რომ ჩემი ოჯახის წევრები ჩემი წარმატებით გავაბედნიერე და ასევე ძალიან მიხარია, რომ სანდრო ჩემს გვერდითაა, რადგან მასთან მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს.
ხუთშაბათი, 29 მარტი,
1990 წელი
ძვირფასო პაკო
"ხვალ ერთი წელი შესრულდება, რაც დედამიწაზე ჩამოვვარდი." - თქვა პატარა უფლისწულმა.
პაკო, ეს ჩემი ბოლო წერილია. ხვალ ასევე ერთი წელი შესრულდება, რაც ჩვენ დავმეგობრდით. ხვალ ცაზე ვარსკვლავები ზუსტად ისე განლაგდებიან, როგორც შარშან 1989 წლის 30 მარტს იყვნენ განლაგებულები. შარშანდელი 30 მარტიდან ზუსტად 365 დღე ვიცხოვრე და დღეს აბსოლუტურად სხვა ირინკა ვარ, ვიდრე შარშან ამ დროს ვიყავი. უკვე ვიცი, რომ ცხოვრება სკოლაა, სადაც მხოლოდ ქართულს, მათემატიკას და ბიოლოგიას არ გასწავლიან. ღმერთი მუდმივად სხვადასხვა სახის პრობლემის წინაშე გვაყენებს და თან გვაკვირდება, ამ პრობლემას როგორ გადავლახავთ. ადამიანის ცხოვრება წამოჭრილი პრობლემებისა და მის მიერ არჩეული ამ პრობლემების გადალახვის გზების ერთობლიობაა. ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი სირთულის წინაშე დავდექი. ჩემი და ირაკლის სიყვარულის ისტორია განსხვავდება რომეო და ჯულიეტას სიყვარულის ისტორიისგან. მე მათგან განსხვავებით ცხოვრების გაგრძელება ავირჩიე, რადგან ვთვლი, რომ თვითმკვლელობა დამარცხებაა, ანუ შენ ამოცანა ვერ ამოხსენი და შესაბამისად, თამაში წააგე. ყოველი პრობლემის გადაჭრით კონკრეტულ ცოდნას ვიღებთ. ცხოვრებაში გამოცდილების მიღება კი ყოველთვის პრაქტიკული გზებით ხდება და არა თეორიულად. მე ვთვლი, რომ გავიმარჯვე, რადგან ვისწავლე ირაკლის გარდაცვალებით მიღებულ ტკივილთან ერთად ცხოვრება. სწავლა გავაგრძელე და ოლიმპიადაში გამარჯვებით დავამტკიცე, რომ ქალს ბევრი რამ შეუძლია. მე ასევე შევიძინე სანდრო, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ვაღიარებ, რომ ჩვენი ურთიერთობა უკვე მეგობრობაზე მეტია. ხოლო მომავალში რა მოხდება, ამას ცხოვრება გვიჩვენებს. მთავარია, რომ სანდრო დღეს ჩემს გვერდითაა და სიყვარულს რომ მრავალი სახე აქვს, ამაში უკვე დავრწმუნდი.
ხვალიდან ახალი წელიწადის ათვლა დაიწყება. ვიცი, რომ წინ კიდევ უამრავი გამოწვევა მელოდება. ყველანაირად შევეცდები, რომ თამაშის თითოეული ეტაპი ღირსეულად გავიარო, რადგან როგორც ირაკლიმ თქვა, ცხოვრებაში მთავარი სწორი ფასეულობებია.
ეს დღეები ვფიქრობდი, რომ წითელი ქვის მოხსნის დრო უკვე დადგა, თუმცა მისი ყუთში დაბინავების იდეა რატომღაც არ მიზიდავდა, მინდოდა, რომ მისთვის ისევ მეცქირა. დღეს დილით შესაფერის ადგილს მივაგენი. წითელი ქვა ჩემი ძეწკვიდან მოვხსენი, აბრეშუმის ლენტი გავუყარე და მელია ირინკას ყელზე დავკიდე. ირაკლიმ ხომ თქვა, რომ მელია ირინკა შენ ხარო, ჰოდა, წითელი ქვა ისევ ჩემთანაა...