იარე წინ, მარადისობისკენ
წინასიტყვაობა
ეს წიგნი მოგვითხრობს აკრის ცხოვრებაზე, კაცზე, რომელმაც დაამარცხა ბულინგი, ცხოვრების მტკივნეული მომენტები, სავსე იყო იმედებითა და მოულოდნელი უსიამოვნებებით. აკრი ახალგაზრდა იყო, უნივერსიტეტი დაამთავრა,, სურდა პროფესიას დაუფლებოდა, ოცნებები ჰქონდა, მაგრამ ბედისწერა არასოდეს ყოფილა მისდამი მოწყალე.
მისი გზა სავსეა დაკარგვებით: დედის გარდაცვალება, მარტოობა, ოჯახური ტრაგედიები. ეს წიგნი მოგიყვებათ, როგორ შეიძლება ადამიანი გადაურჩეს ტკივილს, მაგრამ მაინც აღმოაჩინოს საკუთარ თავში ძალა და გააგრძელოს ცხოვრება, თან ისე, რომ სხვებითვის ნუგეშად იქცეს.
აკრის ამბავი არა მხოლოდ ტრაგედიაა. ეს არის მოგზაურობა ადამიანის სულიერ სიმტკიცეში, ეს არის გზა, სადაც ტკივილი იწვევს გულქვაობას, მარტოობა ღრმავდება, მაგრამ სიყვარული, ოჯახი და პასუხისმგებლობა ცხოვრების გაგრძელების მთავარი მოტივატორები ხდებიან.
ავტორის წერილი მკითხველს
ძვირფასო მკითხველო,
სანამ ამ წიგნის პირველ გვერდს გადაშლი, მინდა თავად წიგნზე ცოტა ადრე გაგესაუბრო და მოგიყვე, როგორ დაიბადა "იარე წინ, მარადისობისკენ" რა გახდა მისი შექმნის მიზეზი და რა ისტორია დგას იმ გვერდების მიღმა, რომლებსაც ახლა კითხულობ. მე აკაკი კირვალიძე ვარ და ეს წიგნი ჩემთვის მხოლოდ ტექსტი, შეკრული წინადადებები და დაბეჭდილი გვერდები არ არის. ის არის გარკვეული პერიოდის, ფიქრების, განცდების, დაკვირვებებისა და იმ კითხვების შედეგი, რომლებზეც პასუხებს წერის პროცესშიც ვეძებდი.
"იარე წინ, მარადისობისკენ" წერა 2024 წელს დავიწყე, მაშინ, როცა 12 წლის ვიყავი. ამ ასაკში წიგნის დაწერა ჩემთვის ერთდროულად დიდი სურვილიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც. ვიცოდი, რომ წერა მხოლოდ რამდენიმე გვერდის შექმნას არ ნიშნავდა. ვიცოდი, რომ ერთხელ დაწერილი სიტყვები საბოლოოდ სხვა ადამიანების ხელშიც აღმოჩნდებოდა და თითოეული მკითხველი მას საკუთარი გამოცდილებითა და შეხედულებებით წაიკითხავდა. სწორედ ამან გამიჩინა სურვილი, ტექსტისთვის სერიოზულად მომეკიდებინა ხელი და ის მხოლოდ იდეად არ დამეტოვებინა.
წიგნის იდეა ერთ კონკრეტულ დღეს არ გაჩენილა. თავდაპირველად არსებობდა ცალკეული ფიქრები, მოვლენები, პერსონაჟები და განცდები, რომლებიც ერთმანეთთან თითქოს პირდაპირ კავშირში არ იყო. დროთა განმავლობაში ამ ყველაფერმა ერთმანეთის პოვნა დაიწყო და ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ისტორია, რომელსაც საბოლოოდ "იარე წინ, მარადისობისკენ" ვუწოდე. თავიდან თავადაც არ ვიცოდი, ზუსტად სად მიმიყვანდა ეს გზა. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ მინდოდა ისეთი ამბავი შემექმნა, რომელიც მკითხველს არა მხოლოდ დააინტერესებდა, არამედ გარკვეულ საკითხებზე დააფიქრებდა.
წერის პროცესი ყოველთვის მარტივი არ ყოფილა. იყო დღეები, როცა რამდენიმე გვერდის დაწერა თავისუფლად შემეძლო და იყო დღეებიც, როცა ერთი აბზაცის ჩამოყალიბებას დიდი დრო სჭირდებოდა. ზოგჯერ უკვე დაწერილ ტექსტს თავიდან ვკითხულობდი და ვხვდებოდი, რომ რაღაც სხვანაირად უნდა დამეწერა. ზოგი ნაწილი შევცვალე, ზოგი გადავწერე, ზოგი კი საბოლოოდ საერთოდ აღარ დარჩა. ამ პროცესმა მასწავლა, რომ წიგნის დაწერა მხოლოდ წარმოსახვის გამოყენება არ არის. მას სჭირდება მოთმინება, შრომა, საკუთარი ნაწერის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება და სურვილი, რომ პირველი ვერსიით არ დაკმაყოფილდე.
წიგნის შექმნისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის სათაურის მნიშვნელობა. "იარე წინ, მარადისობისკენ" თავიდან შეიძლება უბრალოდ სამი ჩვეულებრივი სიტყვა ჩანდეს, მაგრამ ჩემთვის ისინი გაცილებით მეტს ნიშნავს. ეს არის აზრი, რომ ადამიანის ცხოვრება ყოველთვის არ ვითარდება ისე, როგორც მას სურს. ზოგჯერ გვიწევს ისეთი მოვლენების მიღება, რომელთა შეცვლაც არ შეგვიძლია. ზოგჯერ ვკარგავთ ადამიანებს, შესაძლებლობებს, დროს ან საკუთარ თავში გარკვეულ რწმენას. თუმცა ამის შემდეგაც არსებობს არჩევანი — დარჩე იმ ყველაფერში, რაც უკვე მოხდა, თუ ეცადო, გზა გააგრძელო.
წინსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არასდროს ეტკინება, არ შეეშინდება ან შეცდომას აღარ დაუშვებს. პირიქით, ზოგჯერ წინსვლა სწორედ მაშინ ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა ყველაფერი რთულდება. ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ყველა პასუხი, მაგრამ შეუძლია შემდეგი ნაბიჯის გადადგმა. შეიძლება ვერ ხედავდეს მთელ გზას, მაგრამ შეუძლია იმ მცირე მონაკვეთის გავლა, რომელიც მის წინ არის. ვფიქრობ, სწორედ ასე იქმნება ცვლილება — ყოველდღიური არჩევანებით, მცირე ნაბიჯებითა და იმ გადაწყვეტილებით, რომ რთული მომენტის გამო საკუთარ მომავალზე უარი არ უნდა თქვა.
ამ წიგნში შევეცადე, ადამიანური გამოცდილებისთვის ადგილი დამეტოვებინა. აქ არის ტკივილი, დანაკარგი, შეცდომა, იმედი, ურთიერთობები და ის შინაგანი ბრძოლები, რომელთა შესახებაც ადამიანები ყოველთვის ხმამაღლა არ საუბრობენ. არ მინდოდა, ყველაფერი იდეალურად წარმოჩენილიყო, რადგან რეალური ცხოვრება იდეალური არ არის. ადამიანები უშვებენ შეცდომებს, ზოგჯერ ერთმანეთისგან შორდებიან, ზოგჯერ ერთმანეთს ტკივილს აყენებენ, ზოგჯერ კი საკუთარ თავთანაც უჭირთ პასუხების პოვნა. თუმცა ყველაზე რთულ მომენტშიც შეიძლება არსებობდეს შესაძლებლობა, რომ ადამიანი შეიცვალოს და საკუთარი გზა თავიდან იპოვოს.
14 წლის ასაკში ამ წიგნის დაწერამ კიდევ