ჩემი იეიტსი უილიამ ბატლერ იეიტსის შესახებ, ნებისმიერი ენციკლოპედიისა თუ ცნობარის ყველაზე მოკლე შენიშვნაც კი – დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებთან ერთად – ამას უთუოდ გვაუწყებს:
ერთ-ერთი ბელადი ირლანდიური აღორძინებისა.
და ამ ფრაზას თუ მაინც და მაინც გავშლით, ასეც შეიძლება გავშალოთ:
ერთ-ერთი დაუცხრომელი მქადაგებელი და მებრძოლი ირლანდიის დამოუკიდებლობისათვის და მეთაურთაგანი ირლანდიელ მწერალთა და მოღვაწეთა იმ ჯგუფისა, ერის ხსნისა და გადარჩენის გზებს რომ ეძიებდა ხიხ საუკუნის მიწურულსა და ხხ საუკუნის გარიჟრაჟზე.
რა სიტყვებითაც არ უნდა გამოვთქვათ, აზრი ისედაც ცხადია.
ამ ჯგუფში, ერთი მრწამსით, ეროვნული თვითმყოფადობის მრწამსით შეკრულ ჯგუფში, იეიტსი მაინც გამოირჩევა მოღვაწეობითაც და პოეტური ტალანტითაც. პოეტური ტალანტის დასტური არა მხოლოდ მისი ლირიკა, პოემები და დრამატურგიაა, არამედ ნოველებიც, ესეებიც, ნახატებიც, ეპისტოლეებიც, დღიურებიც და ის საზოგადოებრივი მოღვაწეობაც, მარტო ამის გამო რომ ეკუთვნის განსაკუთრებული ადგილი ირლანდიის ისტორიაში. ეს ტალანტი იყო, ბევრწილად რომ განსაზღვრა არა მხოლოდ თანადროული ირლანდიური თუ ინგლისური ყოფა და ლიტერატურა, არამედ მომდევნო ხანის ევროპული ლიტერატურა, ვიდრე დღევანდელ დღემდე.
თუმცა, ცოტა არ იყოს, დამახინჯდა და გაბუნდოვანდა იეიტსის მხატვრული მიგნებანი, ბუნებრიობა დაკარგა სხვების ხელში და ხელოვნურ სქემებად იქცა, მისი შემოქმედება ხომ მაინც დარჩა ამ მიგნებათა პირვანდელ ჭეშმარიტ ნიმუშად.
მის ცალკეულ ლექსებს სხვადასხვა ანთოლოგიებით ვიცნობდი, ცალკეულ ლექსებს, განა ანთოლოგიებში რამდენს გამოაქვეყნებდნენ, ვიცნობდი რჩეულ პროზას (გული მწყდებოდა, რომ უმთავრესად ნაწყვეტები იყო დაბეჭდილი) და ერთ პიესას, ეს მოზრდილი პოეტური კრებული კი (უილიამ ბატლერ იეიტსი, რჩეული ლექსები, ბოლო გამოცემა ავტორის შენიშვნებით, ნიუ-იორკი, 1960 წ.) შარშან მათხოვა კოლაუ ნადირაძემ და თან დაბეჯითებით გამიმეორა მანამდე ამბად გაგონილი, თუ რა უცნაურმა შემთხვევამ ჩაუგდო ხელთ ეს კრებული.
არადა, უცნაურის მეტს რას დაარქმევ.
არ ვიცი, რამდენად ზუსტად აღვადგენ, დაახლოებით კი ეს მოვისმინე.
„საოცარია პირდაპირ... ფოსტით მომივიდა, თან ხელში წიგნს ატრიალებს, შეაბრუნებს, შემოაბრუნებს, გადაშლის, ჩახედავს, დახურავს, გადააბრუნებს, ისევ გადაშლის, ისევ ჩახედავს, თან მელაპარაკება, დინჯად, მკაფიოდ, წყობისად, – ბლანკზე რუსულად აწერია – კოლაუ ნადირაძეს, ბინის მისამართი ზუსტად ეწერა. ჩემი მისამართი. სუპერი გადამძვრალი, ყდა – მოგლეჯილი, მოგლეჯილი კი არა, მობდღვნილი, ყდა ცალკე იყო, ფურცლები ცალკე; მერე მივაწებებინე, წიგნს დავამგვანე. ინგლისიდან თუ ამერიკიდან გამოეგზავნათ. ვფიქრობ, ნეტა ვინ გამოგზავნა, რატომ გამომიგზავნა. ვატრიალებ ხელში, ვერაფერი გამიგია. შევატყე, ინგლისურია, ინგლისური ენა არ ვიცი, ფრანგული ვიცი, გერმანულიც, ბავშვობიდან ვიცი, ვლაპარაკობ, ინგლისური სულ არ ვიცი. უცხოეთში რომ მქონოდა მიმოწერა, კიდევ რაღაცას ვიფიქრებდი. სულ გადავჩხრიკე კონვერტი, ისედაც დაშლილი წიგნი სულ ფურცელ-ფურცელ ვამოწმე, იქნებ ბარათი მაინც იდოს-მეთქი, სულ პატარა ბარათი. ან ბარათიც არ მინდა, ვინ გამოგზავნა, ეწეროს. ვერაფერი ამის მაგვარი მე იქ ვერ ვნახე. ჩემი გვარი, სახელი, მისამართი და ყდამოგლეჯილი, დაფურცლული წიგნი – ეს იყო და ეს. მეტი არაფერი. ან სხვა წიგნზე მაინც გამეგზავნა მოთხოვნა ბიბლიოთეკაში. ესეც კი ვიფიქრე. ხდება ხოლმე, სხვა წიგნი გინდა, სხვა მოგივა. დღემდე ვერაფერი გამიგია, დღემდე ვერაფრით ვერ ამიხსნია, ფრანგული წიგნი არავის გამოუგზავნია, ეს ინგლისური ვინ... რატომ... სხვის მაგივრად მაინც მომსვლოდა – მისამართი ჩემია, გვარი, სახელი ჩემია... წიგნია, ხომ არ გადავაგდებდი, მწერალთა კავშირში მივედი, დამქონდა, ვყვებოდი, რაც მოხდა, როგორც მოხდა. ვის რა უნდა აეხსნა, ვის რა უნდა გაეგებინებინა, მე ვერაფერი გამეგო. ბოლოს მითხრეს, რა უნდა ქნა, ან ჩვენ რა უნდა ვქნათ, გინდა დაიტოვე, გინდა გადააგდეო. წიგნი როგორ გადამეგდო. ყდაში მაშინ ჩავასმევინე, კარგად, მშვენივრად, სუპერი მოვარგე... მაგრამ სულ მიკვირდა და სულ მიკვირს – ვინ... რატომ... ან ვიცოდე მაინც, ვინ არის. სწორად როგორ გამოითქმის? იეიტსი არა? იეიტსი... არ ვიცნობ, ამ პოეტს მე არ ვიცნობ. ძალიან კი დავინტერესდი, იქნებ თარგმნილი იყოს-მეთქი რაიმე, ან ქართულად, არ რუსულად. წავიკითხავდი. იქ ანთოლოგიები გავსინჯე. იქ ჟურნალები ვათვალიერე, ვერსად წავაწყდი. სულ არაფერია თარგმნილი?“
„რამდენიმე ლექსი ქართულადაც არის თარგმნილი...“
„ცალკე კრებული?“
„არა, კრებული არა, თითქმის სულ უცნობია“.
„სურათმა დამაინტერესა. ისე მომეწონა... თუ გინახავს?“
„არა, არასოდეს“.
„ნახე, რა პოეტური სახე აქვს“.
პოეტური.
როგორც მინაწერიდან გავიგე, პორტრეტი დაეხატა ავგუსტუს ჯონს 1907 წელს და სურათის მფლობელი ყოფილა იეიტსის თანამედროვე პოეტი, დოქტორ ოლივერ სენტ ჯონ გოგარტი (მიიჩნევენ, რომ გოგარტია პროტოტიპი ბაკ მალიგანისა „ულისეში“) მაგრამ ეს მერე აღვიქვი. ჯერ ყმაწვილკაცის სახე დავინახე, ხმელი, ვაჟკაცური სახე, დახვეწილი ნაკვთები.
„თვალებს, თვალებს დააკვირდი“.
თვალები განსაკუთრებით კარგად გამოსვლოდა მხატვარს, რაღაც ხიბლი