სულ ოდნავ გაღუნული ჩანგალი
ირაკლი დოჩანაშვილს
საკუთარ თავს ჰუმანური იდეების მომხრე კაცად მიიჩნევდა. თუმცა ისიც კარგად იცოდა, რაც უნდა ეცადა, ვერაფერს შეცვლიდა. ბავშვობიდან ასე იყო. არავის ესმოდა მისი. ან არ ესმოდათ, ან არ უნდოდათ, გაეგოთ და შეესმინათ. გურამისთვის ეგ სულერთი იყო. ცხოვრება მკაცრია, იცოდა. როგორც უნდა იჩალიჩო, ვერაფერს შეცვლი, იცოდა. შეიძლება, შენ ძალიან კარგი რამის გაკეთება გინდოდეს, აი, ისეთი კარგის, რომ... მაგრამ გააკეთებ და, სხვანაირად გაიგებენ, ესეც იცოდა. მთავარია, შენს სინდისთან იყო ალალმართალი და გაგიგებენ და დაგიფასებენ თუ არა, ეს უკვე მათი სინდისის საქმეა, ესეც კარგად იცოდა. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივადაა ვითომ? აბა, ვნახოთ, ბატონებო. აბა, ჩავიხედოთ ჩვენჩვენ გულებში. აბა... ოო, აი, ესაა საქმე. დაუნახავი, გაუგებარი და შეუსმენელი სიკეთე გვინდა ჩვეენ? ჩვენ ჩვენთვის კი არა, ჩვენ რომ სხვისთვის ჩავიდინოთ, აი, ეგეთი სიკეთე, გვინდა? აბა, კიდევ ერთხელ ჩავიხედოთ უკვე ჩახედულ ში...
გურამი კი ამ მხრივ დადებითი იყო. დედასაც კი ერთხელ აწყენინა მხოლოდ. უფრო სწორად, კი არ აწყენინა, შეაშფოთა ძალიან.
- კომბოსტოში არა, იქა, - ხუთი წლისა ძლივს იქნებოდა, მაგრამ რაღაცრაღაცებს ხვდებოდა უკვე.
- აბა, საიდან? - ჰკითხა ძალიან შეშფოთებულმა დედამ.
- საიდანაც ყველა ბავშვი, ალბათ, მეც იქიდან, - თავიც არ ჩაუხრია, პირდაპირ თვალებში უყურებდა დედას.
- და შენ იცი, საიდან ჩნდებიან ბავშვები?
- კომბოსტოდან რომ არა, ეგ ხომ ვიცი და... - ისე კომბოსტო კი უყვარდა, "ტოლმა" ან ფხალი ნიგვზით, მაგალითად.
- რა, და?..
- არაფერი, - აი, სად ჩახარა თავი, რაღაც იცოდა მაგ ლაწირაკმა. მაშინ ამით ამოიწურა ამ თემაზე საუბარი და არც მერე გაგრძელებულა, დედასთან, ყოველ შემთხვევა ში.
მამასთან ეგეთ რაღაცებზე არ ლაპარაკობდა. მამა მაინც სხვანაირი იყო. ხან მუშაობდა და მისგან სიჩუმეს მოითხოვდა ოჯახის ყველა წევრი, ხან ძმაკაცებთან ერთად კამათელს აგორებდა და უცნაურ სიტყვებს ხმარობდა, მაგალითად ასეთებს: "დუ შაში", "ჩარი დუ", აბა, ყველას როგორ დაიმახსოვრებდა, და ხანაც ბევრღვინონასვამი ბრუნდებოდა შინ. გურამს მოსწონდა, როცა მამა ხელში აიყვანდა, ჰაერში შეათამაშებდა და ეტყოდა:
- ის ურჩევნია მამულსა...
"რომ შვილი სჯობდეს მამასა" - გულში ამთავრებდა პატარა გურამი, თუმცა ძალზე ეეჭვებოდა, რომ მამისთვის ეჯობნა. ჯერ ერთი, რომ მამამისი ყველას ძალიან უყვარდა და ყველა ძალიან პატივისცემით ეპყრობოდა, მეორეც, რომ მამა მაღალი იყო მეტად და გურამი ხომ - სულ პატარა და, რაც მთავარია, დარწმუნებული იყო, ვერაფრით ვერ ისწავლიდა და დაიხსომებდა იმ "დუ შაშსა" და "ჩარი დუს". თანაც, მამას კომბოსტო ძალიან არ უყვარდა და ღვინო - კი. ამიტომაც გურამი ფიქრობდა, რომ თუკი თავად კომბოსტოში იპოვნეს, მამა ვენახში უნდა ყოფილიყო ნაპოვნი. საკუთარ თავს ჰუმანური იდეების მომხრედ იმიტომაც თვლიდა, რომ სულ კარგი რაღაცების კეთება უნდოდა. აი, რომ დალევდა (მერე, როცა გაიზარდა და სიმაღლეშიც გაასწრო მამას), ყველა ძალიან უყვარდა. ისე ხომ უყვარდა და უყვარდა, და სიმთვრალეში ორჯერაც უფრო. არა და, კაცი სიმთვრალეში როგორიც არის, ისეთია სინამდვილეში. ზოგს ხომ ცუდი სიფხიზლე აქვს და სიმთვრალე კიდევ უარესი; და ზოგიც, სიფხიზლეში ანგელოზია, მაგრამ დათვრება და რაც გულში უდევს, ყველაფერს გადმოანთხევს. გურამს კი, სიფხიზლეცა და სიმთვრალეც ერთმანეთზე უკეთესი ჰქონდა. მოკლედ, კარგი იყო მეტად. შემთხვევა ჰქონდა ასეთი, სასწავლებელში: თანაკურსელის ნაცვლად გავიდა ჩათვლაზე. ის თანაკურსელი ბიტსარადოვი იყო გვარად, თუმცა, არ იყო ცუდი ბიჭი, გურამი ემეგობრებოდა.
- ჩათვლა კი დაიმსახურეთ, მაგრამ ეჭვი მეპარება, თქვენ რა, ბიტსარადოვი ხართ? - უკვირდა მასწავლებელს (არაფერი გულისგამხარებელი ის არ იყო).
- დიახ.
- და ასეთი გარეგნობა რომ გაქვთ, გასული საუკუნის ქართველ რაინდს რომ მაგონებთ, ამას რაღა ვუყოთ? ნამდვილად ბიდსარატოვი ხართ? - სულ აურდაურია ყველაფერი და აქეთიქით გადაალაგგადმოალაგა ასოები "გულისგამხარებელმა".
- დიახ, დიახ.
- სარატოვიდან იქნებით წარმოშობით...
- არა, ბადენბადენიდან ვარ, - თვალებში ეშმაკუნები აუთამაშდა გურამს, მაგრამ მასწავლებელი გეოგრაფიასთან მეტად მწყრალად გახლდათ და არც ეშმაკუნები შეუნიშნავს გურამის თვალებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ბიტსარადოვს სტიპენდია არ დაუკარგავს იმ სემესტრში. სწავლას რომ მორჩა, სამსახურში მიიღეს სადღაც. გურამისთვის საინტერესოს იქ არაფერს აკეთებდნენ, მაგრამ არც იგვიანებდა და არც აცდენდა ხოლმე. ეგ კი არა, შესვენების საათებსაც არ იყენებდა ხშირად. თავის მაგიდასთან იჯდა და საქმეს (საქაღალდე, ფურცელი ათასი) ჩაჰკირკიტებდა. თანამშრომლები ამბობდნენ, ქალები ძირითადად:
- გურამი ხომ ასეთი კარგია და, ცოლი რატომ