ტაიპი - თავი 1 ექვსი თვეა, ზღვაში ვართ! მრავალმა კვირამ განვლო მას შემდეგ, რაც სურსათ-სანოვაგის მარაგი გამოგველია. ერთი კარტოფილიც კი აღარ გვაქვს, იამსის ნაყოფზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ვაი, რომ ჩვენი გემის კიჩოსა და შუა ბანის დამამშვენებელი ბანანის კუნწულებიც სადღაც გაქრა! აღარაფერი შემოგვრჩა, კახაჯისა და ორცხობილას გარდა.
რამოდენა ხმაურს ტეხენ ხოლმე ჩვეულებრივი კაიუტების მგზავრები ატლანტის ოკეანის ორკვირიანი გადაცურვის გამო, რა ამაღელვებლად ჰყვებიან საზღვაო მოგზაურობის გაჭირვებასა და ათასგვარ ხიფათზე! მთელი მათი სიძნელე იმაში მდგომარეობდა, რომ, მართალია, დღისით მიირთმევდნენ ჩინებულ საუზმეს, სადილს, ყბედობდნენ, ვისტს (ვისტი - ბანქოს თამაში.) თამაშობდნენ, შამპანურს სვამდნენ, მაგრამ მერე წითელი ხისა და ნეკერჩხლის კაიუტებში იყვნენ გამომწყვდეულნი და ათი საათის განმავლობაში ეძინათ. არაფერი აშფოთებდათ, გარდა იმ „ბედასლი მატროსებისა“, რომლებიც მათ თავზე „ღრიალებდნენ და ფეხებს აბრაგუნებდნენ“... საინტერესოა, რას იტყოდნენ, ჩვენს ადგილას რომ ყოფილიყვნენ და ექვსი თვე ღია ზღვაში გაეტარებინათ?..
ნეტავ ერთი ხასხასა ბალახი დაგვანახვა, აყალო მიწის საამო ოხშივარი გვასუნთქა! ნუთუ ჩვენ ირგვლივ სულ არ არის სიმწვანე? არის, როგორ არა, - ქიმის შიდა მხარე მწვანედაა შეღებილი. მაგრამ, ღმერთო ჩემო, რა საძაგელი ფერია! ქერქიც კი, რომელიც ჩვენ მიერ საწვავად გამოყენებულ შეშას ეკრა, კაპიტნის ღორმა შემოღრღნა და ჩახეთქა; მაგრამ ეს იმდენად დიდი ხნის წინ მოხდა, რომ ღორიც აღარ არის ამქვეყნად.
საქათმეს მხოლოდ ერთი ბინადარი შემორჩა - ოდესღაც მხიარული მამალი. ჰოდა, ისიც მთელი დღეების განმავლობაში დგას ცალ ფეხზე, ალმაცერად დასცქერის ბრუალა ხორბალსა და მარილიან წყალს, წინ რომ უდგას ჯამით. უთუოდ თავის ამხანაგებს დასტირის. მაგრამ დარდისთვის ბევრი დრო აღარ დარჩენია. მუნგომ, ჩვენმა შავმა მზარეულმა, გუშინ გამანდო, რომ საბრალო პედროს ბედი გადაწყვეტილია. მის დაუძლურებულ სხეულს მომავალ კვირას სუფრაზე მიართმევენ კაპიტანს და დაღამებამდე ჩვეულებრივი ცერემონიით იქნება დაკრძალული ამ ღირსეული ადამიანის ჟილეტქვეშ. ხოლო მატროსები ამბობენ, კაპიტანი მანამდე არ წარმართავს გემს ნაპირისკენ, სანამ მარაგიდან ცოცხალი ხორცის ერთი კერძი მაინც აქვს შემორჩენილიო. მე ავი არ მსურს შენთვის, ჩემო პედრო, მაგრამ რაკი სიკვდილი გაქვს მისჯილი და რაკი შენი სიკვდილი ჩვენი გათავისუფლების ნიშანი შეიძლება გახდეს, რატომაც არ უნდა ვთქვა სიმართლე? - მინდა, ახლავე წაგაძრონ თავი!
საბრალო ძველი ხომალდი! რა უბადრუკად გამოიყურება! მცხუნვარე მზისგან დამწვარი საღებავი ამოიბურცა და დასკდა. ნეტავ ერთი დაგანახვათ ის წყალმცენარეები, რომლებსაც იგი დაათრევს, ან კიდევ ნიჟარები, კიჩოზე რომ მიჰკვრია; ყოველთვის, როცა ტალღაზე აღიმართება, გამოაჩენს ხოლმე სპილენძის შემონაკერს, რომელიც სულ მთლად დაკბილულია.
ვაშა, ბიჭებო! გადაწყდა: მომავალ კვირას მარკიზის კუნძულებისკენ ავიღებთ გეზს! რა საოცარ წარმოდგენებს იწვევს მარტოოდენ სახელწოდებაც კი! კაციჭამიათა ნადიმები, ქოქოსის პალმის ჭალები, მარჯნის რიფები, ტატუირებული ბელადები, შიშველი ქალწულნი, ბამბუკის ტაძრები... პურის ხეებით მოფენილი მზიური ველები, ცისფრად მოელვარე წყალში მოქანავე კანოეები, საშინელი კერპების მიერ დაცული უღრანი ტყეები, წარმართული ადათ-წესები, ადამიანის მსხვერპლად შეწირვა...
ასეთი იყო ერთმანეთზე უცნაურად გადახლართული წარმოდგენები, მთელი ჩვენი ნაოსნობის მანძილზე რომ არ მშორდებოდა. სულითა და გულით მეწადა მომენახულებინა კუნძულები, რომლებსაც ესოდენ აღფრთოვანებით აღწერდნენ ძველი მოგზაურები.
ჯგუფი კუნძულებისა, საითაც ახლა მივემართებოდით, თუმცა სამხრეთ ოკეანეში ევროპელთა მიერ ყველაზე ადრეულ აღმოჩენებს (1595) მიეკუთვნება, ჯერ კიდევ ისეთივე ველური და უკულტურო ადამიანებითაა დასახლებული, როგორიც წინათ იყო. მისიონერები, რომლებიც აქ უმაღლესი დავალებებით იყვნენ გამოგზავნილნი, ამ წარმტაც ნაპირებს კი მიადგნენ, მაგრამ მალე მიატოვეს და კვლავ ქვისა და ხის კერპებს მიანდვეს.
ძალიან საინტერესოა ვითარება, რომელშიც ეს კუნძულები აღმოაჩინეს. მენდანის სანაოსნო გზაზე, როცა იგი ოქროთი მდიდარ ქვეყანას ეძებდა, ეს კუნძულები ჯადოსნური ხილვასავით ამოიწვერა, და ესპანელებმა წუთით ირწმუნეს, რომ მათი ოცნება ახდა. მარკიზ დე მენდოსას, პერუს იმდროინდელი ვიცე-მეფის პატივსაცემად, რომლის მფარველობითაც სანაოსნოდ მეზღვაურები გაემართნენ, მათ კუნძულებს თავიანთი ბატონის ტიტულის აღმნიშვნელი სახელი დაარქვეს, ხოლო იქიდან დაბრუნებულებმა იმდენად გაურკვეველი ანგარიში მიაწოდეს მსოფლიოს მათი სილამაზის შესახებ, რამდენადაც დიდებული იყო ისინი. მაგრამ ამ კუნძულების ამბავი, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე არავის შეუშფოთებია, მალე ყველას მიავიწყდა. მხოლოდ მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი ზოგი რამ. თითქმის ყოველ ორმოცდაათ წელიწადში რომელიმე მამაცი მოგზაური დაარღვევს ხოლმე მათ მყუდროებას და, უჩვეულო სანახაობით განცვიფრებული, მოისურვებს, საკუთარ დამსახურებად ჩათვალოს ეს აღმოჩენა.
ამ უკანასკნელ წლებში ამერიკისა და ინგლისის გემები, რომლებმაც წყნარ ოკეანეში ვეშაპების ჭერას მიჰყვეს ხელი, შემთხვევით, სურსათ-სანოვაგის უკმარისობის გამო, შედიოდნენ ყურეში, რომელიც ერთ-ერთი კუნძულის მახლობლად მდებარეობდა, მაგრამ ადგილობრივ მცხოვრებთა წინაშე შიში, რაც გამოწვეული იყო