კოწა-ხუროო,
ჩიტო-გვრიტო. 1976 წელს დავიბადე მე, დავით ქართველიშვილი. 6 ივლისს (ზაფხულის თვეა ვარვარა) ჩავტოვე დარბაისელი ნათესაობა ჩემი (პარტიულნიც, უპარტიონიც) თბილისში (ქალაქია). ბებიაჩემი: დაგვწვა, ბები, მზემ, გამოგვალაყა, ჩემო სიცოცხლევ, ცელქო შენა, მზესავით ნათელო და უბიწოვ ჩემო, მთვარევ ჩემო.
შამპანური უსვამთ – თუმნიანი – ცივი. გაგრილებულთ უტაშფანდურიათ. ამ ოჯახის მომავალი ბურჯი და დედაბოძია ეს ბღარტიო. გაქაჩულა ბებიაჩემი, შენ სიგრძე (ჰიპერბოლაა, რა თქმა უნდა, გულითადი) აბია ჩემს დათოსო. დედაბოძები შენიანებში მოიკითხე, ატოციას გლახავ შენ. დამღერა გულმოოხებულმა ჩემს ხორთუმს მერე, კოწა-ხურო, ჩიტო-გვრიტო. შენი სკოლის დამთავრებას მომასწროს ქრისტე-ღმერთმა, შენი ინსტიტუტის დამთავრებას.
ეჰ, ღმერთო - ცუდო! ბუტე-ბუტე.
მე უბრალო ვარ. არც კლასში ჩავრჩენილვარ და არც კურსზე დაუტოვებივარ ვინმეს.
იურისტი ვარ დიპლომირებული. ამ კაცს სამართალმცოდნის კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოსო, – რექტორმა სთქვა. დამეხმარა ღვთიური.
რა თქმა უნდაო, – კომისიის თავჯდომარის მოადგილემ. ხია ბეჭედი დიპლომში ჩაბრილიანტებული მარჯვენით თვისით.
მერე მომიტრიალდა თვალებჩასაკოცნი: წარმატებებს გისურვებ ცხოვრების გზაზეო, – მითხრა.
თავი დავუკარი.
მერსი ავგუსტა ანდ აუფვიდერზეინ.
ხაბარდაა! გზაა!
როგორღაც ასე მოხდა
20 აგვისტო
მაშ დროშები უნდა დაუშვათ ჩვენი?! არა, არა, ნიკაგდა! მე, სირაჯ ოტიას, ყველა მიცნობს! მოვალეა ჩემი იმერი და ამერი. ყველა მოიქნევს ჩემთვის მუშტს ჯიგრით. იგრეთ ხოშიან ბიჭებს მოვიყვან, როგორიცრო ე იმ ჩვენი იმპერატორის ჯარშიც არც მოჰლანდებიათ! შიშით ქვეშ გაუშვებენ, ჰა, ჰა, ჰა შობელძაღლები.
ოღონდ ჯერა, აი, ამ ჩვენი დალოცვილი ტფილის-ქალაქის თავს მოუგზავნოთ კაცნი, ჰამქართა თვალისჩინნი, პირდაპირ მუშტიკრივზე გადასვლა, ძმებო, როგორღაც ბუნტსა ჰგავს. გთავაზობთ აირჩნენ: სომეხი ვარდაგეს და ქართველი ჯონდია. ესენი ნასწავლი ხალხია, წერა-კითხვის მცოდნენი.
თანახმანი ვართ, ძმებო?
თქვენ გენაცვალოთ სირაჯი ოტია!
„ვარდაგეს – 42 წლის. მეწაღე. ცოლი ჰყავს და ორი შვილი, ცოლთან ორივე.
ჯონდია – 32 წლის. ყასაბი. საცოლე ჰყავს სოფლელი გოგო.“
ჩაიკითხა ქალაქის თავმა დოსიე.
ნიკოლაი ეგნატიჩ, – მიმართა მდივანს, ახალგაზრდა კაცს მომავლისმქონეს.
დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ!
განა სასაცილო არაა, რო უბირი ხალხი ესე აპროტესტებს მისი უგანთლესობის აბსოლიტურად კანონიერ და რაც მთავარია ცივილურ ბრძანებას, ჰა, ჰა და მართლაც რა საჭიროა ამქრები ჩვენს დიდებულ იმპერიაში?!
რა თქმა უნდა სასაცილოა, თქვენო ბრწყინვალებავ!
მე მზად ვარ აუდიენციისათვის, – სთქვა და წამოდგა ქალაქის თავი. სარკესთან მივიდა-
ჩამოივარცხნა წვერი, გადაისვა თითები საბეჭურებზედ. სიქა ერტყა ზედ გენერლის.
ე, ესეთი ფუფუნება არ ენახათ აქამდე. მომავლისმქონე, ამჟამად მდივან ნიკოლაის წმინდა წიგნებში ამოკითხული ჰქონდა, რო მთავარნი მოოქროვილ დარბაზებში მსხდომიარობდნენ, მაგრამ წაკითხული რა ბედენაა! გააოცა იგიც ნახულმა პირველად.
ეხლა სწორედ ის ეტიკობდა თვალებით, ხელებით, სიტყვებით კი აფრთხილებდა მოსულთ (ო, ენა-პირი):
– მის ბრწყინვალებას ბევრი დრო არ აქვს. სახლში ელიან ყოვლადსათნო მეუღლე და უმანკო შვილები. მზადებაა, ფაცურია იქ დიდი. ერთ კვირაში მისი უბრწყინვალესობა ათ წლისთავს აღნიშნავს – ახარე და აბედნიერე კიდევ დიდხანს – თვისის ქორწილისას, ბატონებო!
უკანასკნელ სიტყვაზე ენა მოეჩლიფა მდივანს.
ორმოცდათვრამეტში დაქორწინებულა ჩემსავით – გაიფიქრა ვარდაგესმა. ეამაყა დამთხვევა ეს. გაიბადრა.
პიოტრ, შენ მაინც რა გემართება. დიდი ხარ უკვე. პიოტრ, ნუ ჯიუტობ. წყეული გუვერნანტი. ფუჰ, ეს გერმანელები თავს ასაღებენ ვითომც ტრადიციული პუნქტუალობით. შემოუშვებ სახლში და… ანდრე, ანდრე, სტიხნი ო, ბოჟე მოი, რა დავაშავე. შვილების მომგონს ამოუწყდეს სახსენებელი, კაკ Я უსტალა. აღარც სარკესთან პრანჭვა, აღარც სეირნობანი ხეივანში. აღარც საუბრები გამო: პოეზიის, სიყვარულის; ტატალნაია პროზა ირგვლივ ჩემდა.
თავისიანებთან ერთ საათში მიბრუნდნენ. ჩინჩიფურა კოლამ შენიშნა პირველმა იგინი.
– მოდიან, მოდიან, - აყვირდა.
სირაჯი ოტია მიეგება ელჩთ.
რაო, რა სთქვა?
ბრძანება საბოლოოაო, – ხელი ჩაიქნია ჯონდიამ.
ვაჰ! მე მაგათი დედები ვატირე, – ბარძაყებზე დაირტყა სირაჯმა ხელები.
ძმებო! დაიშალენით, დასხედით სახლებში. კრინტი არ დასძრათ უკმაყოფილო. მაგის დროც მოვა. ანდერძს აუგებთ, „არა, ეგეთი ხმამაღალი ლანძღვაც არ შეიძლება!“ – წამით შეშინდა ოტია.
22 აგვისტო
დაიკავეს საცხოვრებელი ქალაქის თავის. ოტია სარდლობდა: დაიარეთ, შეამოწმეთ ოთახები.
გათოკილი სახლის მცველნი სამზარეულოში ეყარნენ. საწყლები!
ყოჩაღ ოტია, სიტყვის კაცო, – ჰყვიროდნენ მოამქრენი – შენ მარიფათს ვენაცვალე! როგორ დაატრიალა ესრეთი ამბავი სუ ორ დღეში, რა ბიჭები დაგვიყენა გვერდში ჩვენ ჰალალ ხალხს!
ქალაქის თავი ჯალაბით ლბილ სოФაზედ დასხეს. აქეთ-იქიდამ მკლავძლიერი ბიჭები დადგნენ.
გააუქმე ე ოხერი პრიკაზი და წავალთ ჩვენ.
გთხოვთ მიჰყვეთ ეტიკეტს. მე ვარ ქალაქის თავი, მისი უბრწყინვალესობა, საიმპერიო კავალერიის გენერალი, გრაფი გრეგორ ანდრეევიჩ…
აღარ აცალა