წიგნის პირველი გამომცემლის მიმართვა მკითხველისადმი ამ თავგადასავალთა მთხრობელი, ბ-ნი ლემუელ გულივერი ჩემი ძველთაძველი და გულითადი მეგობარი გახლავთ; ამავე დროს, დედის მხრიდან მენათესავება კიდეც. სამიოდე წლის წინ, როდესაც ბატონ გულივერს ცოტა არ იყოს და თავი მოაბეზრა ცნობისმოყვარე ხალხის გაუთავებელმა სტუმრობამ მასთან რედრიფში, ადგა და მიწის მომცრო ნაკვეთიანი ერთი კოხტა სახლი შეიძინა ნიუარკის მახლობლად – მშობლიური ნოთინგემშირის მხარეში. დღემდე იქ ცხოვრობს, საქმეებს ჩამოცილებული და მეზობლებისაგან დიდად დაფასებული.
მართალია, ბატონი გულივერი ნოთინგემშირში დაიბადა, სადაც მამამისი სახლობდა, თუმცა პირადად მისგან მსმენია – ჩვენი ოჯახი წარმოშობით ოქსფორდშირიდანააო. ამაში მეც დავრწმუნდი, როცა ხსენებულ საგრაფოში, დენბარის სასაფლაოზე საკუთარი თვალით ვიხილე გულივერთა რამდენიმე თაობის ძვალშესალაგი.
რედრიფიდან გამგზავრებამდე, ჩემმა მეგობარმა შესანახად გადმომცა ეს ხელნაწერი და საკუთარი შეხედულებისამებრ მისი განკარგვის ნებაც დამრთო. ხელნაწერი სამჯერ წავიკითხე დიდის გულისყურით – უნდა გითხრათ, რომ სულ იოლად, ლამის წყალივით იკითხება და ერთადერთი ნაკლი ვუპოვე მხოლოდ: ჩემის აზრით, ყველა სხვა მოგზაურთა მსგავსად, მთხრობელი ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობს წვრილმანებს; მთლიანობაში კი მონათხრობი უტყუარობის ნიშნითაა აღბეჭდილი – სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან ყოველივე ამის დამწერი იმთავითვე სწორედ მართლისმთქმელობით გახლდათ ცნობილი და მისი რედრიფელი მეზობლებიც კამათისას ეჭვშეუვალ საბუთად ამას მოიტანდნენ ხოლმე: ჩემი ნათქვამი ისეთივე ალალი სიმართლეა, გინდაც ბატონ გულივერისგან მოგესმინოთო.
რამდენიმე პატივსაცემი პიროვნების რჩევით, ვისაც (ცხადია, ავტორის თანხმობით) ეს ხელნაწერი წავაკითხე, ახლა ვბედავ და ის უკვე ფართო სამსჯავროზეც გამომაქვს. იმედია, ხსენებული ხელნაწერი ერთხანს მაინც იქცევა თავადაზნაურობის ახალგაზრდა თაობისთვის იმაზე უკეთეს თავშესაქცევად, ვიდრე პოლიტიკოსთა პარტიული მიეთ-მოეთია.
წიგნი სულ ცოტა, ორჯერ სქელიც შეიძლებოდა გამოსულიყო, მაგრამ გავკადნიერდი და დაუნანებლად შეველიე უამრავ წვრილმანს, რაც ქარებსა თუ მიქცევა-მოქცევას უკავშირდებოდა; ასევე – სხვადასხვა მოგზაურობის დროს კომპასის ისრის გადახრებსა თუ გეზის არჩევას; მეზღვაურთა საყველპურო ენით მოთხრობილ ამბებს გრიგალის დროს ხომალდის მართვის თაობაზე და ა. შ. და ა. შ. ასევე, მოვერიდე გრძედებისა და განედების ხშირ მითითებებსაც, რასაც, ვშიშობ, ბატონი გულივერი მაინცადამაინც არ მომიწონებდა... თუმცა მე მხოლოდ მკითხველისათვის საქმის გაიოლების სურვილი მამოძრავებდა, სხვა არა ზრახვა არა მქონია და თუკი ზღვაოსნობაში ჩემმა გაუთვითცნობიერებამ მაინც გამოიწვია რაიმე შეცდომა-უზუსტობანი, ამის გამო პასუხს პირადად მე ვაგებ და სხვა არავინ. ხოლო თუკი მავან მოგზაურს სრული ხელნაწერის გაცნობის სურვილი გაუჩნდება, ანუ იმგვარი სახით წაკითხვის, როგორც ეს ავტორის ხელიდან გამოსულა, მზად ვარ ცნობისწადილი დავუკმაყოფილო.
რაც შეეხება ავტორის პიროვნებასთან დაკავშირებულ სხვა რამ შეკითხვებს, მათზე ამომწურავ პასუხს უკვე უშუალოდ წიგნის პირველივე ფურცლებზე მიიღებთ.
რიჩარდ სიმპსონი