პირველი სიმღერა - ჭირი, რისხვა
რისხვაზე („ილიადის“ პირველი სიტყვა შემთხვევით არ არის „რისხვა“ (ბერძნ. mēnis). აქილევსის რისხვა, ერთი მხრივ, არის იმ წყენის შედეგი, რომელიც მას აქაველებმა მიაყენეს აგამემნონის სახით, როდესაც ბერძენთა მთავარ გმირს მონაქალი, ბრისეისი, წაართვეს, ხოლო, მეორე მხრივ, არის იმ ოდინდელი მრისხანების შეხსენება, რაც ბერძნებმა ალექსანდროს-პარისის მიერ ჰელენეს მოტაცების გამო განიცადეს. სწორედ ეს მრისხანება დაედო საფუძვლად ტროის ომს.), ქალღმერთო (ქალღმერთო – იგულისხმება მუზა, პოეზიის მფარველი ქალღმერთი, პოეტების შთაგონების წყარო. გვიან ანტიკურობაში ეპიკური პოეზიის მუზად ითვლებოდა კალიოპე. სხვათა შორის, ამავე ქალღმერთისადმი მიმართვით იწყება „ოდისეაც“ („გვიამბე, მუზავ, იმ მრავალტანჯული კაცის ამბავი...“). მუზები (ცხრანი იყვნენ) ზევსისა და მნემოსინეს („მეხსიერების“) ქალიშვილებად ითვლებოდნენ; ჰესიოდე „თეოგონიაში“ პირველად ჩამოთვლის მათ სახელებს: კლიო (ისტორია), ევტერპე (ელეგიური პოეზია), თალია (კომედია), მელპომენე (ტრაგედია), ტერფსიქორა (ცეკვა), ერატო (ლირიკა), პოლიჰიმნია (ჰიმნები), ურანია (ასტრონომია), კალიოპე (ეპოსი).), პელევსის (პელევსი – ჩრდილობერძნული მხარის, ფთიის მბრძანებელი, ზღვის ქალღმერთ თეტისის მეუღლე, მირმიდონელთა მეთაური, აქილევსის მამა.) ძის, აქილევსის, იმ საბედისწერო რისხვაზე მიმღერე, რომელმაც აქაველებს (აქაველებს – აქაველები (ბერძ. Achaioi), ბერძენთა ერთ-ერთი კოლექტიური სახელი ჰომეროსის „ილიადაში“ (პარალელურად გვხვდება ასევე „დანაელები“, „არგოსელები“ და, იშვიათად, მხოლოდ თითო-თითოჯერ „პანელენები“ Panellēnes და „ჰელენები“ Hellēnes).) ათასი ჭირი მოუტანა, მრავალი მძლავრი გმირის სული ჰადესში ჩადენა (სული ჰადესში ჩადენა – აქ გადმოცემულია მითოლოგიური წარმოდგენა ადამიანზე, რომელიც „თვითონ“ კვდება, მაგრამ მისი სული ჰადესში ჩადის და იქ თავისი სიცოცხლით ცხოვრობს (შდრ. „ოდისეა“, XI სიმღერა).), სხეული კი საჯიჯგნად მიუგდო ძაღლებსა და ფრინველებს. ასე აღსრულდა ზევსის ნება (ზევსის ნება (Dios bulē) – უზენაესი ღვთაების გადაწყვეტილება, მიღებული გეასთან, დედამიწასთან, ერთად – გაანადგუროს თავხედი და ამაყი გმირების მოდგმა.) მას შემდეგ, რაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ხალხთა ბელადი, ატრევსის ძე (ატრევსის ძე (ატრიდი) – აგამემნონი, არგოსისა და მიკენეს მბრძანებელი, მცირე აზიის სანაპიროზე განლაგებული, უმდიდრეს ციხესიმაგრეზე, ტროაზე, აქაველთა ლაშქრობის ხელმძღვანელი. ატრევსი იყო მიკენის მეფე, პელოფსისა და ჰიპოდამიას ძე, აგამემნონისა და მენელაოსის მამა. აგამემნონისა და აქილევსის მტრობაზე მშვენიერი ტყვე ქალების – ქრისეისისა და ბრისეისის გამო იხ. ქვემოთ.) და ღვთაებრივი აქილევსი. რომელმა ღმერთმა გადაამტერა ეს ორი გმირი? – ლეტოსა და ზევსის ძემ (ლეტოსა და ზევსის ძე – ღმერთი აპოლონი, არტემისის ძმა, ლინოსისა და ასკლეპიოსის მამა. სინათლის, ხელოვნებისა და მისნობის ღმერთი. განაგებდა ეპიდემიებსა და მკურნალობასაც.); სწორედ მან, მეფეზე განრისხებულმა, [10] შავი ჭირი მოუვლინა მხედრობას და გაწყდა ხალხი, რადგან ქურუმი ქრისესი შეურაცხყო ატრევსის ძემ; ქრისესი ხომ მანამდე მივიდა აქაველთა სწრაფ ხომალდებთან ქალიშვილის გამოსახსნელად უზარმაზარი გამოსასყიდით, ხელთ ეპყრა მიზანს აუცდენელი აპოლონის გვირგვინი და ოქროს კვერთხი; ევედრებოდა ყველა აქაველს, განსაკუთრებით კი, ატრევსის ორ ძეს (ატრევსის ძეები (ატრიდები) – ძმები, აგამემნონი და მენელაოსი.), ხალხთა მხედართმთავრებს: „ატრევსის ძეებო და სხვა ლამაზსაბარკულიანო აქაველებო, დაე, ოლიმპოსზე (ოლიმპოსი – წმინდა მთა თესალიაში, ღმერთების სავანე.) დასახლებულმა ღმერთებმა დაგაქცევინონ პრიამოსის ქალაქი (პრიამოსის ქალაქი – ტროა, სადაც მეფობდა პრიამოსი, ამ ქალაქის უკანასკნელი მეფე, ლაომედონის ძე, ჰეკაბეს მეუღლე, ჰექტორის, პარისის, ჰელენოსის, კასანდრასა და კიდევ უამრავი სხვა შვილის მამა (ორმოცდაათი მარტო ვაჟი ჰყავდა სხვადასხვა მეუღლესთან).) და ბედნიერად დაგაბრუნონ შინ; [20] ჩემი საყვარელი ბავშვი კი გამოუშვით და გამოსასყიდი მიიღეთ, პატივი ეცით ზევსის ძეს, მიზანს აუცდენელ აპოლონს“.
მაშინ ყველა აქაველმა მოწონების ყიჟინა დასცა, პატივი ვცეთ ქურუმს და ბრწყინვალე გამოსასყიდი მივიღოთო, მაგრამ ატრევსის ძის, აგამემნონის, გული ვერ მოიგო ქურუმმა, უხეშად მოიცილა და მკაცრი სიტყვაც მიაყოლა: „არ გადამეყარო, ბერიკაცო, ღრმამუცლიან ხომალდებთან, არც ახლა დაყოვნდე და არც შემდგომში დაბრუნდე, თორემ ღმერთის კვერთხი და გვირგვინი ვერ გიშველის! ქალიშვილს არ მოგცემ, [30] ჩემს სახლში, არგოსში (არგოსი – აგამემნონის სამშობლო, საბერძნეთის უძველესი ქალაქი.), სამშობლოს მოშორებული, დაბერდება იგი ქსლის მბეჭველად და ჩემი სარეცლის გამზიარებლად. ახლა კი წადი, არ გამაბრაზო და ცოცხალმა გამასწარი!“
ასე თქვა, შედრკა მოხუცი და დაემორჩილა სიტყვას: ჩუმად გაუყვა მოგრიალე ზღვის ქვიშიან ნაპირს. კარგად რომ გასცდა იქაურობას, შეევედრა მეუფე აპოლონს, რომელიც მშვენიერთმიანმა ლეტომ შვა: „მისმინე, ვერცხლის მშვილდიანო, რომელიც გარს უვლი ქრისესა (ქრისე – კუნძული და ნავსადგური ეგევსის ზღვაში, სადაც იყო აპოლონის ტაძარი.) და წმინდა კილას (კილა – ქალაქი მესიაში; აქ იდგა აპოლონის სახელგანთქმული ტაძარი.) და მძლავრად მეფობ ტენედოსში (ქრისესი ჩამოთვლის აპოლონის სახელგანთქმულ ტაძრებს მცირე აზიაში.); სმინთევსო (სმინთევსი – აპოლონის ერთ-ერთი წმინდა სახელი,