ნაწილი პირველი
სამყაროს წესს სიკვდილი განსაზღვრავს. იქნებ ღმერთისთვისაც ჯობდეს, რომ იგი არ იწამონ, მთელი ძალ-ღონე სიკვდილთან ბრძოლას მოახმარონ და აღარ აღაპყრონ თვალები ზეცისკენ, სადაც იგი დუმს.
ალბერ კამიუ
მარია კლინიკის დერეფანში იჯდა და ექიმს ელოდებოდა. აბორტი უნდა გაეკეთებინა. დერეფანში ციოდა და ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი პალტო ვერ ათბობდა. პალტო ნაცრისფერი იყო და თხელი. ყელსა და სახელოებზე მოწითალო, ხელოვნური ბეწვით გაწყობილი. შარშან დეკემბერში ლილოს ბაზრობას სამი წრე დაარტყა, ვიდრე ამ განსხვავებულ მოდელს იპოვიდა. მოდური „დუბლიონკა“ უნდოდა, მაგრამ ფული არ ეყო. ამიტომ ეს აარჩია. გამყიდველმა ტანსაცმლის გროვაზე მიყუდებული სარკე აიღო და ხელით დაიჭირა. მარიამ პალტო ჩაიცვა და სარკეში ჩაიხედა. იმ ხრიოკ ველზე მოწყობილ დახლებს შორის ვიწრო, მართკუთხედ სარკეში ჩაკვეხებულ საკუთარ გამოსახულებას შეხედა და გაიფიქრა, რომ პალტოს წელში გამოყვანილი სილუეტი, ვერცხლისფერი ღილები და ღია წითელი ბეწვი უჩვეულო იყო, ორგინალური და იმ პირქუში გარემოდან ამოვარდნილი. „თხელია, შემცივდება ამაში“, - თქვა ყოყმანით. „არაა თხელი!“ - არ დაეთანხმა გამყიდველი ქალი, - „შენნაირი არავის ეცმება, დამიჯერე. შიგნით თბილი ჯემპრი ჩაიცვი და არ შეგცივდება. კაი თბილი ჯემპრებიც მაქვს“, - სარკე ცალი ხელით დაიჭირა და მეორე ხელით დახლზე დაწყობილი შავი სვიტერების გადმოწყობას შეუდგა. „არა, ჯემპრი არ მინდა. ამას ავიღებ“, გადაწყვიტა და ჯინსის ჯიბიდან ოცლარიანები ამოაძვრინა. „მომკლავს დედაჩემი“, - ამის გაფიქრებაც მოასწრო, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. მას შემდეგ პალტოში ბევრჯერ შესცივნია, მაგრამ ახლა განსაკუთრებით აძაგძაგებდა. სიცივე სადღაც შიგნიდან მოდიოდა, მუცლიდან, და მთელ სხეულს უყინავდა.
- ავალიანი! - დაიძახა ვიღაცამ კარშეღებული ოთახიდან. მარია თითქოს ნაცრისფერ პალტოში გახვეულ ყინულის ლოლუად ქცეულიყო, რომელსაც მოძრაობა აღარ შეეძლო, მაგრამ ახლა როგორმე უნდა წამომდგარიყო და იმ ოთახში შესულიყო.
„მომკლავს დედაჩემი. ნამდვილად მომკლავს!“
გაჭირვებით დაიძრა. ფეხებზე დოლაბები მოება ვიღაც უხილავს. გულზეც რაღაც ქაჩავდა, კიდევ უფრო მძიმე. ექიმის კაბინეტში შედარებით თბილოდა. ექიმს ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული, რომლის წითელი მავთულები სისხლძარღვებივით გაბმულიყო ნიკელის კედლებს შორის და ექიმის ფეხების მიმართულებით გასცემდა სითბოს. ეს ექიმი ჯგუფელმა ურჩია, ვითომ მეზობელი გოგოსთვის რომ სთხოვა დახმარება. და თან დაარიგა: „მოკლედ, ეგ შენი მეზობელი შევა ვაკის ლეჩკომბინატში, იკითხავს მერის. ჩაეწერება და ეგაა...“ ჰოდა, მარიაც შევიდა ვაკის ლეჩკომბინატში, ავიდა მეორე სართულზე, მოძებნა მერი და ჩაეწერა. მერი იყო მაღალი, ხმელი ქალი, ტუჩზე მკვეთრი წითელი პომადით. მერის პომადა, გამათბობლის მავთული და მარიას პალტოს საყელო კი სამი წითელი შტრიხი ამ რუხ სამყაროში. მერი კარგი ქალი ჩანდა, მაგრამ მარიასთან სალოლიაოდ არ ეცალა, სამედიცინო ანკეტას ავსებდა: „ექოსკოპიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაყოფი არის...“ თოთხმეტი კვირის, მაგრამ თორმეტ კვირას ჩაწერს. „პირველი ორსულობაა...“
- ანალიზები ნორმაშია. ალერგიული არ ხარ. ხომ არ ხარ? - მაინც დააზუსტა.
- არა.
- პროცედურიდან ერთი საათის შემდეგ შეგიძლია სითხე და საკვები მიიღო. და არავითარ შემთხვევაში - ალკოჰოლი.
- კარგი.
- ნამდვილად გავაკეთოთ? დარწმუნებული ხარ?
მარია მხოლოდ იმაში იყო დარწმუნებული, რომ დედამისი მოკლავდა. მერე რა, რომ მარია თორმეტი კვირის ჩანასახი კი არა, ცხრამეტი წლის გოგო იყო! მითუმეტეს, სასწრაფოდ მიასიკვდილებდა, მათი შერცხვენა რომ არავის გაეგო.
- დარწმუნებული ვარ! - მეტი დამაჯერებლობისთვის თავი თანხმობის ნიშნად დააქნია და ფეხის რიტმულ კანკალს მოჰყვა. რიტმულს და ნერვულს. აქ უხილავი დოლაბები არ უშლიდა.
- კარგი. აქ მომიწერე ხელი.
მარიამ ფურცელზე ხელი მოაწერა.
- გამიყუჩებთ, ჰო?
- ნუ გეშინია. არ გეტკინება, - დააიმედა ექიმმა.
- თორმეტ კვირამდე აბორტი რატომაა დაშვებული? ჯერ სულამდე არ არის გაზრდილი?
- სულამდე?
- ჰო, სული როდის ედგმება, უფრო დიდი რომ გახდება?
- არ ვიცი, ეგ მოძღვარს უნდა ჰკითხო.
- არ მყავს მოძღვარი.
- არა უშავს, - უთხრა გულსგარეთ, - ვიდრე შუქი არ წასულა, მოვასწროთ უნდა. წელს ქვემოთ გაიხადე და დაწექი.
მარიამ ფანჯრიდან ქარში გარხეულ ხეებს გახედა. ლამაზი შიდა ეზო ჰქონია კლინიკას, დიდი, მაღალი ხეებით სავსე ბაღი - ბავშვების ჟრიამული მოუხდებოდა... ბაღის ბოლოს კი მრავალსართულიანი კორპუსები მოჩანდა, სადაც მშვიდი, ჩვეული ყოფა მიედინებოდა. მარიას შურდა იქ მცხოვრები ადამიანების, შურდა თორმეტი კვირის წინანდელი საკუთარი თავის. რა ბედნიერი ყოფილა მაშინ!
ექიმმა საპროცედუროს თეთრი ფარდა ჩამოაფარა. მარიამ ჯერ პალტო გაიხადა, მერე ჩექმა, კოლგოტი, საცვალი. კოლგოტი და საცვალი ჩანთაში ჩაჩურთა. გინეკოლოგიურ სკამზე დაწვა. ფეხები ყავარჯნებივით ამოშვებულ სადგამებზე დააწყო. ახლა