ამბავი
ცოტაც, და მატარებელი გაგვასწრებდა. ჩანთები უკვე დაძრული ვაგონის ფანჯარაში მივაწოდე მაიას და ბავშვებს. ისმოდა ხმამაღალი შეძახილები, ტრადიციული საჰაერო კოცნებით და ხელების ქნევით. მატარებელი უკვე გამქრალი იყო გამცილებლებმა ხელები რომ ჩამოვუშვით. ბაქანზე მხოლოდ მამაკაცები ირეოდნენ. დღეს მთელმა თბილისმა თუ არა, ნახევარმა მაინც ცოლები და შვილები დასასვენებლად გაისტუმრა.
მოსაწყენია მხოლოდ კაცების ცქერა. ერთად შეყრილ ბევრ ქალზე ალბათ ასე არ გავიფიქრებდი. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ქალია თუ კაცი, ერთგვაროვნებაა მოსაწყენი, ალბათ ეს ვიგულისხმე. სიცხისგან და გამოუძინებლობისგან აზრები მერეოდა. ჩემი 43-წლიანი ცხოვრების აგვისტოებს შორის, ამაზე ცხელს ვერ ვიხსენებდი. აკვარიუმიდან ამომხტარი თევზივით ვიჭერდი ჰაერს, კიდევ ერთხელ ან ბოლოჯერ მაინც რომ ჩამესუნთქა.
უკანა გზაზეც საცობში ვიდექი, მაგრამ აღარ ვჩქარობდი. მეშინოდა არ ჩამძინებოდა და ყურადღება მძღოლებზე გადამქონდა. საჭესთან უკვე თითო ეგზემპლარად ისხდნენ გამცილებლები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ბაქანზე ირეოდნენ. გადაჭარბებული იქნება თუ ვიტყვი, რომ ბედნიერებას ასხივებდნენ, მაგრამ ბევრიც არ აკლდათ. ვალმოხდილები ბრუნდებოდნენ სადგურიდან. ჰაერისგან დაცლილი ქალაქიდან ცოლები და შვილები კურორტებზე გაისტუმრეს. სხვებზე ზრუნვისგან გადაღლილები, თვითონაც იმსახურებდნენ ზოგჯერ დასვენებას. დღეს კვირაა. ლისის ტბაზე წავლენ, კუს ტბაზე, სპორტულ დარბაზში, ან ვისი რა საქმეა, საყვარელ ქალთან ერთად თუ გაატარებენ დროს! საცობში სამუშაო დღეებისგან განსხვავებული კეთილგანწყობა და სოლიდარობა იგრძნობოდა. მძღოლებს თითქოს საერთო საყვარელი აკავშირებდა და მასთან პაემანზეც ერთად აპირებდნენ მისვლას ფარული შეთანხმებით.
როგორც იქნა, საცობიდან გამოვაღწიე. მეორე ფეხი შინ შემოდგმულიც არ მქონდა, ხელები რომ გავშალე და ცნობილ ლექსს იქვე მოგონილი მელოდია მოვარგე: „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვითარც დაჭრილი ირმების გუნდს...“
მარტო დარჩენა მიხაროდა. კარგა ხანია ეს ფუფუნება არ მქონია. მაცივარში მზრუნველად დატოვებული ატმის კომპოტი და აჯაფსანდალი დამხვდა. სიმშვიდე, ცივი სასმელი, ტახტზე წამოგორება დეტექტივით, რომელსაც ბოლო დროს ვკითხულობდი, კარგად პასუხობდა ჩემს წარმოდგენას მარტოხელა კაცის მყუდრო არსებობაზე. სასწრაფოდ მოვისროლე ტანზე რაც მეცვა და ტახტზე წამოვგორდი.
ქარვისფერი ატმებით, მსხლებით, ლეღვით და ფინიკებით დახუნძლული მაღალფეხიანი ლარნაკი მზის სხივებს ირეკლავდა, ოთახში ათამაშებდა და ამ რეალური გასტრონომიული ნატურმორტის კოლორიტს უფრო საინტერესოს ხდიდა.
დაბადებიდან ნაცნობმა სახილემ სიყვარულით გარემოსილ, უზრუნველ და თავისი საიდუმლოებებით დაუვიწყარ ბავშვობაში დამაბრუნა, თითქოს არც დამთავრებულა. გამიცოცხლა დაცულობის შეგრძნება, როცა ზურგი წინაპართა სამი თაობით მქონდა გამაგრებული. სხვა შეგრძნებაც გამიცოცხლა, რომელსაც სახელს ბავშვობაშიც ვერ ვარქმევდი და დღესაც ალბათ ვერ დავარქმევ, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ იმპულსი წინაპრებისგან იყო წამოსული, მე და ჩემს ორ დას მუდმივად თან გვდევდა, და რაც მთავარია, ანგარება არ ახლდა. საინტერესოა, ჩემი შვილებიც გრძნობენ მსგავს რამეს? აქამდე რატომღაც არ მიფიქრია ამაზე.
იმ უსახელო შეგრძნებას დღეს პირობითად ბედნიერებას დავარქმევდი და ერთი წინადადებით ასე ჩამოვაყალიბებდი: წინაპრები ჩვენი არსებობისგან სრულიად უანგარო ბედნიერებას გრძნობდნენ, რომელიც ბავშვებს მუდმივად თან გვდევდა. ანგარებას ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ ბედნიერების განცდა მშობლებზეც ვრცელდება, ცოლზეც, საყვარელზეც, მეგობარზეც, მეზობელზეც... მაგრამ ბოლომდე უანგარო არ არის. საყვარელ ქალს წყენას და შეცდომას რთულად აპატიებ ან სულაც არ აპატიებ. შვილს კი აპატიებ. გულთან ახლოც მიგაქვს, განიცდი, გწყინს, ბრაზობ და მაინც აპატიებ. არადა, წყენის მასტერები არიან და ზოგჯერ შეგნებულადაც.
ჩემს ბავშვურ მეხსიერებაში ღრმად ჩაიბეჭდა გარეშეთა სახეები, მათი საუბრები, ადრე გაჩენილი ინტერესი ცხოველების უჩვეულო ქცევების მიმართ... ბავშვობა თითქოს მკაფიოდ მახსოვს, თუმცა სასურველის რეალობად არ მიღება ცოტა ვინმეს ეხერხება და რამდენად სარწმუნოა ეს მოგონებები, თავს ვერ დავდებ. გადის წლები და პირად მოგონებებს წინაპრების მოგონებები ემატება, მერე მათი მოგონებები ჩვენ ბავშვობაზე, მერე ყველა ეს მოგონება ერთმანეთში ირევა და რთული გასარკვევი ხდება, ვისი რომელია. ზოგჯერ გვეჩვენება კიდეც, რომ წინაპრების ცხოვრების მოწმენი და თანამონაწილენიც ვართ. საზოგადოდ, თეთრი ლაქების უმეტესი ნაწილი ბავშვობაზე ნაწილდება, რომლის გახსენებაც ოდნავი გაზვიადების ან შელამაზებული ტყუილის გარეშე ალბათ არ გამოგვდის.
რადგან საკუთარ თავზე ლაპარაკი არ ამცდება, ვისარგებლებ შემთხვევით და გაგეცნობით: ვარ 43 წლის. განათლებით და მოწოდებითაც ზოოლოგი. საყვარელი ცხოველი – კაპიბარა. მაგრამ მწერლობაც ჩემი მოწოდებაა, რაც ბებია ნინამ ჯერ კიდევ ბავშვობაში მიწინასწარმეტყველა. ცხოვრების მოცემულ ეტაპზე ამ ორ მოწოდებას შორის გაორებას ვგრძნობ. ბებია ნინა დედაჩემის დედა იყო. მამის მხრიდან ბებია კარგად აღარ მახსოვს.
მყავს სამი შვილი, ორი გოგო და ერთი ბიჭი – ანიეტი, მანანა და ზურაბი. ანიეტი თხუთმეტი წლის არის, მანანა თორმეტის, ზურა – შვიდის. ზურაბი მამაჩემის სახელია. ანიეტი ფრანგი დიდი ბებიის, რომელსაც