ქალაქთა ქალაქი
მოწიკწიკე დიდი კედლის საათი.
ტიტრები.
ღამე. ქალაქთა ქალაქის - სტამბოლის ხედი.
ლაჟვარდისფერ ღამეში მეჩეთების, გემების,
სასახლეების, მანქანების შუქი. ზღაპრული ხედი.
ფოტოგრაფი იწყებს ამბის თხრობას.
ტიტრების ფონზე მარტოსულის დაღლილი,
ნაღვლიანი ხმა ჰყვება...
ფოტოგრაფი: (ხმა) მეუბნებით, რაიმე გვიამბეო... კარგი, ერთ ამბავს გიამბობთ, მაგრამ შევძლებ კი გულის გადაშლას? არ ვიცი... როცა მეუბნებიან, რაღაც გვიამბეო, ხეებზე ვფიქრობ... ხეებზე ჩემი სიზმრებიდან... ერთხელ, ერთი ამბავი მოვყევი, მსმენელებს გული გადავუშალე... მაგრამ მარტო მე არ ვიყავი მთხრობელი. ყველა რაღაც ამბავს ჰყვებოდა... მეც, არ ვიცი, რატომ, ხეებზე ვფიქრობდი... მაგრამ მაშინ ახალგაზრდა ვიყავი... არა, ახლა უკვე აღარ ვარ ახალგაზრდა.
კადრში ფოტოგრაფი... ნაადრევად მოტეხილი, ასე, დაახლოებით ოცდაათი წლის ახალგაზრდა... გაჩეჩილი, გაუპარსავი, დარდიანი. თუმცა არც ისე უგუნებოდ უნდა იყოს... მძიმე, სქელი ფარდის წინ ისე ზის, თითქოს პავილიონში ან სადმე გასართობ ადგილას იჯდეს. ჩანს, შეჩვეულია ასეთ ადგილებში ყოფნას... ჰო, მართლა, კმაყოფილია, ამბავს რომ ჰყვება... სევდიანად, ნაღვლიანად, თავდაჯერებულად ჰყვება, მაგრამ მის საუბარში რაღაც ირონიაც იგრძნობა.
ფოტოგრაფი: ჩემი ახალგაზრდობა ძალიან შორს, ჩემი მოსაყოლი ამბის დასაწყისში დარჩა... მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, დაუდეგარი, მამაჩემს ვეურჩებოდი... სულ სტამბოლში სწავლაზე ვფიქრობდი... ჯერ სტამბოლზე, მერე სწავლაზე... მამაჩემს არ დავუჯერე და სახლიდან წავედი... იმანაც ფულის გზავნა შემიწყვიტა... ერთი ნათესავის დახმარებით, ეს საქმე ვიშოვე... თავიდან არ ამომდიოდა, რომ პავილიონის ფოტოგრაფობას ვიწყებდი. ჩემთვის ვფიქრობდი, რომ მე და მამა დიდი-დიდი ექვსი თვის მერე შევრიგდებოდით, მაგრამ არა, ექვსი თვის შემდეგ მამაჩემმა კი არა, ერთმა კაცმა მომძებნა... მერე გავარკვიე, ის კაცი მისი მსახური იყო. ქალაქის გარეუბანში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე სახლში წამიყვანა... იქ ერთ ქალს... მომხიბლავ და ლამაზ ქალს უნდოდა, რომ ფოტოატელიეებში, ბარებში გადაღებული ფოტოსურათები მისთვის მიმეტანა ხოლმე... ყოველ დილით... რისთვის სჭირდებოდა სურათები, არ უთქვამს. ამ სამსახურისთვის დიდძალი ფული შემომთავაზა. დავთანხმდი.
ქალი ფოტოგრაფის მოტანილ სურათებს
ათვალიერებს. კადრში მისი ხელი ჩანს.
სურათებს ერთმანეთში ურევს.
პავილიონებში გადაღებული სურათები...
სევდიანი, მელანქოლიური სახეები...
ულვაშებიანი კაცები სვამენ...
ჩაშავებული და უტყვი სახეები.
მაგიდებს გარშემო მამაკაცები შემოსხდომიან.
ძალიან უცნაურნი, გადაბმული წარბებით, უაზროდ იღრიჭებიან, სახეები პროფილში, სასმისები აუწევიათ, დარდიანები...
მამაკაცთა მსგავსი და განსხვავებული სახეები...
ფოტოგრაფი: (ხმა) მთელი ღამე სურათების გადაღებისა და გამჟღავნების შემდეგ, გათენებამდე, ჩემს პატარა ოთახში ცოტას წავთვლემდი ხოლმე, მერე გზას დავადგებოდი. როცა ქალაქის ახალგამოღვიძებულ, ნისლიან დილით შიშველი წაბლის ხეების ქვეშ მივდიოდი, ვფიქრობდი, ნეტა, რას ეძებდა ქალი ფოტოსურათებზე.
კამერა იღებს წაბლის ხეებს. ხის ტოტები ნელ-ნელა, უხმოდ მოძრაობენ.
ფოტოგრაფი: (ხმა) დაახლოებით ორი წელი გრძელდებოდა ასე... ყოველ დილით ფოტოსურათების მიტანისთანავე რაღაც აღტყინებით გამომტაცებდა ხოლმე ხელიდან, მაგიდას მიუჯდებოდა და მათზე აღბეჭდილ სახეებს დაჟინებით აკვირდებოდა. ერთადერთი, რაც კარგად მახსოვს, მამამისთან ერთად ბავშვობაში გადაღებული ფოტო იყო... წლების შემდეგ მივხვდი, რას ეძებდა ქალი.
ქალის სახლში
დიდი კედლის საათი წიკწიკებს. დილა.
დიდ, ცარიელ ოთახში მაგიდასთან ზის ქალი.
მის წინ, დივანზე - ფოტოგრაფი.
ქალი, ოცდათხუთმეტ წლამდე, მოვლილი...
ფოტოგრაფის მიერ მოტანილ სურათებს ყურადღებით აკვირდება. ზოგიერთს ცალკე დებს, ლუპით ათვალიერებს, ზოგს კი უყურადღებოდ ერთ მხარეს აწყობს. ჩანს, უკვე დახელოვნებულია ამ საქმეში, სწრაფად მოძრაობს. მაკრატლით ფოტოდან ვიღაცის სახეს ჭრის.
სიგარეტს ეწევა.
ფოტოგრაფი დივანზე ზის და სურათების ალბომს ზერელედ ათვალიერებს, თან ცალი თვალი ქალისკენ გაურბის.
ფოტოგრაფის მზერა კედელზე დაკიდებული, ჩარჩოში ჩასმული ფოტოსკენაა მიმართული.
ფოტოსურათზე ჟოკეის შარვალში გამოწყობილი ორმოც წლამდე კაცი და ათი წლის პატარა გოგო სამოციანი წლების ამერიკული მანქანის წინ დგანან... მათ უკან დიდი, შთამბეჭდავი ხე დგას...
ქალი ფოტოსურათებს ფილატელისტივით აკურატულად აკვირდება. ხელში სიგარეტი უჭირავს.
ერთ ფოტოს დააშტერდა, იღიმება.
ქალი: ამ კაცის სახე ისეთი ცარიელი და სევდიანია, რომ მაშინვე ხვდები, სამი შვილი უნდა ჰყავდეს... ბავშვები დღე და ღამე ჩხუბობენ... კაცი სიზმარში ბაღით გარშემორტყმულ სახლს ხედავს.
სხვა ფოტოს დასწვდა... თითქოს მობეზრდა. შემდეგ - სხვას.
ერთ-ერთის თვალიერებისას, უცებ გაფაციცდა. ფოტოს ლუპით ყურადღებით ათვალიერებს.
ფოტოგრაფი გრძნობს, რომ ქალს სახე ეცვლება...
ქალი მაგიდიდან დგება, ფანჯარასთან მიდის და მზის შუქზე ფოტოს კიდევ ერთხელ აკვირდება.
ქალი: ამ კაცის სხვა სურათები ხომ არ გაქვს?
ფოტოგრაფი ჩანთიდან სურათების დასტას იღებს და ქალს უახლოვდება.
ფოტოგრაფი: ყველა აქაა....
ფოტოგრაფი დასტიდან ერთ ფოტოს ირჩევს და ქალს აწვდის.
ამ სურათზე სამი კაცია.