ვინ იყო გულივერი? „..მისტერ ლემუელ გულივერი ჩემი უახლოესი და ძველი მეგობარია; დედის მხრიდან ნათესავადაც კი მერგება. სამი წლის წინ მისტერ გულივერმა, რომელსაც თავი მოაბეზრა ცნობისმოყვარეთა მოზღვავებამ, ნოთინგამჰემშირში, თავის სოფელში პატარა მამული და მშვენიერი სახლი იყიდა. იგი საზოგადოებისგან განმარტოებით დღემდე იქ ცხოვრობს და სამეზობლოში დიდი პატივისცემით სარგებლობს.
...სანამ რედრიფიდან წავიდოდა, მისტერ გულივერმა თავისი ხელნაწერები დამიტოვა და ნება დამრთო გამომექვეყნებინა. ისინი სამჯერ მაინც გადავიკითხე და უნდა გითხრათ, მეტისმეტად უბრალო ენითაა დაწერილი. ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ ავტორი (რაც ფრიად დამახასიათებელია ყველა მოგზაურისთვის) თავის ამბებს მეტად დაწვრილებით ყვება, თუმცა ყველგან სიმართლე იგრძნობა. გულივერი იმდენად მართალი კაცი იყო, რომ მისი მეზობლები, როცა რაიმეს ამტკიცებენ, დღემდე ამბობენ: - ეს ისეთივე მართალია, თითქოს გულივერს ეთქვასო.
ავტორის ნებართვით რამდენიმე ღირსეულ პიროვნებას გავაცანი ეს თხზულება და მათივე რჩევით ვაქვეყნებ იმ იმედით, რომ იგი უკეთესი ჭკუისსასწავლი სახელმძღვანელო აღმოჩნდება ჩვენი გაკეთილშობილებისთვის, ვიდრე პოლიტიკოსებისა და ამა თუ იმ პარტიის მიმდევართა ნაჟღაბნ-ნაჯახირევი“ („გულივერის მოგზაურობის“ პირველი გამომცემლის მიმართვა მკითხველისადმი, 1727).
ამ წიგნის პირველი გამოცემიდან ორ საუკუნეზე მეტი გავიდა. აღმოჩნდა კი ჭკუის სასწავლი სახელმძღვანელო ეს წიგნი? რას ემართლებოდა მართალი გულივერი თავისი დროის საზოგადოებას, რომელსაც იგი ჯოგს უწოდებს? რაში სდებდა ბრალს თავის ხალხს? რა შეიცვალა მას შემდეგ ხალხის აზროვნებაში? ან საერთოდ, შეიცვალა კი? როგორ გაუძლო საუკუნეებს ნაწარმოებმა, რომელიც, როგორც ავტორი აცხადებს, ხალხის მოსაწონად კი არ დაწერა, არამედ მათ გამოსასწორებლად? შესაძლებელია კი ხალხის გამოსწორება? ამ უკვდავი წიგნის წაკითხვის შემდეგ ამ კითხვებზე პასუხებს გონიერი მკითხველი თავად ი პოვის.