თავი პირველი რიშელიეს აჩრდილი
ჩვენთვის უკვე ცნობილი კარდინალის სასახლის ერთ-ერთ ოთახში, ქაღალდებითა და წიგნებით დაზვინულ მოოქრულკუთხეებიან მაგიდასთან, ორივე ხელზე თავდაყრდნობილი მამაკაცი იჯდა.
მის უკან, ვეებერთელა ბუხარში, კაშკაშა ცეცხლი გიზგიზებდა და აელვარებული ნაპერწკლები ტკაცუნით ცვიოდა ოქროთი დაფერილ გისოსებზე. ცეცხლის შუქი ზურგის მხრიდან ეცემოდა ჩაფიქრებული მამაკაცის ძვირფას ჩაცმულობას, ხოლო სახეს კანდელაბრებში ანთებული სანთლების ალი უნათებდა.
ძვირფასი მაქმანით გაწყობილი წითელი მანტია, მძიმე ფიქრით სევდაშემოწოლილი ფერმკრთალი შუბლი, განცალკევებული კაბინეტი, დაცარიელებულ დარბაზებში გამეფებული სიჩუმე და კიბეების ბაქნებზე გუშაგების ზომიერი ნაბიჯები გაფიქრებინებდათ, რომ კარდინალ რიშელიეს აჩრდილი ისევ თავის ძველ ოთახში იმყოფებოდა.
ვაი, რომ, ეს მართლაც დიდი ადამიანის აჩრდილი გახლდათ! დაუძლურებული საფრანგეთი, მეფის შერყეული ძლევამოსილება, კვლავ ძალამოკრებილი მშფოთვარე თავადაზნაურობა და საზღვარზე გადმოსული მტერი სწორედ იმაზე მეტყველებდა, რომ რიშელიე აქ უკვე აღარ იყო.
მაგრამ აზრს, რომ წითელი მანტია ძველ კარდინალს არ ეკუთვნოდა, კიდევ უფრო ამტკიცებდა მარტოობა ამ კაცისა, რომელიც აჩრდილს უფრო წააგავდა, ვიდრე ცოცხალ ადამიანს; ცარიელ დერეფნებში არ ირეოდნენ კარისკაცები, სამაგიეროდ, ეზო გუშაგებით იყო სავსე, ქუჩებიდან კარდინალის ფანჯრებში იჭრებოდა მინისტრისადმი მტრულად განწყობილი მთელი ქალაქის დაცინვა და დრტვინვა; შორიდან ისმოდა თოფების გამუდმებული სროლა. მართალია, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ჰაერში ისროდნენ ერთადერთი მიზნით, რათა გუშაგების, დაქირავებული შვეიცარიელების, მუშკეტერებისა და პალე-რუაიალის სასახლეს (ახლა პალე-კარდინალის სასახლემ სახელი შეიცვალა) გარშემორტყმული ჯარისკაცებისთვის ეჩვენებინათ, რომ ხალხსაც აქვს იარაღი.
რიშელიეს აჩრდილი მაზარინი გახლდათ.
იგი თავს მარტოდმარტო და უძლურად გრძნობდა.
- უცხოელი! - ბუტბუტებდა მაზარინი, - იტალიელი! აი, მათი საყვარელი სიტყვები, ამ სიტყვებით მოკლეს, ჩამოახრჩეს, მოსპეს კონჩინი. ნებაზე რომ მივუშვა, მეც მომკლავენ, ჩამომახრჩობენ, მომსპობენ. მერე, რა ბოროტება მიმიძღვის? მხოლოდ ოდნავ შევავიწროვე გადასახადებით. სულელები! მაშასადამე, არ ესმით, რომ მათი მტერი ფრანგულ ენაზე ცუდად მოლაპარაკე იტალიელი კი არ არის, არამედ ის, ვისაც უნარი შესწევს მათ წინაშე წმინდა პარიზული აქცენტით ლამაზი სიტყვები აფრქვიოს.
- დიახ, დიახ, ასეა, - ბუტბუტებდა მინისტრი ნაზი ღიმილით, რომელიც ამჯერად უადგილო ჩანდა მის ფერმკრთალ ბაგეზე. - დიახ! თქვენი დრტვინვა მაგონებს, რაოდენ არამყარია ფავორიტის ბედი: მაგრამ, თუ ეს იცით, იცოდეთ, რომ მე უბრალო ფავორიტი როდი ვარ. გრაფ ესეკსს გვირგვინოსანი საყვარლის (ინგლისის დედოფალი ელისაბედი.) მიერ ნაჩუქარი ალმასებით მოჭედილი დიდებული ბეჭედი ჰქონდა, მე კი უბრალო ბეჭედი მიკეთია, ვენზელითა და რიცხვით ამოტვიფრული. მაგრამ იგი პალე-რუაიალის ეკლესიაშია კურთხეული.
ისინი ვერ გამტეხენ, რაგინდ ძლიერიც უნდა იყოს მუქარა. თუმცა გაჰყვირიან „ძირს მაზარინი!“, მაგრამ ვერ ამჩნევენ, რომ მაინც ვაიძულებ, იყვირონ „გაუმარჯოს ჰერცოგ ბოფორს!“, „გაუმარჯოს პრინც კონდეს!“ ან „გაუმარჯოს პარლამენტს!“ და აი, ჰერცოგი ბოფორი ვენსენშია. პრინცი დღეს თუ არა ხვალ იქ ეწვევა. პარლამენტი კი... (კარდინალს ღიმილი ისეთი სიძულვილით შეეცვალა, როგორიც არასოდეს უნახავთ მის ალერსიან სახეზე). პარლამენტი... ჯერ კიდევ ვნახოთ, რას მოვუხერხებთ პარლამენტს. ჩვენკენაა ორლეანი, მონტარჟი. არ ვიჩქარებ, მაგრამ ის, ვინც ყვირილი დაიწყო „ძირს მაზარინი“, ბოლოს და ბოლოს ამ ხალხს რიგრიგობით შესძახებს „ძირს!“.
კარდინალი რიშელიე, რომელიც სიცოცხლეში სძულდათ და რომელზედაც მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ალაპარაკდნენ, ჩემზე უარეს დღეში იყო. იგი ხომ რამდენჯერმე განდევნეს კიდეც და სწორედ ამის ეშინოდა ყოველთვის. მე კი დედოფალი არასოდეს გამაგდებს; თუ იძულებული გავხდები, ხალხს დავუთმო, ჩემთან ერთად ისიც დაუთმობს. თუ გაქცევა მომიწევს, ჩემთან ერთად გამოიქცევა და მაშინ ვნახოთ, აჯანყებულები რას იზამენ თავიანთი მეფისა და დედოფლის გარეშე. ეჰ, რატომ ვარ უცხოელი. ფრანგი მაინც ვიყო, ან აზნაური...
იგი კვლავ ფიქრს მიეცა.
მართლაც მძიმე მდგომარეობა იდგა, გასული დღე კი უფრო ართულებდა საქმეს. ბილწი სიხარბით შეპყრობილი მაზარინი გადასახადებით სულს ხდიდა ხალხს, ვისაც, პროკურორ ტალონის თქმისა არ იყოს, მხოლოდ სულიღა შერჩენოდა, და ისიც იმიტომ, რომ მისი გაყიდვა საჯარო ვაჭრობით არ შეიძლებოდა, - ეს ხალხი, ვინც სამხედრო გამარჯვებებზე ხმაურით უნდოდათ ჩაეჩუმებინათ და რომელიც დარწმუნდა, რომ დაფნის გვირგვინი კუჭს ვერ გაუძღებდა, - დიდი ხანია დრტვინავდა.
მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. როცა მხოლოდ ხალხი დრტვინავს, ხოლო ბურჟუაზია და თავადაზნაურობა მასთან არ არის, მეფის კარს არ ესმის ეს დრტვინვა. მაზარინიმ გაუფრთხილებლობა გამოიჩინა: სასამართლო უწყების მაღალ მოხელეებს შეუტია. მან პარლამენტის მომხსენებლების თანამდებობაზე თორმეტი პატენტი გაყიდა. რაკი მოხელეები თავიანთი ადგილებისთვის ძალიან ძვირს იხდიდნენ და თორმეტი ახალი თანამოძმის გამოჩენა ფასს დასცემდა, ყოფილი მოხელეები შეერთდნენ და სახარებაზე ფიცი დადეს, არავითარ შემთხვევაში არ შერიგებოდნენ ახალი მომხსენებლის დამატებას, წინააღმდეგობა გაეწიათ სასახლის