ნაწილი პირველი
I
1840 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით დილის ექვს საათზე, წასასვლელად გამზადებული გემი „LaVille-de-montereau“ სენ-ბერნარის სანაპიროზე იდგა და ბოლავდა.
ხალხი აქოშინებული მიმოდიოდა. კასრები, ფოლადის ხვეული თოკები, საცვლების კალათები მოძრაობას აფერხებდნენ. მეზღვაურები პასუხს არავის აძლევდნენ. ყველანი ერთმანეთს ეჯახებოდნენ. გამოკრული ბოხჩები დაეხვავებინათ ორ სათავსოს შუა. ხალხის ხმაური ერთვოდა ორთქლის შიშინს. ორთქლი საკვამური მილის ნახვრეტებიდან გამოდიოდა და თეთრად ეფინებოდა ყველაფერს. ზარი განუწყვეტლივ რეკდა გემზე.
ბოლოს გემი დაიძრა და ორი ნაპირი, რომლებზეც საწყობები და გემების შესაკეთებელი სახელოსნოები აეშენებინათ, თვალწინ ისე გადაიშალა, როგორც ორი ფართო ლენტი.
ერთ გრძელთმიან ახალგაზრდას (თვრამეტიოდე წლის იქნებოდა) იღლიაში საქაღალდე ამოეჩარა და საჭის ახლოს იდგა უძრავად. ბურუსში გაჰყურებდა სამრეკლოებს, შენობებს, რომელთა სახელები არ იცოდა. შემდეგ უკანასკნელად მოავლო თვალი სენ-ლუის კუნძულს, ძველ ქალაქს, ღვთისმშობლის ტაძარს და, როცა უეცრად პარიზი თვალს მიეფარა, ღრმად ამოიოხრა.
მესიე ფრედერიკ მორო, რომელმაც ის იყო ბაკალავრის ხარისხი მიიღო, ნოჟანში მიდიოდა, სადაც მთელი ორი თვე უნდა გაეტარებინა, ვიდრე სამართლის შესასწავლად დაბრუნდებოდა. დედამ საჭირო თანხა მისცა და ჰავრში გაგზავნა ბიძის სანახავად, რომლისგანაც მემკვიდრეობის მიღებას მოელოდა. ფრედერიკი იქიდან მხოლოდ წინადღით დაბრუნდა და, რადგან დედაქალაქში დარჩენა არ შეეძლო, ეს იმით აინაზღაურა, რომ შინ ყველაზე შორი გზით გადაწყვიტა დაბრუნება.
გემზე ფუსფუსი მინელდა. ყველამ თავისი ადგილი დაიკავა. ზოგი ფეხზე იდგა და მანქანასთან თბებოდა; საკვამური კი ნელა და რიტმულად ანთხევდა შავ კვამლს. გემის სპილენძის ნაწილებს კვამლი ცვარად მოსდებოდა. გემბანი მსუბუქად ირხეოდა. სწრაფად მბრუნავი ორი ბორბალი შხეფებს ისროდა.
მდინარეს ქვიშიანი ნაპირები ჰქონდა. გზაში ხან ტივები ხვდებოდათ, რომლებიც გემის მოძრაობით გამოწვეულ ტალღებზე ქანაობდნენ, ხანაც უიალქნო ნავები. მალე ნისლი გაიფანტა, მზე გამოჩნდა და გორაკი სენის მარჯვენა ნაპირზე ნელ-ნელა დადაბლდა, გაღმა კი, უფრო ახლოს, სხვა გორაკი გამოჩნდა, ფოთლოვანი ხეებით შემოსილი. ხეებს შორის პატარა, დაბალი სახლები მოჩანდა. სახლების გარშემო ფერდობებზე ბაღები გაეშენებინათ, რომლებსაც ყოფდნენ ახალი ღობეები, რკინის რიკულები, გაზონები, სათბურები და ნემსიწვერას ლარნაკები, სიმეტრიულად რომ განელაგებინათ მოაჯირზე. ამ ლამაზ, ოაზისის მსგავს მყუდრო სავანეების არაერთი მნახველი ინატრებდა: ნეტავ, ყველაფერი ეს ჩემი იყოს, ნეტავ, იქ ვიცხოვრო სიკვდილამდე. მქონდეს ბილიარდი, ნავი, მყავდეს ცოლი ან სხვა საოცნებო ვინმეო. სიამოვნება, რასაც გემით პირველად მოგზაურნი განიცდიდნენ, შთაბეჭდილებათა გაზიარებას უწყობდა ხელს. გახარებული ადამიანები ხუმრობდნენ, მღეროდნენ, მხიარულობდნენ. ზოგიც ღვინოს წრუპავდა.
ფრედერიკი ფიქრობდა ოთახზე, რომელსაც იქ დაიქირავებდა, დრამის გეგმაზე, სურათების სიუჟეტებზე, მომავალ გატაცებაზე. ეგონა, რომ ბედნიერება, რაც თავისი სულის სიდიადით დაემსახურებინა, იგვიანებდა. გულში იმეორებდა მელანქოლიურ ლექსებს, ჩქარი ნაბიჯით სცემდა ბოლთას გემბანზე. შემდეგ იქ მივიდა, სადაც ზარს რეკდნენ და მგზავრებსა და მეზღვაურებს შორის დაინახა ერთი კაცი, რომელიც ქათინაურებს ეუბნებოდა გლეხ ქალს და თანაც ხელში ატრიალებდა ოქროს ჯვარს, ქალს რომ გულზე ეკიდა. კაცი ორმოციოდე წლის იქნებოდა, თმახუჭუჭა. მის ჯმუხ ტანს შვენოდა შემოკვალთული შავი ხავერდის ქურთუკი, ბატისტის პერანგზე ორი ზურმუხტის საკინძე უბრწყინავდა, ფართო თეთრი შარვალი და რუსული ტყავის რაღაც უცნაური, ლურჯზოლებიანი წითელი წაღები ეცვა.
ფრედერიკის იქ ყოფნას არ შეუწუხებია. რამდენჯერმე მისკენ მობრუნდა, თითქოს გამოლაპარაკებაც დააპირა და თვალი ჩაუკრა, შემდეგ ყველა იქ მყოფს სიგარეტიც შესთავაზა. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს კომპანია არ მოეწონა, ადგა და უფრო მოშორებით დაჯდა. ფრედერიკი თან გაჰყვა.
საუბარი ჯერ სხვადასხვა ხარისხის თამბაქოზე გაიმართა, მერე კი, ბუნებრივია, ქალებზე. წითელწაღებიანმა კაცმა ფრედერიკს რამდენიმე რჩევა მისცა: ჩამოაყალიბა სხვადასხვა თეორია, უამბო ანეკდოტები, დაიმოწმა საკუთარი გამოცდილება და ყოველივე ამას მამაშვილურად და ამასთანავე, რაღაც სალაღობო გარყვნილების უბრალოებით ჰყვებოდა.
რესპუბლიკელი იყო, ბევრი ემოგზაურა, იცნობდა თეატრების, რესტორნების, გაზეთების ფარულ ცხოვრებას, ყველა განთქმულ არტისტს, რომელთაც ფამილარულად სახელით იხსენიებდა. ფრედერიკმა მალე თავისი გეგმები გაუმხილა. უცნობმა ისინი მოუწონა.
მაგრამ ლაპარაკი შეწყვიტა და თვალი გემის საკვამურს მიაპყრო, მერე სწრაფად წაიბუტბუტა რაღაც გაანგარიშება, რათა გაეგო „რამდენი გამოვიდოდა, თუ დგუში წუთში ამდენ და ამდენჯერ ავიდ-ჩავიდოდა“, ეს რომ გამოიანგარიშა, უეცრად გარემოს სილამაზით მოიხიბლა. ამბობდა, ბედნიერი ვარ, საქმეები რომ მივატოვეო.
ფრედერიკი ერთგვარ პატივისცემას გრძნობდა მისდამი და სურდა შეეტყო მისი სახელი, უცნობმა ერთბაშად მიახალა:
ჟაკ არნუ, Art industriel-ის პატრონი, მონმარტრის ბულვარი.
მსახური, რომელსაც სირმიანი ქუდი ეხურა, მასთან მივიდა და უთხრა:
ძირს ჩაბრძანებას ხომ არ ინებებთ? ქალიშვილი ტირის.
ადგა და წავიდა.
Art industriel შერეული საქონლით სავაჭროს წარმოადგენდა. კერძოდ, ფერწერული ტილოებით, გაზეთებითა და სურათებით სავაჭროს. ეს