წინ, ჯანდაბისაკენ?!
...აღმოვაჩინე სისაძაგლე, რომელიც ჩაბუდებულა და მთლიანად დაუპყვრია ჩემი სხეული... უბანში სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლებმა მოუხშირეს სიარულს, წვევამდელებს უხმობენ. ვინც როგორ ახერხებს, თავს ისე იძვრენს - ზოგი ძველბიჭობას „აწვება“ და ციხეში მიდის, „მაყუთა“ მამები, თავიანთი წონა ფულის ფასად, შვილებს უმაღლესებში ტენიან, ზოგი საგიჟეთში წვება და „თეთრ ბილეთს“ ჩალიჩობს... ერთ სისხამ დილას ჩემს კარზეც დააკაკუნეს, გავბრიყვდი და ტანსაცმლის კარადაში დავიმალე. ისე, ასეთ რამეს ჩემს ცხოვრებაში ვერ მოვიფიქრებდი, მაგრამ „ბირჟაზე“ მოვისმინე, ერთმა თქვა, თუ როგორ დაემალა კომისარიატის თანამშრომლებს გარდერობში... ბოლოს, გამოვძვერი კარადიდან და საკუთარი თავის შემრცხვა - რაც იქნება იქნება, მოხდეს მოსახდენი!.. წავედი კომისარიატში, ოფიცრებთან კარგი საერთო ენა გამოვნახე და ერთ-ერთს ვთხოვე: - მიდი, რა, ჯიგარო, იქნებ, გერ-მანია „გამიჩალიჩო“, იქ მოვიხადო სამხედრო სამსახური. - ძალიან ძნელია, ჯგუფი უკვე გამზადებულია, - გამომიტყდა ოფიცერი. სახლში წამოვედი... მეორე დღეს ჩვენ, „დიდუბის ბანდა“ ისევ მივედით კომისარიატში. იმ ოფიცერმა დამიძახა და მითხრა, აგისრულებ სურვილს, შემიძლია, გერმანიაში გაგიშვაო. აღარ მინდა, ამ ბიჭებს დავუახლოვდი, ვიცით, ოდესის ოლქში მივდივართ და ამათთან მირჩევნია-მეთქი. კარგიო... ხომ გაიგიათ, სადაც არის ბედი შენიო... ჰოდა, მერე გავიგე, ის ნაწილი, რომელიც გერმანიაში მსახურობდა და სადაც წასვლაზე უარი ვთქვი, განგაშის პირველივე წამებიდან, ომის პირველსავე დღეებში გადასხეს ავღანეთში და ცოცხალი ერთი კაციც არ გადარჩენილა...
ნავთლუღში, კომისარიატში სამედიცინო შემოწმება გავიარეთ - გაგვაშიშვლეს და ნახირივით შეგვყარეს ექიმებთან. ზოგიერთმა ყვერებზე ხელი მოგვითათუნა, აქაოდა, წესდება მოითხოვსო. მერე, შეგვიმოწმეს „საოხრეები“, ტუჩ-ყბა-ყური-თვალ-წარბ-წამწამ-ტან-ფეხ-ქუსლი-ტერფმკლავი. დარწმუნდნენ ჩვენს ჯანმრთელობაში და გამოგვიცხადეს, ამ ღამეს საკუთარ სახლებში გაათევთ, ხვალიდან კი... უფალმა უწყის, სადაურსა სად წაიყვან, მივდივართ ჯანდაბაში!
გაცილებების, სუფრებისა და ცრემლების წინააღმდეგი ვარ. დედას ვუთხარი, რომ ნურაფერზე ირზუნებს, ნაწილობრივ ასეც მოხდა... დილით ავდექი, ხელ-პირი დავიბანე... დამავიწყდა, გუშინ წინ დეიდასთან ვიყავი. ლადო ძიამ, როგორც ყოველთვის, მაღაზიაში გამაგზავნა, ექვსი ბოთლი „გარეჯი“ მოვიტანე, „ჩავუჯექით“, „პური ვჭამეთ“. ლადო სიტყვაძუნწი კაცია, ეს მიყვარს მის ბუნებაში - სიტყვების რახა-რუხი არ უყვარს... სამ-სამი ბოთლი გამოვცალეთ. - სუფრა დამთავრებულად გამომიცხადებია, - ბრძანა ლადო ძიამ, - ხო კარგად და მართლადაა ნათქვამი, ბიძიკოებო?! ლადოს უყვარს ქუდები, კოლექცია აქვს, ერთი მაჩუქა, თავზე წამოვიკოხე, წამოვედი ტრამვაით. ისე, ეს ტრამვაი რატომ მირჩევნია დედამიწის ზურგზე ყველანაირ სამოქალაქო ტრანსპორტს? ტრამვაით მგზავრობა განსაკუთრებით მაშინ მომწონს, როცა ღამეა და ცარიელი მიხრიგინებს... სახლიდან ისე გამოვედი, ჯარში კი არა, თითქოს იქვე, მეზობელთან მივდიოდე. ორი წელი გავძვრები თბილისის განზომილებიდან. მეზობელმა ვახტანგმა, მანქანით გაგიყვან კომისარიატშიო. უარით გავისტუმრე, მანქანით, ახლა, მეც საქორწინო სუფრაზე მივდივარ და ეფექტს მოვახდენ მექორწინეებზე-მეთქი. ისე, პატარა ნაღველს ვგრძნობ, ცდილობს, შემოიპაროს სხეულში, საკუთარი თავი შემაცოდოს... თავს შევუძახე: - აბა, სწორდი, სმენა სულისკენ!
დედამ პატარა სუფრა მაინც გააწყო, მაგიდასთან არ დავმჯდარვარ...
რამდენიმე ახლობელი და მეზობელი ზის სუფრასთან, უხმოდ ჭამენ, ღვინოსაც უხმოდ სვამენ... ცოტა ხანს გარეთ ვიდექი, სახლის წინ. მერე, ძალღონე მოვიკრიბე და დინჯი, მოზომილი ნაბიჯებით მეტროსკენ წავედი. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მოზომილი ნაბიჯებით, აუჩქარებლად მივდივარ, თითქოს ფეხები უკან მრჩება... ქუჩის გადაკვეთაზე, რომელსაც „უზლავოის“ ვეძახით, ლოთ ბიჭებს პატარა სუფრა გაუშლიათ. ხელი ავუწიე, მათაც ამიწიეს და გზა დამილოცეს. ლოვა ენამოსწრებულია, კვიმატი, - დიდხანს არ შემორჩე ჯარს, წადი და ხვალ დილას არაყს მოუსწარიო.
ქუჩაში ხალხი მიდი-მოდის. ასე მგონია, მთელმა თბილისმა იცის, სადაც მივდივარ. თითქოს თანაგრძნობით მიყურებენ. ზოგი თითქოს ამბობს, ვაი, შე უბედურო, რა გინდა ჯარში, აბა, შენ რა საჯარე კაცი ხარ, ჭიანჭველას არ დაადგამ ფეხსო. ზოგის თვალებში კი, თითქოს საპირისპირო იკითხება, წადი, ბიძიკო, იმსახურე, კაცი დადგები, ცხოვრებას ისწავლი, სხვანაირი თვალით შეხედავ სამყაროს, ახალ სივრცეებს აღმოაჩენო. თავში მსგავსი სისულელეები მიტრიალებს. არადა, ამ ხალხს ფეხზეც არ ვკიდივარ?!
ნავთლუღის ვაგზალზე უამრავი ხალხია - ახალწვეულები და მათი გამცილებლები - დედები, მამები, დები, ძმები, ბებიები, ბაბუები, ბიძები, მამიდები, პაპიდები, ძმაკაცები, დაქალები, მეზობლები. მოკლედ, გაუთავებელი ზუზუნია. ხურჯინები სავსეა ხორაგით. მართალია, ჩემები გავაფრთხილე, არავითარი ფამფარები-მეთქი, მაგრამ თავისი მაინც არ დაიშალეს - დედა და დები მოქანდნენ... ბაქანზე მატარებელი ჩამოაყენეს და სადგური - ეს უზარმაზარი ფუტკრის სკა უფრო აზუზუნდა. სამხედრო კომისარიატის წარმომადგენელმა ოფიცერმა სია ამოიკითხა, მერე, გადაგვაბარა ოდესიდან ჩამოსულ „პრაპორშჩიკ“-გამცილებელს, ეს ჩაგიყვანთ ოდესამდეო. ავედით მატარებელში, კუპეებში ადგილები მიგვიჩინეს, ბარგი-ბარხანა შევზიდეთ, დავბინავდით და ისევ გამოვედით ბაქანზე, ისევ ატყდა „ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში“ - თითქმის ყველა