ნაწილი I - მოგზაურობა ლილიპუტების ქვეყანაში - 1 ავტორი გვაწვდის ზოგიერთ ცნობას საკუთარ თავსა და ოჯახზე. როგორ გაეღვიძა მოგზაურობის წყურვილი. მისი ხომალდი იღუპება და იგი ცურვით გადაირჩენს თავს. უვნებლად მიაღწევს ლილიპუტების ქვეყნის ნაპირამდე. მას დაატყვევებენ და ქვეყნის სიღრმეში შეჰყავთ.
მამაჩემს მცირე მამული ჰქონდა ნოთინგამშირში. მის ხუთ ვაჟიშვილს შორის მე მესამე გახლდით. თოთხმეტი წლის რომ შევსრულდი, კემბრიჯის ემანუელის კოლეჯში მიმაბარეს, სადაც მეცნიერებათა შესწავლით გატაცებულმა სამი წელი დავყავი. ღარიბულად ვცხოვრობდი. რაკი მამაჩემის სიღატაკე ხელგაშლილობის შესაძლებლობას არ იძლეოდა, ამიტომაც ლონდონის სახელგანთქმულ ქირურგთან, ბატონ ჯეიმს ბეიტსთან, მომიხდა გადასვლა. იქ ოთხი წელი დავრჩი. ცოტ-ცოტა ფულს, რასაც მამაჩემი დროგამოშვებით მიგზავნიდა, ნავიგაციისა და მათემატიკის იმ დარგების შესწავლას ვანდომებდი, რომლებიც სასარგებლონი არიან მოგზაურობის მოსურნეთათვის. ყოველთვის მჯეროდა, რომ, ადრე თუ გვიან, ჩემი ბედი ამ გზით წამიყვანდა. როგორც კი ბატონ ბეიტსის დავშორდი, შინ დავბრუნდი, სადაც მამაჩემის, ბიძია ჯონისა და რამდენიმე სხვა ნათესავის დახმარებით ორმოციოდე გირვანქა სტერლინგი შემიგროვდა. ყოველწლიურად 30 გირვანქის გამოგზავნასაც შემპირდნენ ლეიდენში სწავლის გასაგრძელებლად. იქ ორი წელი და შვიდი თვე ვსწავლობდი მედიცინას; ვიცოდი, რომ იგი შორეული მოგზაურობის დროს უთუოდ გამომადგებოდა.
ლეიდენიდან დაბრუნებისთანავე, ჩემი კეთილი მასწავლებლის, ბატონ ბეიტსის რეკომენდაციით ქირურგად მოვეწყვე გემ „მერცხალაზე“, რომელსაც კაპიტანი აბრაჰამ პანელი მართავდა. მასთან სამწელიწადნახევარი ვიმსახურე, ამასობაში რამდენჯერმე ვიმოგზაურე ლევანტსა და დედამიწის სხვა ნაწილებში. იქიდან დაბრუნებულმა გადავწყვიტე, ლონდონში დავსახლებულიყავი; ჩემმა მასწავლებელმა, ბატონმა ბეიტსმა, მოიწონა ეს აზრი და რამდენიმე პაციენტიც გამიჩინა. ოლდ-ჯიურიზე ერთ პატარა სახლში დავბინავდი და, მეგობრების რჩევით, ნიუგეიტის ქუჩაზე წინდებით მოვაჭრის ბატონ ედმუნდ ბარტონის უმცროსი ქალიშვილი მერი შევირთე; მზითვადაც ოთხასი გირვანქა სტერლინგი მივიღე.
მაგრამ ორ წელსაც არ გაუვლია, რომ ჩემი კეთილი მასწავლებელი ბეიტსი გარდაიცვალა, რაკი მეგობრებიც ცოტა მყავდა და სინდისიც ნებას არ მაძლევდა ჩემი კოლეგების უმრავლესობის ცუდი საქციელისათვის მიმებაძა, საქმეები ცუდად წამივიდა. ცოლთან და რამდენიმე ნაცნობთან მოვითათბირე და გადავწყვიტე, ისევ ზღვას დავბრუნებოდი. ექვსი წლის მანძილზე ორი გემი გამოვიცვალე, როგორც ქირურგმა. რამდენიმეჯერ წარმატებით ვიმოგზაურე აღმოსავლეთ და დასავლეთ ინდოეთში და ცოტაოდენი ქონებაც შევიძინე. წიგნები ყოველთვის საკმაო მქონდა და თავისუფალ დროსაც უძველესი და თანამედროვე საუკეთესო ავტორების კითხვას ვანდომებდი, ხოლო როცა ხმელეთზე გადავდიოდი, ადგილობრივ მკვიდრთა ზნე-ჩვეულებებსა და ადათ-წესებს ვაკვირდებოდი. აგრეთვე ვსწავლობდი მათ ენებს, რასაც ჩემი ჩინებული მეხსიერების წყალობით სწრაფად ვითვისებდი.
უკანასკნელი მოგზაურობა ნაკლებად ხელსაყრელი გამოდგა. მეც მომბეზრდა ზღვაზე ხეტიალი და ცოლ-შვილთან დარჩენა გადავწყვიტე. ოლდ-ჯიურიდან ფეტერ-ლეინზე გადავედი, იქიდან უაპინგში გადავბარგდი: ასე მეგონა, მეზღვაურებში ვიშოვიდი სამუშაოს, მაგრამ ამ იმედმა არ გამიმართლა. სამი წელი ამაოდ ველოდე საქმეების გამოკეთებას და, ბოლოს, გემ „ანტილოპას“ კაპიტნის, უილიამ პრიჩარდისაგან, რომელიც სამხრეთის ზღვაში მიემგზავრებოდა, მეტად ხელსაყრელი წინადადება მივიღე. ბრისტოლიდან 1699 წლის 4 მაისს გავედით. ჩინებული დარი იდგა.
მართებული არ იქნებოდა, რომ მკითხველი ჩვენი ზღვაში მოგზაურობის თავგადასავლების ვრცელი მოთხრობით შემეწუხებინა; საკმარისია ვაუწყო, რომ იქიდან აღმოსავლეთ ინდოეთისაკენ მგზავრობის დროს ძლიერმა ქარიშხალმა ჩრდილო დასავლეთისაკენ მიგვაბრუნა და ვანდიმიენის მიწისაკენ აგვაღებინა კურსი. როგორც გამოირკვა, მალე სამხრეთის განედის 300 2
′ -ზე აღმოვჩნდით. უზომო ჯაფისა და ცუდი კვების შედეგად თორმეტი მეზღვაური მოგვიკვდა; გადარჩენილებიც მეტად სავალალო მდგომარეობაში იყვნენ. ნოემბრის 5-ს, რაც დედამიწის იმ ნაწილში ზაფხულის დასაწყისია, მეტად ნისლიანი დარი იდგა. უცებ მეზღვაურებმა ნახევარი კაბელიტოვის
მანძილზე მეჩეჩი შენიშნეს, მაგრამ ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ გემი პირდაპირ მეჩეჩისკენ გააქანა და ზედ შეალეწა. მხოლოდ ექვსმა კაცმა მოვახერხეთ, ნავი ზღვაში ჩაგვეშვა და სწრაფად გავცლოდით გემსაც და მეჩეჩსაც. ჩემი აზრით, სულ რაღაც სამიოდე მილი გავცურეთ, მაგრამ, რაკი გემზე უკანასკნელი დღეების დაძაბული შრომით ქანცგაწყვეტილები ვიყავით, უკვე ხელის განძრევა აღარ შეგვეძლო. ამიტომ სხვა რა გზა გვქონდა, გამძვინვარებული ზღვის ტალღებს მივანდეთ თავი. ნახევარი საათიც არ გასულა, რომ ჩრდილოეთიდან მოვარდნილმა გრიგალმა ნავი გადაგვიბრუნა. რა მოუვიდა ჩემს თანამგზავრებს, ანდა იმათ, ვინც მეჩეჩზე ან გემზე დარჩნენ, არ ვიცი, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ არავინ გადარჩენილა. მე კი, ვინ იცის საით, ალალბედზე გავცურე და ქარმა და დინებამ შორს გამაქროლა. ხშირად ვსინჯავდი, ფსკერი ახლოს ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ ამაოდ. როცა არაქათი თითქმის სრულიად გამომეცალა, აღმოჩნდა, რომ უკვე ჩემ სიმაღლე წყალში ვიმყოფებოდი, ამასობაში ქარიშხალიც საგრძნობლად შესუსტდა. ფსკერი იმდენად უმნიშვნელო დაქანებისა აღმოჩნდა, რომ თითქმის მთელი მილის გავლა მომიხდა, სანამ ნაპირს მივაღწევდი; ჩემი აზრით, ახლა საღამოს რვა საათი უნდა ყოფილიყო. ნაპირიდან თითქმის ნახევარი მილი გავიარე, მაგრამ მოსახლეობის