ჯარი როგორც ასეთი აცხოვნე, უფალო, ერი შენი, და აკურთხე
სამკვიდრებელი შენი. ძლევა ჯვარითა
ბარბაროზთა ზედა ღვთივ-დაცულსა
ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე
მისსა, დაიცევ, რათა ვიტყოდეთ-უფალო,
დიდება შენდა, დიდება შენდა, დიდება შენდა.
დეკემბრის სუსხიანი თვეა. მანქანის ძარაზე ვწევარ და ცისკენ ვიყურები. ცა ვარსკვლავებით მოჭედილია. მანქანა სწრაფად მიდის. ქარი ძლიერდება. სახეს ქარის საწინააღმდეგო მხარეს ვაბრუნებ. სამხედრო შინელი მაცვია, კისერზე სქელი შინელის საყელოს ვიწევ ქარისგან დასაცავად. გამახსენდა მარტო რომ არ ვარ, ჩემ გვერდით ორი რიგითი წევს და ჩემსავით იბუზებიან სიცივისგან, როგორც იქნა მანქანამ იალღუჯის ბაზაზე მიგვიყვანა. ბაზაზე რკინის გრძელი ნაჭრები უნდა ჩამოგვეტვირთა საწყობში და ისევ უკან უნდა დავბრუნებულიყავით სამხედრო ნაწილში, რომელიც თბილისში მდებარეობდა. ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებთ ისე რომ ხმაც არ გაგვიცია ერთმანეთისთვის. საქმეს მოვრჩით თუ არა მანქანის ძარაზე ავძვერით და უკან დავბრუნდით ნაწილში. ცა ისევ მოჭედილია ვარსკვლავებით. იმ საღამოს რომ დავბრუნდით სასადილოში შევედით, ჩვენი წილი საჭმელი აღარ დაგვხვდა, ასე გვითხრეს დამთავრდაო, აქამდე სად იყავითო, თითქოს ჩვენი ბრალი იყო რამეში. თუმცა აღარ გვშიოდა სიცივისაგან ისე ვიყავით გათანგულები. ყაზარმაში შევედით და დავწექით ჩვენს ნარებზე, მალე ჩამეძინა...
მგონი დაძინებაც ვერ მოვასწარი ისე სწრაფად გაგვაღვიძეს. დილის ექვსი საათია, ჩვენი ასეულის ზემდეგი ყვირის ადეექ, ადეექ, თქვე უსაქმურებო, სახლში ხომ არ გგონიათ თავი, ჩაიცვას ყველამ და მოეწყვეთ ეზოში. ზედა საწოლიდან ზლაზვნით ჩამოვედი, ფორმა ჩავიცვი, მაგრამ ამ "პარტიანკის" (ტილოს თეთრი ნაჭერი) დახვევა ვერაფრით ვისწავლე ფეხზე, ეს ჩექმებიც პატარა მეჩვენება მის ჩასაცმელად რამის ზედა საწოლიდან ჩამოვხტე. სააბაზანოში ყოველთვის რიგი დგას, ზოგჯერ სარკის გარეშე ვრჩები და ისე ვიპარსავ წვერს. ამასაც ჯარი ჰქვია რა, თანაც ქართული...
დილის შვიდის ნახევარია, ყველა ეზოში იკრიბება. სიცივისაგან ვიბუზებით და ჩექმას ჩექმაზე ვუბრაგუნებთ. ვიღაც იფურთხება, ერთმა ასტრა გახსნა. ყველა მექანიკურად ვიღებთ უფილტროს, ნაფაზს ვარტყავ და ღრმად ვუშვებ ფილტვებში ნიკოტინს, თითქოს რაღაც შვებას მაძლევს. ზემდეგი ჩამოვიდა ეზოში ერთი კარგად გაიზმორა. დავეწყვეთ ორ რიგად და "კაპეზესკენ" სირბილით გავქანდით. რკინის დიდი კარი ხრჭიალით იღება და ქალაქში გავდივართ. მთელი უზნაძის ქუჩა უნდა გავირბინოთ გრიბოედოვის ძეგლამდე და უკან. ყურებში ჩექმების რახარუხი მესმის. სერჟანტი ყვირის ერთი ორი, ერთი ორი, თვლა, მოუმატეთ, ჩქარა. ჩექმები უფრო არახრახდა და სინქრონულად დაიწყო რახარუხი. სახლებში ყველას ძინავს. მეეზოვეები თუ გამოჩნდებიან აქა-იქ. ირგვლივ ყველაფერი იორთქლება, მაინც რა სიცივეა. ალბათ ასე ადრე ჯერ არ გამღვიძებია....
უკვე ცხრის ნახევარია. სასადილოში შევდივართ. აქაც ყველაფერი დაორთქლილია, მაგრამ არა სიცივისგან, არამედ სითბოსგან. გულის ამრევი სუნი დგას. ისმის ჯამ-მისკების რახარუხი. სერჟანტები გამუდმებით ყვირიან, დაუჩქარეთ, ჩქარა დილის მოწყობა მალე იწყება. საუზმედ რაღაც ფლავი მოგვიტანეს, რისია დღემდე ვერ გამირკვევია, მაგრამ ისე მშიოდა, არც მიმიქცევია ყურადღება ისე სწრაფად შევჭამე. შემდეგ ჩაი და მარგარინიანი პური მივაყოლე. ამისთვის სულ ერთი კოვზი მქონდა. ამით ფაფაც უნდა მეჭამა, კარაქიც უნდა წამესვა და ჩაიც უნდა მომერია. ჩემ გვერდზე მჯდომს ვკითხე კი მარა ჩანგალი ან დანა მაინც დაედოთ არ შეიძლებოდა. შემომხედა და გაეცინა. აქ რომ ჩანგლები და დანები დააწყონ, ერთმანეთს ხუთ წუთში ამოვხოცავთო. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ზოგს საერთოდ არ უჭამია, მხოლოდ ჩაი დალიეს. კიდევ კარგი ძალიან პრეტენზიული არ ვიყავი ჭამაში, თორემ ალბათ სულ მშიერი დავრჩებოდი. როგორც იქნა დილის შეკრება დაიწყო. ხაზზე პირველ რიგში ოფიცრები დგანან, შემდეგ "კურსანტები" ე. ი. მსმენელები, ბოლოში ჩვენ საკომენდანტო ასეული. ჩვენ ნაწილს ჰქვია "გაერთიანებული სამხედრო აკადემია". სულ ერთი თუ ორი წლის შექმნილია. 1995 წლის დეკემბრის ცივი დღეა. "პლაცზე" გენერალ-მაიორი შუბლაძე გამოჩნდა. ის ამ აკადემიის უფროსია. მას უკან პოლკოვნიკები მოჰყვებიან. გენერალზე გამიგია აფხაზეთის ომში მამაცურად იბრძოდა, კიდევაც დაუჭრიათ. სიის ამოკითხვა დაიწყო. ჯერ აკადემიაში მომუშავე ოფიცრების სიას კითხულობენ, შემდეგ მსმენელების. ჩვენი სია ზემდეგმა ამოიკითხა ბოლოს. აკადემიაში ერთი პოლკოვნიკი გვყავს გენერლის მოადგილე, რომელიც ყველაფერს ამოწმებს აკადემიაში, განსაკუთრებით წესრიგის დაცვას აქცევს ყურადღებას, შეიძლება ითქვას ზედმეტადაც. ჩამოვლაზე მსმენელებს ეჩხუბებოდა, შენ ქამარი არასწორედ გაქვს გაკეთებულიო, შენ შინელი ყელთან არ გაქვთ შეკრულიო, უთხრა ერთ მსმენელს. კურსანტმა უპასუხა. ბატონო პოლკოვნიკო კისერი გადამეხეხა ამ შინელის გადამკიდე და რა ვქნაო. პოლკოვნიკმა არც აცია და ერთი უთავაზა მუშტი შუბლზე და უბრძანა ეხლავე შეიკარიო; მსმენელი დაემოჩილა და სასწრაფოდ შეიკრა შინელის შესაკრავი კისერთან, ალბათ სხვა გზა არ