ნაწილი პირველი აღარ მელოდა ჩემი ქალაქი
ცხელა, გაუსაძლისად ცხელა. ზაფხული სასჯელია ქალაქელებისთვის, ყველასთვის არა, მხოლოდ მათთვის ვისაც სოფელში არავინ ელოდება, არც აგარაკზე ფიქრის უფლებას აძლევს თავისი მწირი ბიუჯეტი.
უკვე შუადღეა, მზე ჯერაც არსად ჩანს, ღრუბლებს მიღმა იმალება დამნაშავე ბავშვის დარად, მაინც ცხელა. ღია ფანჯრებში ფარატინა ფარდები ჰკიდია უსიცოცხლოდ, არ ირხევიან, ან როგორ შეირხევიან, როცა ნამწვი აირით და კიდევ ათასი უბედურებით გაჯერებულ და დამძიმებულ ჰაერის მოლეკულებს თავს გაუვიდათ, ფიზიკის კანონებს უდიერად ეპყრობიან და იგნორირებენ, აღარ ასრულებენ ბუნებრივი კონვექციის სავალდებულო პროცესს, არ მიკვირს ან რატომ უნდა გამიკვირდეს როცა ადამიანებმაც აქციეს ზურგი სამოქალაქო კოდექსს, მორალურ ნორმებს და ჰაერს აბა რა მოეთხოვება განა?
ჩინეთს მაგონებს ეს დახუთული ჰაერი და გაუსაძლისად მოსაწყენი დღეები. ამბობენ, მზე ხალისის სტიმულატორიაო, ალბათ ამიტომაც არიან კონფლიქტური იქაური მზენაკლულები, საითაც არ გაივლი კამათის, ბუზღუნის და ყვირილის ხმა გესმის, შენც ღიზიანდები, უგუნებობა გეუფლება, ეს ხომ გადამდებია როგორც ვირუსი. ჩამოწოლილი წებოვანი სმოგის უკან გუმანით თუ მიხვდები სად შეიძლება იყოს მზის გავარვარებული დისკო, ესეც იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ დახედავ საათს, დაახლოებით მაინც რომ ივარაუდო დროის მოცემულ მონაკვეთში რომელ სეგმენტშია შესაძლებელი მისი "აღმოჩენა". დღეში რამდენჯერმე იცვლი ოფლით გაჟღენთილ მაისურს, ჩაცმისთანავე რომ სველდება ისევ და ყარს ოფლის სუნად. გაჭირვებით უქცევ გვერდს ჩამწკრივებულ სავაჭრო ჯიხურებს, წინ და უკან თრევისგან გვარიანად გაქლერთილ და შელანძღულ ურიკა- დახლებს, ნახშირის ბრიკეტებზე საგულდაგულოდ დაბრაწულ მორიელებს და ვირთხებს, ძაღლის კბილებდაკრეჭილ თავებს, ჯერ კიდევ ცოცხალ გველებს, შენს თვალწინ რომ აძრობენ ტყავს საცოდავებს და ბრაწავენ გავარვარებულ ტაფაზე, ხმამაღალი ყვირილით იწვევენ მუშტარს, მიამიტ ტურისტებს, ყურებამდე რომ ჩამოუფხატავთ ფართო ფარფლებიანი, ფერად- ფერადი სომბრეროები თუ ბეისბოლის გრძელკეპიანი ქუდები. სასტუმროს გრილ ნომერში ან სოკოებივით აგრერიგ მომრავლებულ რომელიმე სოლიდურ რესტორანში თუ მოითქვამს კაცი სულს. გარეთ კი ქაოსია, ყვირილი, ყაყანი, ბილწსიტყვაობა. ისევე როგორ ჩვენთან. უცნაური კია, ჩვენ ხომ უმზეობა არ გვჭირს და არც ვუჩივით. მაღალმა ღმერთმა უშურველად დააფერთხა მზის ნათელი ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას მაგრამ წინასწარ გაფილტრული და სტერილიზებული სხივები გვარგუნა მხოლოდ და გასაკვირია განა, სეროტონინის, ამ სიხარულის და ბედნიერების ჰორმონების დეფიციტს თუ განვიცდით ქრონიკულად? სამზარეულოსკენ მივბარბაცებ, ლუდის დიდ კათხას ვავსებ ცივი წყლით, ბოთლის ძირში მორჩენილ, შემჟავებულ ღვინოს ვამატებ და ხარბად ვსვამ. წყურვილს მიკლავს, მაგრამ დროებით, რამდენიმე წუთში ეს სითხეც ოფლის სახით გაიწოვება ბამბის მაისურის გახუნებულ ბოჭკოებში, ტანზე რომ მეწებება დუბლეტი კანივით.
ტახტზე ვწვები გულაღმა, დიდხანს ვუყურებ ჭერს, მისხალ- მისხალ რომ მაქვს შესწავლილი და გამოკვლეული, დახეთქილ ბზარებში ვცდილობ რამე საინტერესო გამოსახულება გავარჩიო, ჰო, ვცდილობ მაგრამ ისევე უშედეგოდ როგორც ბალღობაში, გრილ ბალახზე გულაღმა გაშხლართული ქათქათა ღრუბლებში რომ ვეძებდი ჩემი ოცნების ქალიშვილის ხატებას.
თავბრუ მესხმის, თვალებს ვხუჭავ და სახეზე რაღაც ტილოს ვიფარებ, ჰო, რაღაცას რაც ხელში მხვდება, ალბათ იმას, ცოტა ხნის უკან მტვერი რომ გადავწმინდე მაგიდიდან.
ერთი თვე იქნება რაც ჩამოვედი. მე იმ "ახალი" ქართველებისგან განსხვავებით, ერთ მშვენიერ დილას ნაბახუსევზე რომ გამოეღვიძათ და პირის დაბანისთანავე მიხვდნენ, ძირძველი ევროპელები რომ არიან თურმე, (თანაც გარკვეულად და კონკრეტულად, ერთნი ალბათ ფრანგული გენებით, ილ-დე-ფრანსიდან, მეორენი ბრიტანული ფესვებით გლოსტერშირიდან...) ისეთივე აზიელად დავრჩი, როგორიც გამაჩინა განგებამ ოდესღაც, დიდი ხნის წინათ, როცა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და ვერ ხვდება დღემდე.
ჰო, "იქ" ვცხოვრობ, კორდონს მიღმა, მაგრამ ჩემი გონება სულ აქეთაა, დიდუბე-ჩუღურეთში, ვერაზე თუ სოლოლაკში, ვორონცოვ- პლეხანოვზე, თავისი ლუდხანებით თუ სახინკლე- სახაშეებით, თითქმის ყოველ მეორე სარდაფში რომ იყო განთავსებული, ძველ მუშთაიდში, ბებერი ხეების ჩრდილში მოჭადრაკე პენსიონერების გვერდით და საბილიარდოში, ტყვიისფერი თამბაქოს ბოლი მძიმე საავდრო ღრუბელივით რომ იყო ჩამოწოლილი, თანაც ისეთი მძიმე, ისეთი ბლანტი, თუ მოისურვებდი ზედ საფერფლეს რომ შემოდგამდი კაცი.
ვიხსენებ ნაცნობ და უცნობ სახეებს, ვიხსენებ მათ ნათლობის თუ ყმაწვილ ბიჭობაში შერქმეულ მეტსახელებს. ხშირად ვჯდები ხოლმე სადმე კუთხეში, დაორთქლილი კათხიდან ვწრუპავ ცივ ლუდს, თვალებს ვხუჭავ და ვიგონებ ოცდაათ კაპიკიანი წყალგარეული ლუდით "გვარდიულად" პირამდე გალიცლიცებულ მინის მასიურ კათხას, ლოყებღაჟღაჟა მიტროფანეს, ცოლშვილს რომ იფიცებდა, კასრი ეს ესაა გავხსენი და წვეთი წყალი არ დამიმატებიაო, ჯერ...
სევდა მეძალება, თამბაქოს ბოლივით ჩამოწოლილი როგორც იმ საბილიარდოში, მთრგუნავს და სულს მიხუთავს, მახრჩობს. მენატრება ყველაფერი რაც უკან დარჩა, ასე სწრაფად