ემიგრანტის შვილი ვუძღვნი ქართველ ემიგრანტებს.
ყველაზე ძლიერ ხალხს მსოფლიოში!
თქვენ მოიგეთ ყველაზე დიდი ბრძოლა საქართველოს ისტორიაში.
ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.
ერთი წლის წინ, როცა ჩვენს ოჯახს თავზარი დაეცა და დედას ემიგრაციაში მოუხდა წასვლა სამუშაოდ, ბებიაჩემმა გამარჯვებული სახით და დამცინავი ხმით მითხრა: "აი, თქვენმა კუდაბზიკობამ სადამდე მიგიყვანათ! გეჭამათ ხახვიანი კარტოფილი და დედათქვენს არ მოუწევდა გადახვეწა".
რამდენიმე წუთი გაქვავებული ვიჯექი. ჯერ იმას ვერ შევგუებოდი, რომ უდედოდ დავრჩი, დედას წესიერად ვერც ჩავეხუტე, ისე წავიდა; ფიქრებშიც კი ვერ წარმომედგინა, თუ როგორ უნდა გვეცხოვრა მის გარეშე - მე, ჩემს 12 წლის ძმას და მამას, ან როგორ უნდა შევგუებოდით ბებიაჩემის უცნაურ წესებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება ნერგავდა თავის ირგვლივ. და მეხივით დამატყდა თავს მისი სიტყვები, რომელმაც ჩვენს უბედურებას "ფარდა ახადა" - ღმერთო, აი, თურმე რატომ წასულა დედა, ამ კერძს რომ არ "ვცეცხლავდი"?!
სამზარეულოში როგორ შევედი, არ მახსოვს. მაგიდასთან დავჯექი და ლიას გასაგონად ვთქვი - "მშია". თუმცა ეს არ იყო შიმშილის გამო წარმოთქმული სიტყვა, არა, უბრალოდ, ახლა უნდა მეჭამა. წესით, მართლა უნდა მშიებოდა, მე ხომ დღეს არაფერი მეჭამა. არ ვიცი, რა ჰქვია ამ მდგომარეობას, როცა გშია და ამბობ "მშიას", მაგრამ - არა იმიტომ, რომ ჭამა გინდა, არამედ ახლა უნდა ჭამო, ასეა საჭირო.
ხახვიანი კარტოფილია მხოლოდ, თუ გინდა, კვერცხს შეგიწვავ. - მისი ტრადიციული ფრაზა იყო, არაფერი ახალი, ლია ყოველთვის ასე ამბობდა, როდესაც მას საჭმელს ვთხოვდი.
არა, კარტოფილი ამომიღე, შევჭამ.
სიტყვა დასრულებული არ მქონდა, მოტრიალდა და შემისწორა:
ხახვიანი კარტოფილი-მეთქი.
ჰო, გავიგე, ამომიღე, შევჭამ.
ამ დღიდან დავუძმაკაცდი ბოროტებას. ამ დღიდან დაიწყო ჩემი უცნაური ცხოვრება. დღემდე არ ვიცი, რატომ გავაკეთე ეს, იქნებ მინდოდა, დიდი ტკივილი სხვა ტკივილით დამეთრგუნა? არ ვიცი.
ერთი წლის თავზე დამალობანას ვეთამაშები, ასეთი უცნაური თამაში გამოვიგონე.
გაფართოებული თვალებით დავყურებ, ამჯერად კარგად დამალულა, არსად ჩანს.
სად იმალები? მაინც გაგანადგურებ, სადაც არ უნდა იყო. ჩემი წერა ხარ! ხომ ხედავ, აღარ მეშინია შენი. დიდი ხანია, დაგამარცხე. დღეს იუბილე გვაქვს. სანთელი ხომ არ ჩამერჭო? არა, არ მოგიხდება...
...ანო, დროზე ჭამე, რას მიშტერებიხარ?! - თავზე დამჩხავლა ლიამ. უცებ გამოვფხიზლდი, თითქოს წეღანდელი თავდაჯერებულობა შემერყა, მაგრამ მაინც ამაყად ვტაცე ხელი ჩანგალს და თეფშის შუაგულში ჩავარჭვე.
არც დამიხედავს, ისე გადავუძახე პირში, კბილი დავადგი და დაველოდე იმ საშინელ ხმას,ნახევრად მოხარშული ხახვი რომ გამოსცემს. გადავრჩი, ამ ლუკმაში ბომბი არ აღმოჩნდა. მინდოდა, ბედნიერი წამები დიდხანს შემეგრძნო და გადაყლაპვას არ ვჩქარობდი. ვღეჭე, ვიდრე ბოლო გრამიც არ გაქრა. იმედიანად შევუდექი შემდეგ ლუკმას, მაგრამ წინა ბედნიერი წუთები ვინ შეგარგო?! დიდი ბრძოლა მელოდა წინ. ბედისწერამკოშმარს შემაჯახა,დაჭრის შემდეგ დაუშლელი ხახვის რამდენიმე ნაჭერი შემხვდა. აღარ ვიცოდი, პირის რომელ კუნჭულში გავმკლავებოდი მოსრიალე გველს. ტანჯვა შევიმსუბუქე და ყველაფერი ერთიანად, დაუღეჭავად გადავყლაპე.ეს უკვე თამაშის ნაწილი აღარ არის, როცა მონადირებულ მსხვერპლს მიირთმევ და თავად კი მსხვერპლად იქცევი.
ყოჩაღ, აივანზე გახედვაც ვერ მოვასწარი, შეგისანსლია. - კმაყოფილი სახით მითხრა ლიამ.
მხოლოდ გავუღიმე. სახეში არც შემიხედავს, მთლად ბედნიერი სახე არ უნდა მქონოდა, მე კი არ მინდოდა, ეს შეემჩნია.
ბებიაჩემმაც, რა თქმა უნდა, ტრადიცია არ დაარღვია, თეფში კმაყოფილმა აიღო, ნიჟარისკენ გააქანა და მიაყოლა: "არ უნდა! ვერ შეჭამს! რა ბავშვის საჭმელია ხახვიანი კარტოფილი... ნეტავ, ერთი ანახა, რა ბედნიერად მიირთმევს მისი ქალბატონი."
მე, რა თქმა უნდა, არაფერი მითქვამს, როგორც ყოველთვის, მხოლოდ გულში გავიფიქრე - "მოკეტე!" - ეგ არის და ეგ.
უკვე ერთი წელია, ამ რიტუალს ვატარებთ.
მეზიზღება სიტყვა "კულინარია" და სამზარეულო, ადგილი, სადაც მსოფლიოში ყველაზე ბოროტი კერძი გამოიგონეს - კარტოფილი ჯერ მოხარშული და შემდეგ ხახვთან ერთდ შემწვარი. როგორც ჩვენი ოჯახის ისტორიიდან ვიცი, ეს კერძი ბაბუაჩემის დაჩაგრული და ღარიბული ბავშვობის დროინდელია. როგორც თვითონ ამბობს, საჭმელი არაფერი ჰქონდათ და