როგორ გავხდი კომპოზიტორი კი არა, ოხრახუშით გადაბანტული ეპიზოდები როგორ და... ასეთი გავჩნდი. რაც თავი მახსოვს, ბგერებთან ერთად ვთხზავ ყველაფერს, რის გამოგონებაც მსურს.
ახლა ზაფხულია და თითქმის ყოველ დილა-საღამოს ბოსტანს ვმარგლავ. სარეველა მთელი შემართებით ცდილობს, რომ ნამდვილ მწვანილს დაემსგავსოს. ხანდახან ისე იქცევა, რომ შეიძლება მწვანილის სუნიც კი გაგრძნობინოს. ზუსტად მიუსვამს თავისი ფესვი ოხრახუშის ფესვთან. ოხ, რა ხუშია და დიდი ამბით ეგებება იმავე წყლის ჭავლს, რასაც ოხრახუშისკენ ვუშვებ. ეს რაღა სალაპარაკოა, წყალიც ყველასთვისაა, მზეც და თოვლიც, უბრალოდ ადამიანს სადილის მოსამზადებლად ოხრახუში გჭირდება.
თუ კატა ხარ, მაშინ კოინდარი მისწრებაა გადაყლაპული ბეწვების ამოსაყრელად. ესაა სახელწოდება და სათაური, ადგილი სივრცეში, დანიშნულება და გამოყენების სფეროები.
როდესაც წერ, რომ სხვას წააკითხო, ეს უკვე გავალდებულებს ისე წერო, რომ გააგებინო იმ სხვას, ადამიანს, რა გინდა და რატომ წერ. მეც დავიწყე ამაზე ფიქრი და გამახსენდა ერთი საღამო, როდესაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ერთ მწერალთან შეხვედრას აწყობდა. მე გამხმოვანებლის სტატუსით ვიყავი მისული. გავმართე მიკროფონი, საკომუნიკაციო კაბელები კიდეებთან კომფორტულად მივაწყვე,
ჩავრთე მუსიკა და დავჯექი... ჩემი აიფონით დავიწყე ფსიქოლოგიური ტესტების ძებნა და იმის რკვევა, როგორი ვარ, რომელი ფერი დავინახე პირველად ნახატზე და... ესე იგი ვინ ვყოფილვარ.
ახლა კალმით ვწერ, საერთოდ გადავეჩვიე ასე წერას. ტყეში ვზივარ და ისეთი სიჩუმეა, იმ "დოპლერის" ავტორსაც კი გაუკვირდებოდა.
მკითხველი და მწერალი კითხვა-პასუხის ეპიზოდზე გადავიდნენ. მეც ჩავერთე, მიუხედავად იმისა, რომ ამ მწერლის არაფერი მქონდა წაკითხული, და ვკითხე: ნაწარმოების წერისას წინასწარ თუ გაქვთ მოფიქრებული ფორმა, როგორ გააგრძელებთ ან როგორ დაასრულებთ წიგნს მეთქი. ინგლისურენოვანი მწერალი არ გახლდათ და ამიტომ ორიგინალიდან ამბის მიმტან-მომტანი მთარგმნელი იყო. მთარგმნელმა კი გადაუთარგმნა, მაგრამ შეფასება, რაც მწერალს სახეზე ეწერა, ზუსტად ვერ დავამთხვიე ჩემი შეკითხვის არსს. პასუხი კი ასეთი დამიბრუნდა მთარგმნელის გავლით ამ იშვიათი ენიდან: ვწერ და მსიამოვნებს ეს პროცესი, მხოლოდ ამით ვტკბებიო. მისი ქვეყნის მწერლები ერთხელ შეკრებილან, დამსხდარან და გადაუწყვეტიათ, რაზე არ ეწერათ, რომ მათი ნაწერი არ დამსგავსებოდა იმ ტრაფარეტული ბესტსელერების რიგს – უამრავ სიუჟეტს მკვლელობებზე, სიყვარულზე, ტერორიზმზე...
ახლა ყავა დავატკბო თუ დაუტკბობლად ვიგლიჯო, ვფიქრობ.
უფალო, შეგვიწყალენ. უფალო, შეგვიწყალენ. უფალო, შეგვიწყალენ.
ახლა ვთხზავ სწორედ ამ ნაწარმოებს შერეული გუნდისათვის. მინდა გამოვხატო ბევრი ადამიანის ერთდროულობა (თანაზიარობა) ლოცვისას. მომავალში რამდენიმე ენაზე გადავთარგმნი. აღმოვაჩინე, რომ – "უფალო, შეგვიწყალენ", "Kyrie eleison", "Lord have mercy upon us", "Moran ethraham ahlin", "Господи, помилуй" – ყველა თარგმანი შვიდმარცვლიანია, ისე რომ მათი ბგერებთან მისადაგება იოლი იქნება.