ნაწილი პირველი -
მოგზაურობა ლილიპუტების ქვეყანაში
თავი პირველი
ავტორი გვაწვდის ზოგიერთ ცნობას საკუთარ თავსა და ოჯახზე. როგორ გაეღვიძა მოგზაურობის წყურვილი. მისი ხომალდი იღუპება და იგი ცურვით გადაირჩენს თავს. უვნებლად მიაღწევს ლილიპუტების ქვეყნის სანაპირომდე. მას დაატყვევებენ და ქვეყნის სიღრმეში გადაჰყავთ.
მამაჩემს მცირე მამული ჰქონდა ნოთინგამშირში. მის ხუთ ვაჟიშვილს შორის მე მესამე გახლდით. თოთხმეტი წლის რომ შევსრულდი, კემბრიჯის ემანუელის კოლეჯში მიმაბარეს, სადაც მეცნიერებათა შესწავლით გატაცებულმა სამი წელი დავყავი. მეტად ღარიბულად ვცხოვრობდი. რაკი მამაჩემის სიღატაკე ხელგაშლილობის შესაძლებლობას არ იძლეოდა, ამიტომაც ლონდონის სახელგანთქმულ ქირურგთან, მისტერ ჯეიმს ბეიტსთან, მომიხდა გადასვლა. იქ ოთხი წელი დავრჩი. ცოტ-ცოტა ფულს, რასაც მამაჩემი დროგამოშვებით მიგზავნიდა, ნავიგაციისა და მათემატიკის იმ დარგების შესწავლას ვახმარდი, რომლებიც სასარგებლონი არიან მოგზაურობის მოსურნეთათვის. აკი ყოველთვის მჯეროდა, რომ, ადრე თუ გვიან, ჩემი ბედი ამ გზით წამიყვანდა. როგორც კი მისტერ ბეიტსს დავშორდი, შინ დავბრუნდი, სადაც მამაჩემის, ბიძია ჯონისა და სხვა რამდენიმე ნათესავის დახმარებით ორმოციოდე გირვანქა სტერლინგი შემიგროვდა. ყოველწლიურად 30 გირვანქა სტერლინგის გამოგზავნასაც შემპირდნენ ლეიდენში სწავლის გასაგრძელებლად. იქ ორი წელი და შვიდი თვე ვსწავლობდი მედიცინას; ვიცოდი, რომ იგი შორეული მოგზაურობის დროს უთუოდ გამომადგებოდა.
ლეიდენიდან დაბრუნებისთანავე, ჩემი კეთილი მასწავლებლის, მისტერ ბეიტსის რეკომენდაციით ქირურგად მოვეწყვე გემ „მერცხალზე“, რომელსაც კაპიტანი აბრაჰამ პანელი მართავდა. მასთან სამწელიწად-ნახევარი ვიმსახურე, ამასობაში რამდენჯერმე ვიმოგზაურე ლევანტსა და დედამიწის სხვა ნაწილებში. იქიდან დაბრუნებულმა გადავწყვიტე ლონდონში დავსახლებულიყავი; ჩემმა მასწავლებელმა, მისტერ ბეიტსმა, მოიწონა ეს აზრი და რამდენიმე პაციენტიც გამიჩინა. ოლდ-ჯიურიზე ერთ პატარა სახლში დავბინავდი და, მეგობრების რჩევით, ნიუგეიტის ქუჩაზე წინდებით მოვაჭრის მისტერ ედმუნდ ბარტონის უმცროსი ქალიშვილი მერი შევირთე; მზითვადაც ოთხასი გირვანქა სტერლინგი მივიღე.
მაგრამ ორ წელსაც არ გაუვლია, რომ ჩემი კეთილი მასწავლებელი ბეიტსი გარდაიცვალა და, რაკი მეგობრებიც ცოტა მყავდა და სინდისიც ნებას არ მაძლევდა ჩემი კოლეგების უმრავლესობის ცუდი საქციელისთვის მიმებაძა, საქმეები ცუდად წამივიდა. ცოლთან და რამდენიმე ნაცნობთან მოვითათბირე და გადავწყვიტე, ისევ ზღვას დავბრუნებოდი. ექვსი წლის მანძილზე ორი გემი გამოვიცვალე, როგორც ქირურგმა. რამდენიმეჯერ წარმატებით ვიმოგზაურე აღმოსავლეთ და დასავლეთ ინდოეთში და ცოტაოდენი ქონებაც შევიძინე. წიგნები ყოველთვის საკმაო მქონდა და თავისუფალ დროსაც უძველესი და თანამედროვე საუკეთესო ავტორების კითხვას ვანდომებდი, ხოლო როცა ხმელეთზე გადავდიოდი, ვაკვირდებოდი ადგილობრივ მკვიდრთა ზნე-ჩვეულებებსა და ადათ-წესებს. აგრეთვე ვსწავლობდი მათ ენებს, რასაც ჩინებული მეხსიერების მეოხებით სწრაფად ვითვისებდი.
უკანასკნელი მოგზაურობა ნაკლებად ხელსაყრელი გამოდგა. მეც მომბეზრდა ზღვაზე ხეტიალი და ცოლ-შვილთან დარჩენა გადავწყვიტე. ოლდ-ჯიურიდან ფეტერ-ლეინზე გადავედი, იქიდან უაპინგში გადავბარგდი; ასე მეგონა, მეზღვაურებში ვიპოვიდი სამუშაოს, მაგრამ იმედმა არ გამიმართლა. სამი წელი ამაოდ ველოდი საქმეების გამოკეთებას და, ბოლოს, გემ „ანტილოპას“ კაპიტნის უილიამ პრიჩარდისაგან, რომელიც სამხრეთის ზღვაში მიემგზავრებოდა, მეტად ხელსაყრელი წინადადება მივიღე. ბრისტოლიდან 1699 წლის 4 მაისს გავედით. ჩინებული დარი იდგა.
გარკვეული მოსაზრებით, არასწორი იქნებოდა, მკითხველი ჩვენი საზღვაო თავგადასავლების ვრცელი მოთხრობით შემეწუხებინა; საკმარისია ვაუწყო, რომ აღმოსავლეთ ინდოეთისკენ მგზავრობის დროს ძლიერმა ქარიშხალმა ჩრდილო-დასავლეთისკენ მიგვაბრუნა და ვანდიმენის მიწისაკენ აგვაღებინა კურსი. როგორც გამოირკვა, მალე სამხრეთის განედის 30 გრადუსსა და 2 მინუტში აღმოვჩნდით. უზომო ჯაფისა და ცუდი კვების შედეგად თორმეტი მეზღვაური მოგვიკვდა; გადარჩენილებიც მეტად სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. 5 ნოემბერს, რაც დედამიწის იმ ნაწილში ზაფხულის დასაწყისია, მეტად ნისლიანი დარი იდგა. უცებ მეზღვაურებმა ნახევარი კაბელტოვის მანძილზე მეჩეჩი შენიშნეს, მაგრამ ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ გემი პირდაპირ მეჩეჩისაკენ გააქანა და ზედ შეალეწა. მხოლოდ ექვსმა კაცმა მოვახერხეთ ნავი ზღვაში ჩაგვეშვა და გვეცადა სწრაფად გავცლოდით გემსაც და მეჩეჩსაც. ჩემი აზრით, სულ რაღაც სამიოდე ლიგი გავცურეთ, მაგრამ, რაკი გემზე უკანასკნელი დღეების დაძაბული შრომით ქანცგაწყვეტილები ვიყავით, უკვე ხელის განძრევა აღარ შეგვეძლო. ამიტომაც, სხვა რა გზა გვქონდა, გამძვინვარებული ზღვის ტალღებს მივანდვეთ თავი. ნახევარი საათიც არ გასულა, რომ ჩრდილოეთიდან მოვარდნილმა გრიგალმა ნავი გადაგვიბრუნა. რა მოუვიდა ჩემს თანამგზავრებს, ანდა იმათ, ვინც მეჩეჩზე ან გემზე დარჩნენ, არ ვიცი, მაგრამ, უნდა ვიფიქროთ, რომ არავინ გადარჩენილა. მე კი, ვინ იცის საით, ალალბედზე გავცურე და ქარმა და დინებამ შორს გამაქროლა. ხშირად ვსინჯავდი, ფსკერი ახლოს ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ ამაოდ და, აი, როცა არაქათი თითქმის სრულიად გამომეცალა, აღმოჩნდა, რომ უკვე ჩემსიმაღლე წყალში ვიმყოფებოდი, ამასობაში ქარიშხალიც საგრძნობლად შესუსტდა. ფსკერი იმდენად უმნიშვნელო დაქანებისა აღმოჩნდა, რომ თითქმის მთელი ინგლისური მილის გავლა მომიხდა, ვიდრე ნაპირს მივაღწევდი; ჩემი აზრით, ახლა საღამოს რვა საათი უნდა ყოფილიყო. ნაპირიდან თითქმის ნახევარი