ფეიერვერკის შემდეგ
- ჩვეულებრივ, დაგვიანებულია, დაგვიანებული, - მსჯავრმდებელივით გაისმა ჯადის ხმა, რომელიც ნისკარტის ჩაკაკუნებას ჰგავდა. - ვითომ კაკალი ვარ, - გაიფიქრა აღშფოთებულმა მაილს ფანინგმა, - ის კი - კოდალა. თუმცა ღვთისმოსავია, ჩემთვის არაფერიც არ გაუკეთებია. არადა, ისეთ უფლებამოსილად მიაჩნია თავი, რომ მზად არის, ყოველ წუთს კაკალი მამტვრიოს თავზე, და დაასკვნა, როგორც არაერთხელ დაუსკვნია, რომ სინამდვილეში სულაც არ მოსწონდა კოლინ ჯადი - ყველაზე ძველი მეგობარი, რომელიც სრულიად გარკვეული მიზეზების გამო არ მოსწონდა, თუმცა ჯადი იმსახურებდა პატივისცემას.
- აი, შენი წერილები, - განაგრძობდა ჯადი მკაცრი ხმით.
ფანინგმა ამოიოხრა, როცა წერილები გამოართვა. - არ შეიძლება, კაცმა ოდესმე თავი დააღწიო წერილებს? აქ, რომში მაინც? როგორც ჩანს, წერილები გაფილტრული ბაქტერიებივით ყველაფერს მოერევიან. რა დალოცვილი იყო ის დღეები, სანამ საფოსტო მომსახურება გაჩნდებოდა! ყავას წრუპავდა და თან ფინჯანს ზემოდან კონვერტებზე დაწერილ მისამართებს ათვალიერებდა.
- შენ პირველი აწუწუნდები, რომ არ მოგწერონ, - უხეშად უყვირა ჯადიმ. - აი, შენი კვერცხიც. ზუსტად სამი წუთი ვადუღე. არაერთხელ მინახავს, როგორ წუწუნებ.
მან კვერცხი გამოართვა. - პირიქით, - უპასუხა ფანინგმა, - გახარებული ვიქნებოდი. რაკი გწერენ, ესე იგი არსებობენ, მაგრამ მათი შეკითხვები მაეჭვებს სამყაროს არსებობაში. გაქცევა ბოროტებაა, როცა არავინ მოგდევს. ძალიანაც კარგად ვუგებ მათ! წერილები ნებას არ გაძლევენ, სირაქლემასავით იცხოვრო. ფროიდის მიმდევრები ამბობენ... - მან მოულოდნელად შეწყვიტა საუბარი. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ კოლინს ელაპარაკებოდა - კოლინს. აღსარება საკუთარი თავის მსჯავრის დადებას ნიშნავდა, რომ დაუმსახურებლად, მთლიანად ენდობოდა კოლინს. არადა, უაზრობა იყო, ბოდიში მოეხადა, რაკი რაღაც აწყენინა, მაგრამ რის თქმას აპირებდა ფროიდის მიმდევრებზე, - ეს კი საინტერესო იყო. - ფროიდის მიმდევრები, - დაიწყო მან კვლავ.
მაგრამ ორმოცი წლის სიახლოვე ჯადის უფლებას აძლევდა, როგორც უნდოდა, ისე მოქცეოდა ფანინგს, თუნდაც უკმეხად. - უბედური იქნებოდი, - ეუბნებოდა ის, - ფოსტამ რომ არ მოგიტანოს ქება-დიდების, აღტაცებისა და სიმპათიის მუდმივი დოზა...
- და შეურაცხყოფისაც, - დაამატა ფანინგმა, რომელმაც გახსნა ერთ-ერთი კონვერტი და უკვე წერილს დაჰყურებდა. - მოუსმინე ამას, ეს წერილი ჩემი ამერიკელი გამომცემლისგანაა, გაყიდვისა და გამოცემის განყოფილებიდან: „ჩემო ძვირფასო მისტერ ფანინგ“, „ჩემო ძვირფასო“, დაინიშნე უილბურ ფ. შმალცის თავაზიანობა. „ჩემო ძვირფასო მისტერ ფანინგ, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, გაგვიმხილოთ თქვენი გეგმები წლევანდელი ზაფხულის შვებულების შესახებ? რას მისცემთ უპირატესობას, ოკეანეს თუ მთას, ტყიან მხარეს თუ მოკამკამე ტბას? დიდად დამავალებთ, თუკი შემატყობინებთ, რადგან ჩანაწერების მთელ სერიას ვამზადებ ჩვენი წამყვანი ლიტერატურული ჟურნალების გამომცემლებისთვის, რაც, როგორც ხშირად შემინიშნავს, განსაკუთრებულად შეესაბამება ასეთ პიროვნულ მასალას. განსაკუთრებით, როცა თან ახლავს კარგად შერჩეული მომენტალური ფოტოსურათი. ასე რომ, უარს ნუ გვეტყვით თანამშრომლობაზე და გაგვიწიეთ ეს სამსახური. დიდი გულითადობით, თქვენი უილბურ ფ. შმალცი“ - ამაზე რას ფიქრობთ?
- ვფიქრობ, უპასუხებ, - უთხრა ჯადიმ, - მომხიბვლელადაც, - დაამატა ღვარძლიანად. ფანინგმა გაიცინა, რომლის დიდი სიმშვიდე და გულწრფელობაც ჯადის უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა. - შენ მომენტალურ ფოტოსურათსაც გაუგზავნი.
აგდებულად, ძალზე აგდებულად (ის გრძნობდა ამას დროდადრო) ფანინგმა წერილი დაჭმუჭნა და ბუხარში ისროლა. შეურაცხმყოფელი კი სინამდვილეში ის გახლდათ, რომ მაილსმა იცოდა, ჯადი მართალი იყო. ის მისწერდა მისტერ შმალცს დიდი დასვენების შესახებ და გაუგზავნიდა პირველივე მომენტალურ ფოტოსურათს. სიჩუმე ჩამოვარდა. ფანინგმა ორი თუ სამი კოვზი კვერცხი შეჭამა, ამჯერად მაგრად მოხარშული. რა დიდი ნუგეში იყო მისთვის, კოლინი რომ წასვლას აპირებდა! ბოლოს და ბოლოს, თავს იმშვიდებდა იგი, რად ღირს ის, რომ ამხანაგი, რომელსაც რომში სახლი აქვს, გეპატიჟება და გტოვებს მაშინაც კი, როცა თვითონ მიდის. ასეთ კაცს ბევრი რამ უნდა აპატიო, თუნდაც ის ჯოჯოხეთური ჩვევა, კოდალასავით რომ გიკაკუნებს თავში. მან მეორე წერილიც გახსნა და კითხვა დაიწყო.
როგორც შვილზე ზრუნვით დაქანცული ემოციური დედა, რომელსაც შვილის მისაკუთრების დიდი სურვილი აქვს, ისეთ ყურადღებას აქცევდა ჯადი მას. მთელი თავისი ტალანტითა და ინტელიგენტურობით, მაილსი არ იყო ის კაცი, რომ პირისპირ შეგეტოვებინათ სამყაროსათვის. ასე უმეორებდა ჯადი (უნისკარტებდა, უნისკარტებდა!) დაუსრულებლად. - შენ ბავშვი ხარ! - ეუბნებოდა მეათასეჯერ, - შენზე ვინმე უნდა ზრუნავდეს. - მაგრამ თუ მის გარდა სხვა გამოამჟღავნებდა ამის სურვილს, რა მწარედ აღშფოთდებოდა და როგორ ეჭვიანობდა! საშინელება ის იყო, რომ ყოველთვის უამრავი მაძიებელი იყო ფანინგის დათვის - ლიდერის ადგილისთვის. გამოშტერებული კაცები, ან, უფრო უარესი, მეტწილად გამოშტერებული ქალები თავს ესხმოდნენ