1
დეტექტივმა გახარიამ ფაილები ჩაკეცა, შემდეგ კომპიუტერი გათიშა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. ჯერ დაამთქნარა, შემდეგ გაიზმორა. ერთხანს მზერა გაუშტერდა, შემდეგ წამოდგა, ტანსაცმლის საკიდისკენ წავიდა, საკიდიდან პიჯაკი ჩამოხსნა, ჩაიცვა და ფანჯარასთან დადგა.
გარეთ წვრილად წვიმდა. ავტობუსის გაჩერებაზე რამდენიმე ადამიანი იდგა, ერთერთს მარჯვენა ხელში გაშლილი ქოლგა ეჭირა. სხვები უქოლგოდ იყვნენ.
გახარიამ მეორეჯერ დაამთქნარა და მოტრიალდა, სამუშაო მაგიდასთან მივიდა, მაგიდიდან მობილური ტელეფონი აიღო, პიჯაკის მარჯვენა ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ კომპიუტერის მონიტორში ჩაიხედა და მარჯვენა ხელი გადაისვა თმაზე...
დეტექტივი გახარია კარისკენ წავიდა, კართან გაჩერდა და გაიფიქრა: „ცხოვრება მშვენიერია, ალბათ იმიტომ, რომ არანაირი აზრი არ აქვს“ და წარმოიდგინა: დგას მაღალი შენობის სახურავზე და ქვევით იხედება.
კარი გააღო და გავიდა. თანაშემწე გოგონას გაუღიმა. შემდეგ ორივე ხელი დაიქნია და წარმოიდგინა, რომ გაფრინდა. თანაშემწე გოგონამ დეტექტივის საქციელი შემდეგნაირად შეაფასა: „ვარჯიშობს, ისე მეც უნდა ვივარჯიშო, ოღონდ ასე არა, აუზზე უნდა ვიცურავო, იქითა ორშაბათიდან დავიწყებ...“ – მიიღო გადაწყვეტილება და რამდენიმე წამის შემდეგ ფეისბუკზე დაპოსტა: „ორშაბათიდან ვიწყებ ცურვააას...“ პოსტი რამდენიმე წამში 8 ადამიანს მოეწონა.
დერეფანში დეტექტივი გახარია განყოფილების უფროსს შეხვდა. ერთმანეთს გაუღიმეს და ხელი ჩამოართვეს, ერთმანეთი მოიკითხეს, შემდეგ ორივემ თავის გზა განაგრძო.
გარეთ გამოსულმა გახარიამ ღრმად ამოისუნთქა და რადგან წვიმდა, მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა. მანქანის კარი გააღო, წარმოიდგინა, რომ ავტომობილის გამტაცებელია, აქეთიქით დაძაბულად მიმოიხედა, მანქანაში ჩაჯდა, მანქანა დაქოქა და დაძრა.
გზაზე დეტექტივმა გახარიამ წარმოიდგინა, რომ ჯაზის მოყვარულია და მთელი გზა ჯაზრადიოს უსმენდა.
დეტექტივი გახარია დედასთან ერთად თბილისის ერთერთ გარეუბანში, ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა, თუმცა მის წარმოსახვაში ეს იყო პატარა ორსართულიანი სახლი, ასევე პატარა, მაგრამ ულამაზესი ბაღით.
დეტექტივმა გახარიამ ბინის კარი გააღო. დედა სამზარეულოში იჯდა და კარტოფილს ფცქვნიდა. დეტექტივმა გახარიამ წარმოიდგინა, რომ დედა ვახშმობდა.
დეტექტივი გახარია ტუალეტში შევიდა, წარმოიდგინა, რომ ძალიან პრანჭია გოგოა და უნიტაზზე ძალიან ფრთხილად დაჯდა. მოშარდა. წამოდგა და უნიტაზი ჩარეცხა, შარვალი აიწია, შეიკრა და ონკანთან მივიდა. წარმოიდგინა, რომ მოხუცია და ხელები უკანკალებს. ონკანი ძლივსძლიობით გახსნა და აკანკალებული ხელები წყალს შეუშვირა.
ტუალეტიდან გამოვიდა. წარმოიდგინა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციით უკმაყოფილო ადამიანია, ტელევიზორთან მივიდა, ჩართო ტელევიზორი და საინფორმაციო გამოშვებას ჩაუჯდა... „ყველაფერი ყალბია, ყველა კადრი, ყველა სიუჟეტი“ – ფიქრობდა აღშფოთებული, შემდეგ წამოდგა, ორივე ხელი დაიქნია და საძინებლისკენ გაფრინდა.