შესავალი - ღმერთოოო, არ არსებობსსსს! იესსს... იესსს... ხალხოოოო! არაააა! ეჰეჰეეეეეე …
უთენია, ნაწვიმარ იალონზე, ტყვიასავით გავარდა ხმა სოფელში და მთელი სამეზობლო ფეხზე წამოაგდო.
- ღმერთო, გადმოგვხედე, ხომ არ დავიღუპეთ?
- არ ვიცი, წყალგაღმიდან ისმის ხმა. წამოდექი დროზე!
- იზას არ სჭირდეს რამე, წნევა ჰქონდა წუხელ მაღალი.
- იზას რა მოკლავს. მგონი... სანდროს ხმას ჰგავს.
- რას იძახის... წავაგეო?
- რა აქვს მაგ გაჭირვებულს წასაგები, თორე კი.
- ჩუმად... მოიცა... გავიგეო?
- დედამისის ამბავი ხომ არ გაიგო რამე, იტალიიდან?!
- რა ვიცი, ღელე ადიდებულა წუხელის და ეზოში შეუვარდებოდათ წყალი-მეთქი.
- ღმერთო, მშვიდობა გვიქენი! გამოიქეცი დროზე!
მიუდგომელი სოფლის, მაღლარი სახლის ციცაბო ეზო წამში გაივსო შეშინებული ხალხით. ახლო მეზობლებს ჩაცმა მოესწროთ. უფრო შორიდან გამოქცეულები გზაში იკრავდნენ პერანგის ღილებს და შეშინებულები აპანჭურებდნენ უძინარ თვალებს.
- სანდროო, სანდრიკოოო, - გაუბედავი ხმით შეიძახეს სახლის წინ და სიგლახის მოლოდინში ყველა გაინაბა.
მაღალი, პირბურდღიანი ბიჭი აივანზე ყავარჯნებით გამოთოხარიკდა და სავსე ეზოს დანახვაზე სახტად შედგა. ბრდღვიალა თვალებით გადახედა პუბლიკას და აღტაცებით გადააბღავლა: - ჰელოუ ამერიკააა, ჰელოუუუუ!
- რაო? ამერიკა? ამერიკას ვგავარ მეე? - პირი ღიად დარჩა ყველაზე წინ მდგარ მეზობელს.
- ჰელოუუუ, ამერიკააა!
- ბიჭო, შენ ცოტა ხომ არ გარეკე, სად დაინახე ამერიკა აქ?
- გააბლდი ბებია? გაგისკლიცა გული მამაზეციერმა, რაც შენ დაგვზაფრე ამ უთენია. ამერიკისთვის აწუხებ ამხელა სამეზობლოს და ღმერთს? - ატატანდა გვერდითა მეზობლის ქალი და გულიც ამოაყოლა.
- ისე, პენტაგონი ხომ არის ადგილზე, პენტაგონი?
- თავისუფლების დედოფალი გაპარულა გუშხამ ნიორკიდან, სასიძოს ეძებენ ჯორჯიაში. იცოდი, თუ? - რაჟდენას გეოგრაფიულმა ინტელექტმა განწყობა ასწია და ეზოში ხორხოცმა იმატა.
- კარგით ახლა, დაწყნარდით. სანდრიკო მასშტაბის კაცია და იცის რაზე იდარდოს. ამერიკას ღმერთმა უშველოს და მერე ჩვენ, ეგება ამერიკამ გვიშვილოს კიდეც. ასე არაა, სანდროო? ე, ბიჯო, თქვი რა გაიგე.
- გავიგე? მოვიგე, ხალხო, მოვიგეეე!
- რა ქენი?
- ჰო, მართლა მოვიგეეე!
- ჩემმა დეკეულმაც მოიგო წუხელის შენისთანა ზაქი, მარა ქვეყანა კი არ შემიყრია. რა ჯანდაბა მოიგე ასეთი, რა?
- მწვანე ბარათი.
- რა ბარათი?
- აუუ, "გრინ კარტა" მოვიგე, ვიზა, ვიზააა.
ვიზაააა... აირეკლა ქორმაღალას მთამ უცებ ჩამოვარდნილი სიჩუმე.
იზააააა... ექო ბრუნდებოდა და გარბოდა უკან.
გაურკვევლობამ ორი წუთი გასტანა.
- ამერიკის ვიზა? მართლა მოიგე?... კი მარა, იცი შენ ამერიკა სადაა?
- ჩვენთან რომ გათენდა ახლა, ამერიკაში ღამდება ბიძია, - საიდუმლო გაანდო კირილემ მეზობლებს ჩურჩულა ხმაზე.
- ვიცი, ვიცი. წავალ და რომ ჩამოვალ, მერე ნახეთ რამდენი რამე მეცოდინება. მოვიგე და რა ვქნააა.
- მოიგებდი, ნენა, აბა რას იზამდი! რასაც შენ უაზრო ხოლივუდის კინოებს უყურებდი და იმ შავი კაცის მუსიკებს უსმენდი ბოლო ხმაზე... - 2Pac-ის ხავილი წნევას უგდებდა პატკულას.
ამერიკაოოო?! - გამოერკვა და აგუგუნდა უბანი. ზოგს რეიგანის ანეკდოტები გაახსენდა და ზოგსაც კიდე, კოკა-კოლას პირველი დალევა. პატკულა ჩუმად იყო და - კაი ერთიო, ჩლურტუნებდა. მერე შეკითხვა დასვა, ჩაკლა მთელი დილის სიხარული:
- ბებიაშენმა იზამ იცის ეს ამბავი?
სუსხი და როფვა! იზა ბებია... არ გენახოთ ქალი უფრო კაპასი, თან, მგრძნობიერი. ჰაუ, ქოროო, ჰაუუუუ! - შეუძახებს ბოლო ხმაზე და ქორი, ძერა, მიმინო, შევარდენი და ზემო მეზობელი ტრისტანა ახალ წლამდე ღობეს ვეღარ ეკარებიან. წლის ბოლოს ერთს კიდევ გადაიკივლებს და აკრძალვების ვადაც გაგრძელდება. ანტიკას + რომანტიკა! სიყვარულის ამბავს და ამინდის პროგნოზს ერთნაირად განიცდის იზა ბებია. "ხვალ ელ-ჭექი იქნებაოო. დიდუუუუ, მიშველეთთთ!" - ხელებს აღაპყრობს და დაარისხებს ჯუმათის მთავარანგელოზს.
ჰოდა, მოდი ახლა, გაუმხილე იზა ბებიას და ჯუბა ბაბუას, რომ 90-იანებში თხემლის კვამლში გამოზრდილი, საიქიოდან უგარანტიოდ მობრუნებული მათი პატარა შვილიშვილი სანდრო - მაღალი, უტიფარი და ოდნავ ცხვირკაუჭა, უშორეს გზას ადგას, ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქეთ.
რა ამერიკა, რის ამერიკა?! ქრისტეფორე კოლუმბის კუბოს დადგმის დღე ახლოვდებოდა.
ამიტომ, ჯობდა იზასთვის არ ეთქვათ.
ჰო, ახლა არ ეთქვათ.
ანდა ორი თავი, მერეც ვის ჰქონდა?!