ნაწილი პირველი - რად გროვდებიან ასე ხშირად
შავი ღრუბლები ცის კამარაზე?
- იქნებ იმიტომ, ღმერთმა ვერ ნახოს
თუ რა ხდება ცოდვილ მიწაზე?
მე მარტა და სხვები
სალამი, მე გახლავართ საბა დონაური ფარგა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი და სხვა თანატოლებისგან არაფრით გამორჩეული მოზარდი მაგრამ როგორც ვთქვი მხოლოდ ერთი შეხედვით, გულზე ხელს თუ დავიდებ და სიმართლეს ვიტყვი, საკმაოდ ჭირვეული ბიჭი ვარ, კონფლიქტური და ბუზღუნა.
დონაური მამის გვარია, ფარგა დედის, ასეთია ესპანური კანონმდებლობა, ყველა მოქალაქე ორი გვარითაა რეგისტრირებული, ორგვარიანობა კასტილიის სამეფოში შემოუღიათ ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში ბრიტანელების მიბაძვით, დიდგვაროვანთა წარმოშობის ხაზგასმის მიზნით, მოგვიანებით მთელს ესპანეთში გამხდარა საყოველთაოც და სავალდებულოც, შესაბამისად სამოქალაქო კოდექსითაც დაუკანონებიათ, ორ სახელსაც ბევრი ატარებს თუმცა ეს უკვე ნებაყოფლობითია, ასეთი პრაქტიკა უწინ უფრო მეტად ყოფილა გავრცელებული, რაც უფრო მეტი სახელი ექნება ბავშვს მით უფრო მეტი კეთილი ანგელოზი იქნებაო მისი მფარველი, სჯეროდათ გულუბრყვილო მოქალაქეებს. მე მხოლოდ ერთი სახელი მაქვს და ძალიანაც მომწონს, თუმცა წესით არც უნდა მომწონდეს რადგან ძველ არამეულ ენაზე მოხუცს ნიშნავს როცა სულ რაღაც თხუთმეტი წლისა ვარ, ძველ ებრაულად ითარგმნება როგორც თავისუფლება შეზღუდული, შებორკილი ტყვე და აბა მე რომელი ანგელოზი გამიწევს მფარველობას. კიდევ ერთი უცნაურობა, მამასაც ორი გვარი ჰქონდა, მისი გვარი დონაური მეორდებოდა ორჯერ რადგან რეგისტრაციისას დაბადების მოწმობა ვერ წარადგინა რომ მეორე გვარად დედამისის, კრისტინა მენდოსას გვარი მიეთითებინათ.
გაკვეთილების შემდეგ ერთად წამოვედით იმ დღეს მე და მონიკა. მონიკა ჩემი თანაკლასელია, პატარაობისას კაპასი გოგო იყო, ხშირად ვჩხუბობდით, შევრიგდებოდით და ისევ ვჩხუბობდით, ეხლაც ვჩხუბობთ მაგრამ ნაკლებად. მხიარული გოგოა, სულ იცინის და თუ არ იცინის მუდამ რაღაცას მიმტკიცებს ჯიუტად და დაბეჯითებით, როცა არ ვეთანხმები ძალიან ბრაზდება და ისევ ვჩხუბობთ, მიუხედავად ამისა, გაგიკვირდებათ მაგრამ მაინც ვმეგობრობთ. მათემატიკა უჭირს ძალიან, კვირაში ორ დღეს ვეხმარები ხოლმე, ზოგჯერ ჩემთან ამოდის, უფრო ხშირად კი მისი სტუმარი ვარ, ერთად ვაკეთებთ დავალებებს. მამა არ ჰყავს, მგონი არც არასდროს ჰყოლია, დედა რომელიღაც მოდური ჟურნალის გამომცემლობაში მუშაობს, სახლში გვიან ბრუნდება, კურიერის ხელით გვიგზავნის ხოლმე პიცას და უგემურად ვიცოხნებით, აბა რა იქნება, როცა სახლში ელენა ბებოს მომზადებული გემრიელი სადილი მელოდება. ალბათ ესეცაა მიზეზი მონიკას ასე რომ უხარია ჩვენთან სტუმრობა, ყოველდღე პიცას მტერსაც არ ვუსურვებდი.
გოთურ კვარტალში ვისეირნეთ, მერე იტალიურ ნაყინზე დავპატიჟე და მთელი საათი ვისმენდი მის წუწუნს იმის თაობაზე რომ ადამიანები ცუდად ეპყრობიან ცხოველებს, აბინძურებენ გარემოს, ნამდვილი სიყვარული რომ აღარ არსებობს და მხოლოდ ცხოველური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა წამოწეული წინა პლანზე. მოგეხსენებათ ყველა გოგო ენაჭარტალა რომაა, სამწუხაროდ არც მონიკაა გამონაკლისი, ერთდროულად რამდენიმე თემაზე შეუძლია კამათი. მისთვის ეტყობა არავის უსწავლებია, უაზრო კამათი თავისთავად უაზრობაც რომაა, როცა გემრიელ რამეს შეექცევა კი არ უნდა იჩქაროს, უნდა დატკბეს თითოეული ლუკმით, ენად არ გაიკრიფოს და ენის რეცეპტორებს არ წაართვას შესაძლებლობა შეასრულონ თავისი ძირითადი მოვალეობა, გამოავლინონ საკვების გემოვნებითი ღირსება, ოპერატიულად მიაწოდონ თავის ტვინს შესაბამისი სიგნალები: - გემრიელია! - სასიამოვნოა! - სასარგებლოა! ტელევიზორს თუ უცქერი ან გაუთავებლად ლაპარაკობ, დავობ, კამათობ, თან ბრმა ყვავივით იღმურძლები და ნაჩქარევად ყლაპავ საკვებს სტომაქის გავსებამდე, მოგვიანებით რომ გკითხონ რა ჭამეო გაიხსენებ განა? არ ვდავობ, მონიკა კარგი გოგოა მაგრამ ნაყინს რომ მოვათავებთ და ყავას მოვითხოვთ, მაშინ რომ დამაყაროს ეს თავისი პრეტენზიები ხომ შეიძლება? - მით უმეტეს რომ მეც იგივე აზრისა ვარ და არც შედავებას ვაპირებ. როგორც ვთქვი კარგი გოგოა მაგრამ უფრო მოზომილი სიტყვა პასუხი რომ ჰქონდეს უკეთესი იქნებოდა ალბათ. მე რომ გამომილაყებს თავს ამ საყოველთაო პრობლემებით ამით რამე შეიცვლება თუ? იქნებ აჯობებდა იმაზე გვეკამათა რის შეცვლაც ჩვენს შესაძლებლობებს არ აღემატება და მეტნაკლებად ხელგვეწიფება კიდეც.
მოგვიანებით სახლამდე მივაცილე და ხელის დაქნევით დავემშვიდობე.
კარის გაღება ძლივს მოვასწარი ელენე რომ შემომეგება. ელენეზე ხომ უკვე გითხარით, ჩემი ბებოა, ზოგჯერ ასე, სახელითაც მივმართავ და სულაც არ სწყინს. - შეგაგვიანდა და შენი საყვარელი ბიფსტეიკი გაგიცივდაო, დამნაშავესავით მითხრა. ზურგჩანთა ჩამომართვა, ხელ- პირი დაიბანე და ახლავე შეგითბობო, დამაიმედა. სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული კარი რომ გაიღო და მარტა შემოვიდა ვიღაც