I სიცხე ოცდაცამეტ გრადუსს აღწევდა. ბურდონის ბულვარი უკაცრიელი იყო.
უფრო ქვემოთ ორი რაბით გადაკეტილი სენ-მარტენის არხი გადაჭიმულიყო, რომელშიც მელნისფერი წყალი მიედინებოდა. შუაგულ არხში შეშით დატვირთული ბარჟა იდგა, დამრეც ნაპირზე კი ორ წყებად ეწყო კასრები.
არხის გაღმა, ხე-ტყის საწყობებს შორის, ვრცელი მოწმენდილი ცა ლურჯ კვადრატებად ისახებოდა და მზით გასხივოსნებული თეთრი წინამოები, კრამიტის სახურავები, გრანიტის სანაპიროები თვალისმომჭრელად ელვარებდა. თბილ ჰაერში შორეული, ყრუ გუგუნი იდგა. კვირა დღის მოცლილობასა და სევდას, ზაფხულის დღეებს რომ სჩვევია, თითქოს ყოველივე გაექვავებინა.
ქუჩაში ორი კაცი გამოჩნდა.
ერთი ბასტილიის მხრიდან მოდიოდა, მეორე კი - ბოტანიკური ბაღიდან. უფრო მაღალს, ტილოს კოსტიუმში გამოწყობილს, ქუდი კვინიხზე მოეგდო, ჟილეტი გაეხსნა, ხელში ჰალსტუხი ეჭირა და ნელა მოაბიჯებდა. მეორე კი, უფრო დაბალი, მთლად ჩამძვრალიყო მიხაკისფერ სერთუკში, ვიწრო წინაფრიანი კარტუზი ეხურა და თავჩაღუნული მოდიოდა.
შუა ბულვარზე, ერთსა და იმავე დროს, ერთ მერხზე ჩამოსხდნენ.
შუბლი რომ მოეწმინდათ, ორივემ მოიხადა ქუდი და გვერდით დაიდო; დაბალმა მეზობლის ქუდზე შეამჩნია წარწერა - „ბუვარი“, ამან კი სერთუკიანის ქუდის სარჩულზე ადვილად გაარჩია სიტყვა - „პეკუშე“.
- ხედავთ, - გამოელაპარაკა დაბალი, - ერთნაირად მოგვიფიქრებია ქუდზე გვარის დაწერა.
- ჰო, რას იზამ, ჩემი ქუდი შეიძლებოდა კანტორაში შეცვლოდათ.
- მეც ასე ვიფიქრე, მეც ხომ მოსამსახურე ვარ.
და ერთმანეთს გადახედეს.
პეკუშე ერთბაშად მოიხიბლა ბუვარის სანდომიანი შესახედაობით. ცისფერი, მუდამ ნახევრად მოხუჭული, მოღიმარი თვალები ვარდისფერ სახეს უცისკროვნებდა. ფართო ბაფთებიანი შარვალი თექის ფეხსაცმელთან ეკეცებოდა, მუცელზე კი შემოსტკეცოდა და პერანგს უნაოჭებდა. ოდნავ ხუჭუჭა ქერა თმა ბავშვურ იერს აძლევდა მის სახეს: ისეთი მრგვალი ტუჩები ჰქონდა, გეგონებოდათ, მუდამ უსტვენსო.
ბუვარი პეკუშეს სერიოზულმა შესახედაობამ განაცვიფრა.
მაღალ შუბლს ისეთი შავი და სწორი თმა უმკობდა, პარიკი გეგონებოდათ. რომელი მხრიდანაც არ უნდა შეგეხედათ, ცარიელი პროფილი იყო, ისეთი გრძელი ცხვირი ჰქონდა. პრწკიალა შარვალში გამოკვართული ფეხები ტანთან შედარებით ძალიან მოკლე ჰქონდა. რიხიანი, მოგუდული ხმით ლაპარაკობდა.
მან უნებურად წამოიძახა:
- კარგია ახლა სოფელში ყოფნა!
ბუვარმა უპასუხა, გარეუბანი, სამიკიტნოების ხმაურის გამო აუტანელიაო. პეკუშეც ასეთივე აზრის გახლდათ, მაგრამ დედაქალაქის ცხოვრება უკვე ღლიდა მას, ბუვარიც იღლებოდა.
ისინი გასცქეროდნენ ქვების გროვას, აშმორებულ წყალს, რომლის ზედაპირზეც თივა ტივტივებდა, ფაბრიკის საკვამურს, ჰორიზონტზე რომ ასვეტილიყო.. ახლა მეორე მხრისკენ შებრუნდნენ. მათ თვალწინ კედელივით აღიმართა პურის ბეღლები.
ქუჩაში აშკარად უფრო ცხელოდა, ვიდრე შინ და პეკუშეს ეს აფიქრებდა. ბუვარმა ურჩია, სერთუკი გაიხადეო. თვითონ არ დაგიდევდათ წესრიგს.
უეცრად ტროტუარზე მთვრალმა გაიარა ბარბაცით. პეკუშე და ბუვარი ჯერ მუშათა ცხოვრებაზე საუბრობდნენ, მერე - პოლიტიკაზე. მათი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა, თუმცა ბუვარი უფრო ლიბერალი იყო.
ქვაფენილზე, მტვრის კორიანტელში, რკინის გრუხუნი გაისმა: სამი საქირაო ეტლი ბერსისაკენ მიდიოდა, რომლებშიც თაიგულიანი პატარძალი, თეთრჰალსტუხიანი მდაბიონი, ქალები, რომლებიც განიერ ქვედატანებში ძლივს ჩანდნენ, სამიოდე გოგონა და ერთი მოსწავლე ისხდნენ. მაყრიონის დანახვამ ბუვარი და პეკუშე ქალებზე აალაპარაკა; ძრახავდნენ მათ - ფუქსავატები, ჭირვეულები და ჯიუტები არიან, თუმცა ხშირად, მამაკაცებს მაინც სჯობიანო, მაგრამ მათზე უარესებიც არსებობენო. ერთი სიტყვით, უმჯობესია მათ გარეშე ცხოვრებაო. ამიტომ არ შეურთავს პეკუშეს ცოლი.
- მე კი ქვრივი ვარ, უშვილო, - უთხრა ბუვარმა.
- ეს, შესაძლოა, ბედნიერებაც იყოს. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, მარტოობა მოსაწყენია.
სანაპიროზე მეძავი და ჯარისკაცი გამოჩნდნენ. ქალი ფერმკრთალი, ჩოფურა და შავთმიანი კაცის მკლავს ეყრდნობოდა, ფეხსაცმელს მოაჩლატუნებდა, თეძოებს არხევდა.
როცა ქალმა მათ ჩაუარა, ბუვარმა თავს ნება მისცა, უწმაწური სიტყვები წარმოეთქვა. პეკუშე წამოწითლდა და რადგან პასუხის გაცემა არ სურდა, მათკენ მომავალ მღვდელზე ანიშნა.
ეკლესიის მსახური ნელა მოაბიჯებდა ტროტუარის გასწვრივ მიჯნებივით ჩამკრივებული თელების ხეივანში და როგორც კი სამკუთხაქუდიანი თვალს მიეფარა, ბუვარმა ჩაილაპარაკა, შვება ვიგრძენი, იეზუიტებს ვერ ვიტანო. პეკუშემ, თუმცა მათ არ გამოსარჩლებია, ერთგვარი პატივისცემა გამოხატა სარწმუნოებისადმი.
ამასობაში დაბინდდა და მოპირდაპირე სახლში დარაბები ასწიეს. ქუჩაში ხალხი მომრავლდა. საათმა შვიდჯერ დარეკა.
ისინი კი საუბრობდნენ და სათქმელი არ ელეოდათ; ანეკდოტებს კრიტიკული შენიშვნები მოსდევდა, პირად შეხედულებას - ფილოსოფიური განზოგადება. გააკრიტიკეს საგზაო ინჟინრების კორპუსი, თამბაქოს მონოპოლია, ვაჭრობა, თეატრები, საფრანგეთის ფლოტი და ადამიანთა მთელი მოდგმა, თითქოსდა ცხოვრების ჭირ-ვარამისგან ყოფილიყვნენ გამწარებულნი. თითოეულ მათგანს, როცა მეორეს უსმენდა, თავისი მივიწყებული ჩვევები მოაგონდებოდა ხოლმე და თუმცა იმ ასაკში აღარ იყვნენ, როცა კაცი გულუბრყვილოდ ღელავს, მაგრამ რაღაც ახალ სიამოვნებას, ერთგვარ აღფრთოვანებას, ახალჩასახული სათუთი გრძნობის მშვენებას განიცდიდნენ.
ერთი ოცჯერ მაინც ადგნენ, კვლავ