბნიდა ის ლურჯი თვალები და შიგ ჩაძირა თავისი ლამაზი ოცნება-საიდუმლონი.
გათხოვება უნდოდა. ოღონდ, ახლა სულ სხვანაირად. ოცდახუთი წლისას საკუთარი თავი მიჯნურივით ხიბლავდა. თავის ოთახში ჩაკეტილს სარკის წინ გაშიშვლება და ორეულის თვალიერება ათრობდა. არავისთვის, არავისთვის ემეტებოდა ეს სილამაზე და სისუფთავე. ვინ? ვინ უნდა იყოს ამ ხორბლისფერი ათინათების, ამ გლუვი ბზინვარების, ამ საიდუმლო შუქ-ჩრდილების ღირსი, ვინ? ვინ ამოიცნობს ამ ლურჯ თვალებში ჩაძირულ ოცნებებს?
ჯინსის სარაფნები და ეგეთები აღარ ადარდებდა. მთელი მსოფლიოს ჯინსის სარაფნებსა და სხვა რამ ეგეთებს ლამზირას ახლა მის ფეხქვეშ გაფენილ მწვანე მოლზე მოტორტმანე საკუთარი ჩრდილი ერჩივნა.
თაყვანისმცემლების მაცდური, ბრჭყვიალა აბლაბუდა მუდამ თან სდევდა. გათხოვება უნდოდა კიდეც, ძალიანაც უნდოდა, მაგრამ ვინ? აბა, ვინ?
სიმამრის ნაჩუქარ „იკარუსზე“ მჯდომი, რეისში მიმავალი ან რეისიდან მომავალი მზეჭაბუკ-ოქრუაშვილის დანახვაზე დედოფლურად იღიმოდა.
ესა? ეს არონინა ოცნებების ბრჭყვიალა ყინულებზე? ეს შემოსვა ფრთიან რაშზე? ამას უნდა მოერთმია ოქრო-ვაშლი და უკვდავების წყაროს წყალი? გაქრა მაგისი თავი! „იკარუსზე“ ჯდომაც ეყოფა და მარგარინ-ტომატების ზიდვა იმ თავისი მურთხისთვის. კინაღამ სახელი არ შეიცვალა?! ლამზირა, ძალიანაც კარგი, თუ არავის ჰქვია.
მოკლედ, თავი შეიყვარა. სხვა - ვეღარავინ. ოცდაათს რომ გადაშორდა, გათხოვება სულ სხვანაირად მოუნდა, უფრო მწიფე, უფრო მსუყე, უფრო ველური სურვილით. მისი ოცნების მამაკაცი ციური ნისლებიდან ძირს დაეშვა და მუხლმაგრად დადგა მიწაზე. ახლა ლამზირას განიერი მხარ-ბეჭისკენ, მაგარი კისრისკენ, ღონიერი ბარძაყებისკენ, ბანჯგვლიანი მკერდისა და მკლავებისკენ გაურბოდა თვალი. მისი დედოფლური სიმშვიდე ვნებიანმა ფორიაქმა შეცვალა. საკუთარი თავით ტკბობა სიამოვნებას აღარ ჰგვრიდა. უნდოდა, სხვა დამტკბარიყო და დამთვრალიყო მისით.
ლამაზი, ველური ცხოველივით დააბიჯებდა და მამაკაცის სურნელს ხარბად ეძებდა ჰაერში, უწინ იების და ყოჩივარდების უბიწო არომატით რომ აბრუებდა.
გასაკვირია და, იმ მუტრუკს, იმ ხვადს იმას, იმ ოქრუაშვილსაც კი რაღაც ახლებურად შეხედა.
საჭეს ჩაფრენილი მზით გარუჯული მკლავები რაღაც იდუმალ, მიწიერ ძალაზე მიანიშნებდა.
მთვრალივით დადიოდა.
გათხოვება უნდოდა, უნდოდა ცოლქმრული მსუყე, ღონიერი და ვნებიანი ცხოვრება. ორსულობა. შვილიანობა. ქმრის ოფლიანი პერანგების რეცხვა. ტრიალი, ბზრიალი და მხურვალე, უძილო ღამეები.
ჰო, მაგრამ თაყვანისმცემელთა ის ბრჭყვიალა აბლაბუდა შეთხელდა და გაუფერულდა. ისეთი არავინ ჩანდა, რომ ლამზირას მის ქსელში გაბმა მოსურვებოდა. ტუჩაბზუებით, ჰოჰო, რა მწარედ იტყოდა ხოლმე:
- მაგას გავყვები?! ეგეც თუ კაცია, დედაჩემო! ვერ ნახე, ჩაის როგორა სვამდა? ნეკაგაბზეკილი.
ან:
- თხასავით რო იკიკინებს, კაცია ეგა?!
ან:
- რა კაცი ეგაა - არცა სვამს, არც ეწევა, ლაპარაკში ფერიფური მისდის...
კარგად იცოდა, რაც უნდოდა.
ეეეჰ, ხალხს რა გამოეპარება!
მთელი მისი არსება ნდომას და ვნებას ისე ძალუმად ასხივებდა, რომ რაღაც ფარულმა საფრთხემ მამაკაცებს მისი ხელის თხოვნის ხალისი თანდათან დაუკარგა. ახლა სულ სხვანაირები წამოიწყეს:
- ლამზირ, იქით კვირა რესტორანში უნდა დაგპატიჟო! უარი არ მითხრა, ოქრო!..
- ლამზირა, შენ ერთი „ჰო“ სთქვი და ეს ქვეყანა ფეხქვეშ უნდა გაგიფინო! ხელისგულზე უნდა გატარო, ჩიტის რძეში უნდა გაბანაო! ერთი „ჰო“ სთქვი, ლამაზო!
- ლამზირ! საით მიდიხარ, დაჯე, მიგიყვან