მე ადამიანები მძულს. დედამ მითხრა, გძულდესო და მძულს.ადამიანები კარგები არ არიან. ისინი არაფერს აფასებენ. როცა დედას მე და ჩემი სამი და-ძმა გავუჩნდით, წამოვიზარდეთ, ჭამა დავიწყეთ და ბანცალით სიარულიც შევძელით, დედას პატრონმა განავლისფერ მუყაოს ყუთში ჩაგვსვა და დედასთან ერთად სანაგვე ურნასთან დაგვტოვა. ამის მერე დედამ ჩვენთვის ახალი სახლის ძებნა დაიწყო. ხშირად ვიცვლიდით საცხოვრებელს, ხან სანაგვეზე ვცხოვრობდით, ხან ბუჩქის ძირას, ხან - ვინ იცის სად. დედა ყოველთვის ფუმფულა იყო, მაგრამ იმ სახლიდან წამოსვლის შემდეგ, საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლის და ქუჩა-ქუჩა ხეტიალის, ჩვენთვის საჭმლის მოძიების მცდელობის გამო - საგრძნობლად გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რძე საბოლოოდ გაუშრა და ჩვენი კვება სხვა საჭმლით მოუხდა.დედა ამბობდა, რომ გაგვიმართლა. როდესაც დედა ჩვენხელა იყო, ბებიაჩვენის პატრონმა დედა და თავისი და-ძმა პარკში ჩააწყო და ნაგვის ყუთში ჩაყარა. მაშინ მოუკვდა დედას ერთი ძმა, იმ ცელოფანში სუნთქვა ვერ შეძლო და გაიგუდა. უცნობ მენაგვეს რომ არ გაეთავისუფლებინა, დედა და დანარჩენებიც დაიხოცებოდნენ.„გაგვიმართლა, რომ ისეთი უგულო პატრონი არ მყავდა, როგორც დედაჩემსო“. ამბობდა დედა. დედას პატრონმა უდედოდ არ დაგვტოვა, ბებიაჩემის პატრონისაგან განსხვავებით, რომელმაც სასიკვდილოდ გაწირა ოთხი ჭრელი კნუტი. დედაჩემი ძალიან ჭრელი იყო, შავ-თეთრი ულამაზესი ლაქები და ყავისფერი თვალები ჰქონდა. ჩემი ძმებიც მას ჰგავდნენ. მე და ჩემი და კი – ალბათ, მამას. ჩემი და „რიჟა“ იყო. მე კი სულ შავი ვარ. თვალები მწვანე მაქვს. დედაჩემისგან რაც გამომყვა, მხოლოდ ერთი პატარა თეთრი ლაქაა წინა, მარჯვენა თათზე.