ნაწილი პირველი - "ზღვის ეშმაკი" არგენტინული ზაფხულის სულის შემხუთავი იანვრის ღამე დადგა. შავი ცა ვარსკვლავებით მოიჭედა. ღუზაჩაშვებული "მედუზა" სიმშვიდეს მოეცვა. ღამის სიჩუმეს არც ტალღების დგაფუნი არღვევდა და არც გემსართავის ჭრიალი. ოკეანეს თითქოს ღრმად ჩასძინებოდა.
შხუნის(შხუნა - იალქნიანი გემი ორი-სამი (ზოგჯერ შვიდამდე) ანძით.) გემბანზე მარგალიტის ნახევრად შიშველი მაძიებლები იწვნენ. მუშაობითა და მცხუნვარე მზით დაქანცულები ძილში წრიალებდნენ, ოხრავდნენ, შიგადაშიგ რაღაცას იძახდნენ კიდეც. ხელ-ფეხი ნერვიულად უთრთოდათ. შესაძლოა, სიზმარში თავიანთ მტრებს - ზვიგენებს ხედავდნენ. ამ ცხელ და უქარო დღეებში ადამიანები ისე იღლებოდნენ, რომ ნიჟარების შეგროვების შემდეგ გემბანზე ნავების ატანის თავიც არ ჰქონდათ. თუმცა, ეს არც სჭირდებოდათ: ამინდის ცვლილებას არაფერი მოასწავებდა და ღუზის ჯაჭვზე გამობმულ ნავებს წყალში ტოვებდნენ. ქანდარა არ გაესწორებინათ, ტაკელაჟი(ტაკელაჟი - გემსართავის (გვარლების, ჯაჭვების და ა.შ.) წყება.) ცუდად დაეჭიმათ, გაშლილი კლივერი(კლივერი - სამკუთხა იალქანი.) სუსტი სიოს დაქროლაზე ოდნავ ირხეოდა. გემბანის მთელ სივრცეზე, წინაერდოსა და კიჩოს შორის, მრავლად ეყარა მარგალიტის ნიჟარები, მარჯნის კირქვის ნატეხები, თოკები, რომლებითაც მომპოვებლები ფსკერზე ეშვებოდნენ, ჯვალოს ტომრები, სადაც ისინი ნაპოვნ ნიჟარებს ყრიდნენ, და მომცრო ცარიელი კასრები. ბიზან-ანძის(ბიზან-ანძა - გემის კიჩოსთან უახლოესი ანძა.) გვერდით მტკნარი წყლით სავსე დიდი კასრი იდგა მასზე ძეწკვით მიბმული რკინის ტოლჩით. კასრის ირგვლივ დაღვრილ წყალს გემბანზე მუქი ლაქა გაეჩინა.
დროდადრო ხან ერთი, ხან მეორე მაძიებელი დგებოდა, ძილ-ღვიძილში მყოფი, მძინარეთა ხელ-ფეხზე გადავლით, ბარბაცით მიემართებოდა ამ კასრისკენ, თვალდახუჭული სვამდა ტოლჩა წყალს და, სადაც მოუწევდა, იქვე მიეგდებოდა, თითქოს, ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად, სუფთა სპირტი დაელია. მაძიებლებს წყურვილი ტანჯავდა: დილას, მუშაობის წინ, საკვების მიღება საშიშია, - წყალქვეშ ადამიანზე ძალიან მაღალი წნევა მოქმედებს, - ამიტომ მთელი დღე, სანამ წყალში არ დაბნელდებოდა, მშივრები მუშაობდნენ და მხოლოდ ძილის წინ შეეძლოთ დანაყრება, საჭმელად კი დამარილებულ ხორცს აძლევდნენ.
ღამით ვახტზე ინდიელი ბალთაზარი იდგა - კაპიტან პედრო ზურიტას, "მედუზის" მფლობელის, უახლოესი თანაშემწე.
ახალგაზრდობაში ბალთაზარი მარგალიტის ცნობილი მაძიებელი იყო: წყალქვეშ ოთხმოცდაათი და ასი წამიც კი ძლებდა - ჩვეულებრივზე ორჯერ მეტხანს.
"რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს დროში იცოდნენ, როგორ ესწავლებინათ და ბავშვობიდანვე გვასწავლიდნენ, - უყვებოდა ბალთაზარი მარგალიტის ახალგაზრდა მაძიებლებს, - სულ რაღაც ათიოდე წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემმა სასწავლებლად ხოზეს მიმაბარა, რომელსაც თორმეტი შეგირდი ჰყავდა. აი, როგორ გვასწავლიდა იგი. წყალში თეთრ ქვას ან ნიჟარას ჩააგდებდა და გვიბრძანებდა: "მიდი, ჩაყვინთე, ამოიღე!" და ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო ღრმად ისროდა. თუ ვერ ამოიღებდი, ტანზე ლინს(ლინი - ერთ დუიმამდე (დაახლოებით 8 მილიმეტრამდე) დიამეტრის ხომალდის გვარლი, დამზადებული მაღალი ხარისხის ქერელისგან.) ან მათრახს გადაგიჭერდა და ძაღლის ლეკვივით წყალში მოგისროდა. "ხელმეორედ ჩაყვინთე!" სწორედ ასე გვასწავლა ყვინთვა. შემდეგ კი წყალქვეშ დიდხანს ყოფნას მიგვაჩვია. ეს გამოცდილი მოხუცი მაძიებელი ფსკერზე დაეშვებოდა და ღუზას კალათას ან ბადეს მიაბამდა. ჩვენ კი უნდა ჩაგვეყვინთა და მიბმული საგანი მოგვეხსნა. და სანამ არ მოხსნიდი, მაღლა ვერ ამოხვიდოდი. გამოჩნდებოდი და მათრახს ან ლინს დაიმსახურებდი.
უმოწყალოდ გვცემდნენ. ბევრმა ვერ გაუძლო. მაგრამ მე მთელ არემარეში საუკეთესო მაძიებელი გავხდი. გვარიანი შემოსავალი მქონდა".
ასაკში შესულმა ბალთაზარმა მარგალიტის მაძიებლის სახიფათო ხელობა მიატოვა. მარცხენა ფეხი ზვიგენის ბასრ კბილებს დაესახიჩრებინა, გვერდი ღუზის ჯაჭვს გამოეგლიჯა. ბუენოს-აირესში მან პატარა მაღაზია შეიძინა, სადაც მარგალიტით, მარჯნით, ნიჟარებითა და ზღვის იშვიათობებით ვაჭრობდა. მაგრამ ნაპირზე მოწყენილობა ეუფლებოდა და ხშირად მიდიოდა მარგალიტის მოსაპოვებლად. მრეწველებმა კარგად იცოდნენ ამ კაცის ფასი. ლა-პლატის ყურეს, მის სანაპიროებსა და იმ ადგილებს, სადაც მარგალიტის შემცველი ნიჟარები მოიპოვებოდა, ბალთაზარზე უკეთ არავინ იცნობდა. სხვა მაძიებლებიც პატივს სცემდნენ. იმდენს ახერხებდა, რომ ყველა ემადლიერებოდა - მაძიებელიცა და მრეწველიც.
ახალგაზრდა მაძიებლებს ხელობის ყველა საიდუმლოს ასწავლიდა: სუნთქვის შეჩერებას, ზვიგენების თავდასხმის მოგერიებასა და, თუ ბედი გაუღიმებდა, პატრონისგან იშვიათი მარგალიტის გადამალვასაც.
მრეწველები კი, შხუნების მფლობელები, იცნობდნენ მას და იმისთვის აფასებდნენ, რომ შეეძლო ერთი შეხედვით უშეცდომოდ შეეფასებინა მარგალიტი და პატრონისთვის საუკეთესოები გადაერჩია.
ამიტომ მრეწველები ხალისით უხმობდნენ თავისთან, როგორც დამხმარესა და მრჩეველს.
ბალთაზარი მომცრო კასრზე იჯდა და ნელა აბოლებდა მსხვილ სიგარას. ანძაზე მიმაგრებული ფარანი წაგრძელებულ სახეს უნათებდა, - დაბალ ღაწვებს, სწორ ცხვირსა და დიდ ლამაზ თვალებს, - ნამდვილი არაუკანელის(არაუკანელები - სამხრეთამერიკელი ინდიელები (საკუთარ თავს მანუჩეს უწოდებენ) - ჩილეს ძირძველი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი.) სახეს. ბალთაზარი მძიმედ ამოძრავებდა ქუთუთოებს მაღლა-დაბლა. თვლემდა. მაგრამ თუ თვალებს ეძინა, ყურები ფხიზლობდა და საფრთხის შესახებ ღრმა ძილში