კოლია
„ნიკოლაი სუბოტინი ხუთ აგვისტოს გავიცანი შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთ საკურორტო დასახლებაში. ვიცნობდი ორი დღე. შვიდ აგვისტოს, შუადღის თორმეტ საათზე, კოლიამ თავი მოიკლა. თორმეტსართულიანი სასტუმროს სახურავიდან გადმოხტა და მკლავებგაშლილი, შუბლითა და მკერდით დაენარცხა მარმარილოს ქვით მოპირკეთებულ კიბეს, რომელიც სასტუმროს პირველი სართულიდან ეზოში გამოდიოდა და რესტორნის მეორე სართულს უკავშირდებოდა. კიბეს, რომელზეც კოლია გავიცანი ორი დღით ადრე და რომელზეც კოლიამ სვეტა გამაცნო წინა საღამოს. როგორც თვითმხილველებმა თქვეს, კოლია სახურავზე იდგა რამდენიმე წუთი და არავითარი ყურადღება არ მიუქცევია სასტუმროს ეზოში შეკრებილი ხალხის შეძახილებისთვის. მერე ერთი დაიყვირა „ვსიო“
და წყალში მხტომელივით წამოვიდა. მოფრინავდა და რაღაცას გაიძახოდაო...“
ეს ჩანაწერი ჩემს უჯრაში ინახებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. არც ის მახსოვს, რატომ დავიწყე კოლიაზე წერა და არც ის - როდის ჩავწერე. ვერც იმას ვიხსენებ, ვაპირებდი თუ არა როდესმე ამ ჩანაწერის გაგრძელებას და, ალბათ, არც არასოდეს მივუბრუნდებოდი, რამდენიმე დღის წინ მურმანსკიდან წერილი რომ არ მიმეღო...
ხუთ აგვისტოს ჩავედი ზღვისპირეთის ერთ-ერთ ქალაქში. რკინიგზის სადგურთან დავიჭირე მანქანა და საკურორტო დაბისკენ გავეშურე. მძღოლმა შვიდი მანეთი მომთხოვა და შემომთავაზა, თუ დაამრგვალებ და თუმანს მომცემ, ჩანთასაც აგატანინებ ნომრამდეო. მე რვა მანეთი მივეცი და ჩანთა თვითონ ავიტანე. ნომერი თბილისიდან მქონდა დაჯავშნული, თუმცა პატარა წინააღმდეგობას მაინც გადავაწყდი: სასტუმროს ადმინისტრატორმა ქალმა ერთადგილიანი ნომერი მიბოძა. რაც შემეძლო ზრდილობიანად გავუღიმე და ვუთხარი:
- ხვალ დილით ჩემი მეგობარი ჩამოდის მოსკოვიდან. დავთარში ხომ გარკვევით გიწერიათ ჩემი გვარის გასწვრივ - ორადგილიანი.
- ყველა ასე ამბობს, შედის ორადგილიანში და მერე არც მეგობარი ჩამოდის, არც ცოლი და არც - ბიძაშვილი. დროებითი ცოლები მოდიან ხოლმე, ზოგჯერ დღეში რამდენიმეც კი.
ღიმილი არ მომიშორებია, ისე ვუპასუხე:
- ხვალვე დარწმუნდებით, ჩემი მეგობარი არავის დროებითი ცოლი არ შეიძლება იყოს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მამაკაცია...
- ჰოდა, თუ მართლა ჩამოვა, ხვალ გადახვალთ ორადგილიანში.
- ესე იგი, დავთარში რა წერია, არა აქვს მნიშვნელობა?
- არა...
- კი ბატონო, კეთილი, მაგრამ ერთი რამე დაიმახსოვრეთ, ქართველი კაცი დასასვენებლად მარტო არ დადის.
- ხომ გითხარით, - განერვიულდა ქალი, - თუ მართლა ჩამოვა თქვენი მეგობარი, გადაგიყვანთ სხვა ნომერში. მეტი არაფერი შემიძლია.
როგორ ვთქვა, მაგრამ იმ ქალმა დამთარსა: შუადღისას, პლაჟიდან რომ დავბრუნდი და ლიფტში ვაპირებდი უკვე შესვლას, დამიძახა და მოკრძალებული ტონით მკითხა:
- თქვენს მეგობარს დათო ჰქვია, არა?
- დიახ.
- ათი წუთის წინ დამირეკა მოსკოვიდან. თქვენს ტელეფონზე შევაერთეთ, მაგრამ არ ბრძანდებოდით. მე მელაპარაკა...
- რაო? - გულმა რეჩხი მიყო.
- ჯერ ვერ ჩამოდის, ბოტკინი აღმოაჩნდა. მოგიბოდიშათ. ასე თქვა, ისედაც ნახავს უამრავ ნაცნობს და ერთ კვირაში მეც ჩამოვალო. ოთხ საათზე დარეკავს და ნომერში დახვდით... რა სასაცილო ბიჭია, რამდენ ხანს მესაუბრა...
- ოო, ეგ კი ეხერხება, - გამეღიმა მე და გამახსენდა, წინა დღეს თბილისიდან ველაპარაკე დათოს და მითხრა, ვერ ვგრძნობ თავს კარგადო.
- ისე, რამდენი წლის იქნება? - მკითხა ქალმა მოულოდნელად.
- ვინ?
- ვინ?.. დათო.
თვალი თვალში გავუყარე. მერე თავიდან ფეხებამდე ჩავათვალიერე და კბილებში გამოვსცარი:
- თქვენი შვილის ტოლი. სხვათა შორის, ბოტკინიანისთვის რამდენიმე თვით იკრძალება ყოველგვარი კავშირები, - და ქართულად ჩავილაპარაკე, - ყველანი ერთსა და იმავეზე ფიქრობთ.
- თუ შეიძლება, ნუ ილანძღებით, მე შვილი არ მყავს.
- ეგ თქვენი პრობლემაა, - მივუგდე სწრაფად და ლიფტისკენ წავედი.
ოთხ საათზე დათომ დამირეკა. იცინოდა და ლაზღანდარობდა. მითხრა, რომ დააწვინეს საავადმყოფოში, მაგრამ მშობლებისთვის არ შეუტყობინებია.
- მაგათ გონიათ, ხვალ ჩამოვდივარ. ეგონოთ, ტყუილად არ ვანერვიულებ. თუ დედაჩემმა დარეკა, უთხარი, აქვეა გასული-თქო.
მერე ჩემი სასტუმროს ადმინისტრატორი ქალი გაიხსენა:
- ეგ ვინ ყოფილა, - იცინოდა ხმამაღლა, - ერთი-ორი გადაკრული სიტყვა ვუთხარი და, მგონი, მოსკოვში გამოიქცა. ორი აქაური დაქალის ტელეფონი მომცა. მიდი, გამოელაპარაკე. თუ გინდა, დაგენიძლავები, ათ წუთში შენი იქნება.
- ველაპარაკე უკვე, ნახევარი საათი.
- მერე?
- არაფერი, ვიჩხუბეთ.
- შენც მაგარი ხარ. ვერ გამიგია, ქალებთან ჩხუბს როგორ ახერხებთ. ვახო იყო ორი დღით ჩამოსული. ორ დღეში ექვსი ქალი ცემა და ოთხს დედა აგინა. მერე ჩვენც გვაგინა და ტალინში მოუსვა თავის კრისტინასთან. ახლა, ალბათ, იმას აგინებს, მაგრამ ამან ესტონური არ იცის და იმან - რუსული. იმიტომაც შერჩნენ ერთმანეთს ამდენ ხანს... რამდენი წლის იქნება ეგ