ღამის წითელი რეკლამა შემოდგომაა, ოქტომბერი.
მე ვდგავარ საავადმყოფოს გრძელ აივანზე და სიგარეტს ვეწევი.
შენობა ძალიან ძველია.
საავადმყოფოს მეოთხე და მეხუთე სართულები უჭირავს. ქვევით დევნილები ცხოვრობენ. მალე აქაურობაც გაუქმდება და მთელ შენობაში დევნილები იცხოვრებენ.
საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ადამიანი წევს.
დედაჩემი.
უკვე ერთი კვირაა, აქ ვართ და აქაური, ანუ მოლოდინის რიტმით ვცხოვრობთ.
საავადმყოფოში სხვანაირად ვერ იცხოვრებ.
საღამოა.
აი, ახლა წავა ექიმი და დავრჩებით სამნი: მე, დედა და მორიგე ექთანი. მე და დედა უსათუოდ მოვიწყენთ. ექთანი თავის ოთახში ჩაიკეტება. იქ ტელევიზორი დგას. შეიძლება მივუკაკუნო, ტელევიზორს ვუყურო. გააჩნია, ვინ მორიგეობს -ზოგიერთი ექთნის მერიდება.
გუშინ საავადმყოფოს ბოლო ორი სართული მთლიანად დავათვალიერე.
ისე, უსაქმობისგან.
გაუქმებულ პალატებში შევიხედე: დაშლილი საწოლები, ძირგავარდნილი დანომრილი ვედროები, სამ თვალზე შერჩენილი მოძრავი საკაცე, ჟანგბადის გახეთქილი ბალიში და ჩამოწერილი ბალონების სასაფლაო, რომელიც წყალქვეშა ნავის ტორპედოებს მივამსგავსე.
გაუქმებულ საოპერაციოშიც შევედი.
ჩამსხვრეულ ფანჯრებში ქარი უქიქინებდა. კედლებს აქა-იქღა შერჩენოდა თეთრი კაფელი. იატაკზე სანარკოზო მილის ნაგლეჯი მკვდარი გველივით ეგდო. ნახევრად დაშლილ საოპერაციო ნათურაში მერცხალს ბუდე გაეკეთებინა.
წამით მომეჩვენა, თითქოს ჯანმრთელობის ეპიდემიამ იფეთქა და რაც აფეთქებისგან დარჩა, იმას ვხედავდი. თითქოს საავადმყოფო, მკურნალობა დიდი ხნის წარსული იყო, მე კი დავიწყებად ქცეულ საგნებს შორის ვიდექი.
მერე დედა გამახსენდა და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა.
პალატაში ვიღაცამ თავი შემოყო.
ექიმი იყო ალბათ. დაგვემშვიდობა და წავიდა.
რვის ნახევარია.
სასტუმროსკენ ვიხედები. იქამდე დაახლოებით კილომეტრია.
მდიდრული სასტუმროა.
საღამოობით, ზუსტად რვის ნახევარზე, სასტუმროს თავზე ღამის რეკლამა წითლად აბრიალდება ხოლმე. აინთება ფასადის განათება, ეზოში -ლამპიონები.
ლამაზი სანახავია.
აი ისიც -წითელი რეკლამა, ლამპიონები. კაშკაშებს იქაურობა.
საოცარია -ხომ ერთი კილომეტრია იქამდე? მე კი მგონია, რომ ძალიან შორსაა. უსაშველოდ შორს. ალბათ ასეც უნდა იყოს...
პალატაში ჩუმად შემოვდივარ.
დედა წევს და კედელზე თითით წრეებს ავლებს.
სახეს ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ტკივილმა უმატა. გამაყუჩებელს ვასმევ და თვალს ვარიდებ.
-გავალ, ტელევიზორს შევხედავ...
-წადი...
ჭერს უყურებს. წრეებს ახლა ხელუკუღმა ავლებს.
„უმატა... ტკივილმა უმატა...“
ყოველ საღამოს ასეა.
დღისით მნახველები, ექიმი, პროცედურები... მერე ღამდება: მე, დედა და მორიგე ექთანი. მოწყენილობა, ტკივილი, გამაყუჩებელი წამალი და წყლიანი თვალები.
არ უნდა მეთქვა არაფერი... ან აქამდე რა გულით ვტოვებდი?
დედა მიყურებს.
-წადი, რაღას უზიხარ?
-მეზარება გასვლა...
-არ მოიწყინე? წადი, უყურე... ჩემი ხათრით...
ვდგები და ლოყაზე ვკოცნი. ლოყა გამხდარი, ცივი აქვს.
-მალე შემოვალ...
-მიდი, მიდი...
პალატიდან გამოვდივარ.
მცივა. რამე უნდა მომეხურა. უკან ვეღარ შევბრუნდები, არ შემიძლია. იქნებ ჩაეძინოს ცოტა ხანში. რაც მთავარია, სიგარეტი თან მაქვს.
დერეფანში გაუნძრევლად ვდგავარ. მარცხნიდან ტელევიზორის ხმა მოისმის, მარჯვნიდან -წყლის შიშინი.
მარჯვნივ, დერეფნის ბოლოში გავდივარ. საპირფარეშოს კარი ღიაა. ონკანიდან წყალი მოწანწკარებს, მილები შიშინებს. საიდანღაც წყალი წვეთავს და თუნუქის გადაბრუნებულ ტაშტს ეცემა.
-ტინ! ტინ! ტინ!
იძახის ტაშტი.
უკან ვიხედები -დერეფანი ცარიელია, ცივი. ლინოლეუმი პრიალებს.
ნეტავ როდის გამოჯანმრთელდება დედა?
დერეფნიდან გამოვდივარ. კიბეებთან უფრო ცივა.
კედელთან, ბამბუკის დიდ ქოთანში პლასტმასის პალმა ჩაურგავთ, ცოცხალი ლიმონის ხე კი აივანზე გაუგდიათ. უნაყოფო ხეა, მაგრამ მაინც მეცოდება.
აივანზე გავდივარ.
ლიმონი საცოდავად დგას, ფოთლები შემოსძარცვია. ისიც ბამბუკის ქოთანში ჩაურგავთ.
სიგარეტს ვუკიდებ.
დღეს დევნილი ქალი გაასვენეს. აქედან ვუყურებდი.
ზეწარი ეფარა. საკაცეს ძლივს ემჩნეოდა. თავთან გაფშეკილი თმა მოჩანდა. ფეხზე სპორტული კედები ეცვა, ქუსლებთან შემოჭრილი.
წითელჯვრიან მანქანაში შეასვენეს. სულ კაცები ტრიალებდნენ. ქალები არ ჩანდნენ. მერე გამოჩნდა ერთი. კაცებს დაკეცილი ცელოფანი მიურბენინა. ცელოფანი მიცვალებულის ფეხებთან დააგდეს, კარები დაკეტეს და წავიდნენ. ქალი ცოტა ხანს იდგა, მხრები ეწურებოდა. ტიროდა ალბათ. მერე მობრუნდა და ამოიხედა. არ ტიროდა.
გარდაცვლილი მარტოხელა, სულით ავადმყოფი იყო.
ასე თქვეს ექთნებმა.
დღენიადაგ პირველ სართულზე, საავადმყოფოს ფოიეში იჯდა. დიდ ფანჯარასთან სკამი ედგა და იყო თავისთვის. სიგარეტს თუ იშოვიდა, ქალურად ეწეოდა. მიწებებულ თამბაქოს ხელით ნაზად იშორებდა ტუჩიდან.
აი, ამ ლიმონის ხეს მაგონებდა რატომღაც.
უკანასკნელად გუშინწინ ვნახე.
საავადმყოფოს ფოიეში ღრიანცელი და ყაყანი იყო. პატარა მაგიდას დევნილი კაცები უსხდნენ და ბანქოს თამაშობდნენ. ქალიც იქვე იჯდა, ფანჯარასთან. გამხდარი,