1 არა და არ აეწყო ის დღე. დილიდან რეკავდა ტელეფონი. დილიდან მისკდებოდა თავი. თან მეძინა, თან თავი მისკდებოდა. თანაც ეს ტელეფონი...
გაჩე რა, ვერა ხედავ, სახლში არა ვარ. არა, რა გააჩერებდა. წაიღო ტვინი. აუუუ... თვალდახუჭულმა მოვძებნე ყურმილი.
– რომელი ხარ? – ჩავიბურდღუნესავით.
ვინ იქნება – მაკაა.
– რას შვრები, საყვარელო?
უხ, შენი... საყვარელო არა, ფეხი.
– ვკვდები.
– ნატასთან ვართ, გამოხვალ?
– მაკა, ვკვდები-მეთქი.
– სად გასკდი?
შემჭამს ეხლა თავისი იდიოტური კითხვებით: სად გასკდი? კიდევ ვინ იყო? ვერ გამომიარე? წადი, რა, დაჯექი შენს ნაბოზარ დაქალებში, დალიე ყავა, მოქაჩე სიგარეტი, ილაპარაკე ემანსიპაციაზე და ყოფილ ქმრებზე. დაჯე, რა! თუ მომინდა, დაგირეკავ.
ჩემს ძმაკაცებში ვსვამ, ან „გინესში“ ვზივარ, ან – „ჰეინეკენში~. არაა იქ შენი ადგილი, რა ვერ გაიგე?! დაეტიე სახლში და დამასვენე კვირაში ხუთჯერ...
– სად გასკდი-მეთქი?
– მე და ნიკამ დავლიეთ, აქ, ჩემთან.
ეხლა სიჩუმე. ხმას არ იღებს. და, მე უნდა მივხვდე საკუთარ შეცდომას და ვაღიარო, რომ მივქარე, როცა მაკას არ დავურეკე. აბა, ბიჭო, სულ მაგ ჭკუაზე ვარ. დაურეკავ, მოვა და დაიწყებს – აბა, ესე სმა როგორ შეიძლება, მოიცა, ჯერ სუფრა გადავაფაროთო; პური დავჭრათ, ნუ იძიძგნებითო; რომელიმე ჩემს დაქალს ხომ არ დავურეკო და მოვიყვანოო.
მერე ნიკა რომ წასვლას დააპირებს – მოიცა, ვიყოთ კიდევო, და ბოლოს: ნიკა, შენ წადი, მე კოტესთან დავრჩებიო...
ჰა, ამოიღე რა ხმა.
– რას იზამ, გამოხვალ?
– რა ხდება, რო? – ვკითხე და იმ წუთში მივხვდი, აუცილებლად გავიდოდი.
რაღაცნაირად მომინდა – გოგოები, ყავა, მუსიკა დაბალ ხმაზე. ნატას ცოტა არაყიც ექნებოდა ბაბუამისისდროინდელ დიდ კარადაში.
ეს ნატა ვინღაა, ვერ გავიგე. ისეთია, ჯიგარი გოგოაო, რომ იტყვიან, თუმცა რა ჯიგარი, საქმრო წაართვა თავის სოფლელ ნათესავს და თბილისში ჩამოათრია ჩოხატაურელი ავთო. ავთოსაც მეტი რა უნდოდა, ხოშიანად იყო. დილით ლოგინში ყავა, საღამოს ნატას დაქალების კომპანიაში სოფლის ამბების მოყოლა დასავლურ დიალექტზე – „იგია, რომე...~ „წევიდა-მევიდა“ – და ხალისობდა ნატას ნაჩათლახარი დაქალობა. მე რო ვნახე, თავიდან არა უშავდა, ვიფიქრე, ნატასთვის ეგეც მეტია-მეთქი, მაგრამ მეორე დღესვე გაიყიდა. სუფრასთან ვისხედით, ვსვამდით და ავთომ, ავთანდილამ, ჯიგარმა რა, გააძრო ჯიბიდან სავარცხელი და გადაისვა თმებზე.
მეთქი, ფუ, შენი. თურმე სადა ბანაობ, მთავარი წინაა. ისვა სავარცხელი, ისვა და მერე ტუჩებთან მიიტანა, სული შეუბერა – გაწმინდა თავისი ჭკუით – და მთელი თავისი ქერტლი-მერტლი საცივში არ მოგვითავსა?! ხოდა, მაშინ არაფერი მითქვამს, მაგრამ ორი კვირის მერე „ძმაოო“ და, მეთქი, ვინაა შენი ძმა, დაახვიე-მეთქი აქედან. კიდევ ორი კვირა და ნატამაც დაახვევინა. ვერ უშვებოდა ალბათ კარგად თუ როგორაა, რა ვიცი...
– მოდი, მოდი, შამპანურს დაგალევინებთ, – უკვე მიხვდა, რომ გადაწყვეტილი მქონდა მისვლა.
– მოვალ, ჰო.
– მანქანით არ წამოხვიდე. გააქვს ტაქსის ფული?
ტაქსის ფულიც მქონდა და ცოტა უფრო მეტიც. ძლივს ავდექი და ძლივს გავიტანე სამზარეულოში დამძიმებული ტანი.
გაზი ავანთე და წყალი დავდგი. ჩაიდანს ნახევრამდე ვავსებ ხოლმე. გავაცხელებ, ცივ წყალს ჩავუმატებ და ეგრე ვიბან ხოლმე პირს. უცებ ახალმა იდეამ გამიელვა. ვა, მერე გამოვდივარ აბაზანიდან და თავიდან ვადგამ წყალს ყავისთვის. ავდექი და დაველოდე წყლის ადუღებას. მოვიმზადე ყავა და მერე დავიბანე პირი.
აი, წლები დასჭირდა სულ უბრალო მიგნებას...
ისევ დარეკა ტელეფონმა. ეს ვინღაა?
– ალო.
– როგორა ხარ?
– ვა, ირინ, – ჩემი დაა და მიხარია.
ვილაპარაკეთ ხუთი წუთი.
– შემომიარე საღამოს, საჭმელს გაგატან.
– ვნახოთ, – მოვიტყუე – რა თქმა უნდა, არ შევივლიდი – და დავკიდე.
დავკიდე და, ისევ გაისმა ზარი.
რა ხდება? მბომბავენ?
– გისმენთ?
– ბატონი კოტე მინდოდა.
ეე, ან მაშაყირებს ვინმე, ან დაიწყო ბელლაია გარიაჩკა.
– მე ვარ, – ვუპასუხე გაუბედავი და დაეჭვებული ხმით – რა იცი, იქნება სხვაგან მოხვდა ქალბატონი.
– ბატონო კოტე, მე პიონერთა სასახლის შემოქმედებითი წრის ხელმძღვანელი, ლამარა ღურცკაია ვარ.
ავოიე... თვალწინ დამიდგა თეთრპერანგიანი და წითელ-ყელსახვევიანი პიონერების პატარა ჯგუფი...
– დიახ.
– ჩვენს მოსწავლეებს თქვენთან შეხვედრა სურთ...
მესიამოვნა. მე ვიყო უსინდისო, მესიამოვნა...
– გისმენთ, ქალბატონო.
– იცით, ერთმა საკონფერენციო თემაც დაწერა თქვენს ლექსებზე. როდის შეიძლება მოგიწვიოთ?
– რა ვიცი, როცა გინდათ, – დავსერიოზულდი.
მერე დაინტერესდა, უკანასკნელი ორი წლის ლექსები არ გვინახავს და სად შეიძლება