დოფამინი პროლოგი
ეს არ არის წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო. ეს არის წიგნი, რომელიც უნდა გადაყლაპო და მერე დაელოდო, როდის დაიწყებს შენს ძარღვებში მოქმედებას. აქ ბავშვობის ტრავმები კოკაინის ხაზებს ერევა, ხოლო ეკლესიის კიბეებზე დატოვებული ნაფეხურები
— საკუთარი დედის მკვლელობის სურვილს. "რას აკეთებ, როცა შენი ტვინი მხოლოდ კატასტროფებში იღვიძებს? როცა სიმშვიდე გკლავს, ხოლო ქაოსი ერთადერთი წამალია? 'დოპამინი' არის მოგზაურობა ADHD-ის ლაბირინთებში, ემიგრაციულ ნაგვის ურნებთან და თეთრ, ცივ ფანტელებთან, რომლებიც წამით ღმერთად გაგრძნობინებენ თავს.
ეს არის აღსარება მათთვის, ვინც ორ ქვეყანას, ორ ცხოვრებას და ორ სიკვდილს შორის გაიჭედა. დაუნდობლად ნამდვილი ისტორია იმაზე, თუ როგორ ვცდილობთ გადავრჩეთ იქ, სადაც გადარჩენა შეუძლებელია."
ავტორი გთავაზობთ რადიკალურ გულწრფელობას, რომელიც გულისრევამდე მიგიყვანთ. ეს არის ადამიანის ანატომია, რომელიც სიცარიელეს საათობით უყურებს და მხოლოდ მაშინ ცოცხლდება, როცა სიკვდილს თვალებში აფურთხებს. გაფრთხილებთ: დოზის გადაჭარბება გარდაუვალია.
აღსარება მკითხველს
იცოდე, სანამ ახალგაზრდა ხარ, შენი გრძნობები შიშველი ნერვებივითაა — ყველაფერს მზის დაბნელებასავით მძაფრად აღიქვამ. ეს არის სულის ის ნეტარი სიმთვრალე, რომელიც მალე გაივლის და მერე მთელი ცხოვრება მოგენატრება. დადგება დღე, როცა მიხვდები: ვერასდროს იგრძნობ ვერც სიხარულს და ვერც ტკივილს ისეთივე პირველყოფილი ძალით, როგორც ოცი წლის ასაკში. ზრდასრულობა ხშირად უფერული და ნაცრისფერია, სადაც ერთადერთ ნაპერწკალს წარსულის მწველი მოგონებები თუ გიწილადებს.
მნიშვნელობა არ აქვს, დროის რომელ მონაკვეთში დგახარ ახლა, ეს სიტყვები გულზე ამოიტვიფრე: "იმ ასაკში, რომელშიც ახლა ხარ, მეორედ აღარასდროს იქნები". ყოველი წამი შენი ცხოვრების შეუქცევადი მსხვერპლშეწირვაა.
ნუ დაემალები ცხოვრებას შეცდომების შიშით, ნუ გამოიკეტები უსაფრთხოების ციხე-სიმაგრეში! გაბედე, გარისკე და დაწვი ხიდები, რადაც უნდა დაგიჯდეს! აირჩიე მხოლოდ ის გზები, რომლებიც წარმოუდგენლად რთული და დაუძლეველი გეჩვენება. ნუ იქნები მორჩილი აჩრდილი, ნუ იქნები წყნარი და სხვების ნებაზე მომართული. დაამსხვრიე ყველა გალია და იყავი ის, ვინც ყოველთვის გინდოდა, რომ ყოფილიყავი — მაშინაც კი, თუ ამისთვის მთელ სამყაროსთან დაპირისპირება მოგიწიოს.
დოფამინი
ჩემი ბავშვობის ტკივილს ჩემში არ ჩაუყრია ფესვი. ის ბევრად ადრე, მარიასგან დაიწყო. ჩემამდე იყო მარიას ისტორია — მძიმე და წარუშლელი, რომელმაც ჩემი სულის რელიეფი მანამ გამოკვეთა, სანამ საკუთარ დარდს ვესტუმრებოდი.
ის იყო მაღალი, წაბლისფერი თმით, ხშირი წამწამებითა და პატარა ცხვირით. წინა ორი კბილი ოდნავ დაცილებული ჰქონდა; როდესაც იღიმებოდა, იმდენად გულწრფელი და სათნო იყო, რომ მისი ყურებისას სინამდვილეს მთელი სიმძაფრით შევიგრძნობდი.
მარია ლუ
ამ ცხოვრებაზე ბევრი არაფერი ვიცი, იქნებ სწორედ ეს მაძლებინებს.
რატომ? იმიტომ, რომ ხშირად თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, როგორ ვკლავ დედაჩემს. სულ მინდა, მის მიერ მოქნეულ დანას ვემსხვერპლო, მის ხელებში დავლიო სული, რათა მარტო დარჩენილმა სამუდამოდ ინანოს ყველაფერი. მან დაიმსახურა ჩემი უარყოფა — ნამდვილად დაიმსახურა.
დედა საშუალო სიმაღლის, ლამაზი ქალი იყო. გადამეტებულად უყვარდა თავის მოვლა და მუდამ საუკეთესო ფორმაში იყო; ჰქონდა თეთრი, ფითქინა კანი და მოკლე, თხელი, ღია ფერის თმა. ჩემი დიდი, თაფლისფერი თვალებით სწორედ მას დავემსგავსე. მძულდა ყოველი მიმიკა, რომლითაც ნათესავები მას მამსგავსებდნენ. საერთოდ, ყველა მძულდა — ნათესავებიც და გარშემომყოფებიც, ყველა- საკუთარი თავის გარდა.
პატარა ვიყავი, ალბათ, პირველ კლასში. მამაჩემი არ მუშაობდა და არც ამის სურვილი აწუხებდა. დალევდა ხოლმე და შემდეგ ნამდვილი ჯოჯოხეთი იწყებოდა. დედის ცრემლებს ისე მივეჩვიე, რომ ისინი ჩემთვის ყოველგვარ მნიშვნელობას კარგავდნენ. სოფლის პატარა, ალიზის სახლში ვცხოვრობდით მე, დედა, მამაჩემი — ის ლოთი — და ჩემი უფროსი ძმა. თავდაპირველად ამ ყოფას ცხოვრების უსამართლობას ვაბრალებდი, თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ დამნაშავე არა ცხოვრება, არამედ დედაჩემი იყო: მან მეუღლედ და მამად აირჩია კაცი, რომელმაც არცერთის მნიშვნელობა იცოდა.
მამას დალევის გარდა არაფერი შეეძლო. მას არც ჩვენი სიყვარულით ეწვოდა გული და მითუმეტეს — არც დედაჩემის. პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა; უმოწყალოდ სცემდა დედას ჩვენს თვალწინ, ლანძღავდა და შეურაცხყოფდა, თუმცა მეორე დღეს დედას ისევ ცოცხალს ვხედავდი — მას მამას მხარზე თავი ჰქონდა მიდებული და იღიმებოდა. ეხუტებოდა, კისერზე ხელებშემოხვეული ლოყებს უკოცნიდა. ვერ ვიგებდი, უნდა შემძულებოდა თუ არა მამაჩემი. საერთოდ ვეღარაფერს ვხვდებოდი, გარდა ერთისა: როდესაც მამა ბრუნდებოდა, უნდა დავმალულიყავი და მანამ არ გამოვჩენილიყავი, სანამ ეს საშინელება არ დასრულდებოდა.
როგორ მეშინოდა... შიშისგან კანკალს ვერ ვწყვეტდი. მინდოდა, უკანმოუხედავად გავქცეულიყავი, მაგრამ წასასვლელი არსად მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წლები გრძელდებოდა, შიშს მაინც ვერ შევეჩვიე. მამაჩემი მაღალი, შავგვრემანი, კარგი აღნაგობის კაცი იყო და გარეგნობით ყოველთვის იქცევდა ყურადღებას. ჰქონდა მწვანე თვალები და უცნაური გამოხედვა. მისი სიარულის მანერა სრულიად განსხვავებული იყო — მშვიდი, ნელი