ნაწილი I -
თავი პირველი სკარლეტ ო’ჰარაზე ვერ იტყოდით, ლამაზიაო, მაგრამ მამაკაცები, ტყუპ ტარლეტონების მსგავსად, იშვიათად თუ ხვდებოდნენ, როგორ ებმებოდნენ მისი მომხიბვლელობის ბადეში. გოგონას სახეზე ნათლად იკვეთებოდა დედის, წმინდა ფრანგული წარმომავლობის არისტოკრატის, ნაზი და ირლანდიელი მამის მკაცრი ნაკვთები. ფართოყვრიმალებიანი და გამოკვეთილნიკაპიანი სკარლეტის სახე ატყვევებდა მნახველს. ღია მწვანე, თაფლისფერგაურეველი თვალები საოცრად უციმციმებდა ხშირი, აპრეხილი, ბოლოებში ოდნავ მოხრილი შავი წამწამების ჩრდილში; მაღლა აზიდული წარბები სიმკვეთრეს მატებდა მის მაგნოლიის ყვავილივით თეთრ კანს, რომელიც ასე ძვირად ფასობდა სამხრეთელ ქალებში და რომელსაც ჯორჯიის მწველი მზისგან კარგად იცავდა ფართოფარფლიანი ქუდი, პირბადე და თათმანი.
მოკლედ, პატარა ქალბატონი, რომელიც 1861 წლის აპრილის ერთ ნათელ დღეს სტიუარტ და ბრენტ ტარლეტონების საზოგადოებაში მოკალათებულიყო მამამისის დიდი მამულის - ტარას ფართო პარმაღის კოლონების ჩრდილქვეშ, მომხიბლავი სანახავი იყო. ტანთ ემოსა მუსლინის ახალი, მწვანეყვავილებიანი, თორმეტ იარდზეგადაშლილი კაბა, ფეხებზე კი ახალი, ატლანტიდან მამის ჩამოტანილი ტარსიკონისუქუსლო ფეხსაცმელი ეცვა. კაბის კორსაჟი ლამაზად გამოკვეთდა მის წვრილ, ჩვიდმეტი ინჩისგარშემოწერილობის წელს, რომლის მსგავსს მახლობელ სამ საგრაფოში ვერსად ნახავდით, და თექვსმეტი წლის გოგონას კვალობაზე გვარიანად წამოჩიტულ მკერდს.
ვერც სადა კაბა, ვერც დარბაისლურად უკან აკეცილი და ბადეში შემალული თმა, ვერც კალთაზე მშვიდად დალაგებული ხელები ვერ შეგაცდენდათ და ვერ დამალავდა სკარლეტის ბუნებას. გოგონა მწვანე თვალებით ისე ღრმა, ისე უძირო, სურვილითა და სიცოცხლით სავსე მზერით იცქირებოდა, რომ სრულად ამჟღავნებდა ნამდვილ ხასიათს. მანერები სკარლეტს ნაწილობრივ დედისგან ერგო მემკვიდრეობით, ნაწილობრივ კი მათ ჩამოყალიბებაში აღმზრდელი დედილოს მკაცრმა ხელმა შეასრულა დიდი როლი.
სკარლეტს ორივე მხარს ტარლეტონების ტყუპი უმშვენებდა. ორივე თავისუფლად მოკალათებულიყო სკამზე, თვალს არიდებდნენ ორნამენტებიანი მინებიდან არეკლილ კაშკაშა მზეს და მხიარულად ლაყბობდნენ. ცხრამეტი წლის, ექვსი ფუტისადა ორი ინჩის სიმაღლის, დაკუნთულ, მზეზე გარუჯულ წითურ ჭაბუკებს ტანთ ემოსათ ერთნაირი ლურჯი ქურთუკები, მდოგვისფერი შარვლები და მუხლამდე ჩექმები. ძმები ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, როგორც ბამბის ორი ფთილა.
გარეთ გვიანი შუადღის მზე ნელ-ნელა ესვენებოდა ჰორიზონტზე და ჩამავალ სხივებს ჰფენდა მიჯრით ჩარიგებულ შინდის ხეებს, რომელთაც ფოთლების ღია მწვანე ფონზე თეთრად აფეთქებული კვირტები უჩანდათ.
წინკართან ტყუპს მათივე თმისფერი, დიდრონი წითური ცხენები მიებათ, რომელთა ფეხებთან მოუსვენრად წრიალებდნენ ბიჭების მუდმივად თანმხლები მწევრები, ოდნავ მოშორებით კი შავლაქებიანი დიდი ძაღლი ისე გაწოლილიყო, როგორც არისტოკრატს შეეფერება - დრუნჩი მიწაში წაეყო და მორჩილად ელოდა, როდის ინებებდნენ პატრონები სავახშმოდ შინ დაბრუნებას.
ტყუპი, ცხენები და მწევრები არა მხოლოდ განუყრელ მეგობრებს წარმოადგენდნენ, მათ შორის უფრო მტკიცე კავშირი იყო. ცხოველები პატრონებივით ჯანსაღები, ახალგაზრდები, მოქნილები, გრაციოზულები, ბზინვარებეწვიანები, ფიცხები და საშიშები იყვნენ, მაგრამ თუ იცოდი, როგორ გაგეწვრთნა, უცებ იქცეოდნენ მშვიდ და საიმედო თანაშემწეებად.
ეს სამნი, იმ საღამოს პარმაღზე რომ ისხდნენ, მართალია, ბავშვობიდან პლანტატორული ცხოვრების წიაღში თავისუფლად გაიზარდნენ, პატარაობიდანვე არ აკლდათ ფუფუნება თუ კეთილდღეობა, მაინც არ ჩანდნენ უქნარები და განაზებულები. მათში ძალა, ენერგია, სიმკვირცხლე და ის სიმარდე გამოსჭვიოდა, რაც ასე ახასიათებს სოფელში გაზრდილს, მთელი ცხოვრება რომ ბუნების წიაღში გაატარა და წიგნებში თავჩარგული არ იმძიმებს გონებას.
ჩრდილოეთ ჯორჯიის შტატის კლეიტონის საგრაფო ჯერაც ახალი დასახლება იყო და ოგასტის, სავანისა და ჩარლსტონის მცხოვრებთა აზრით, ჯერაც ვერ მოეშორებინა ერთგვარი უმწიფარობა. სამხრეთის დინჯ და უფრო ძველ დასახლებათა მცხოვრებნი ცხვირაწეულები, ქედმაღლურად უყურებდნენ ჯორჯიის შტატის მკვიდრთ, თუმცა, ჩრდილოეთ ჯორჯიაში დახვეწილობისა და განათლების ნაკლებობა სულაც არ იწვევდა სირცხვილის გრძნობას, რადგან აქ მამაკაცებს სწორედ ის არ აკლდათ, რაც გარემოების შესაფერისად, აუცილებლად სჭირდებოდათ და გამოადგებოდათ. სარფიანად ვაჭრობდნენ ბამბით, შესანიშნავად აჭენებდნენ ცხენებს, ჩუბინებივით მარჯვედ ისროდნენ, ცეკვაში თავს არ ირცხვენდნენ და გალანტურად ეარშიყებოდნენ სათაყვანებელ ქალებს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღირსება უხვად მოემადლებინა ღმერთს ტყუპი ძმისთვის და ისინიც არაფრად აგდებდნენ იმ ამბავს, რომ წიგნებთან მწყრალად იყვნენ. არაფერი ანაღვლებდათ, გარდა დიდძალი ფულისა, ურიცხვი ცხენისა, საგრაფოში ყველაზე მეტი მონის ყოლისა და სულაც არ ადარდებდათ, რომ მეზობლად მცხოვრები კრეკერებისშვილებზე ნაკლები განათლება ჰქონდათ.
სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ იმ საღამოს ტარას მამულში სტიუარტ და ბრენტ ტარლეტონები ასე უზრუნველად მისცემოდნენ განცხრომას.
ბიჭები, ის-ის იყო, ჯორჯიის უნივერსიტეტიდან გამოერიცხათ. ეს უნივერსიტეტი მათთვის უკვე მეოთხე იყო და იქ მხოლოდ ორი წლის გატარება მოასწრეს. უმცროსმა ძმებმა, ტომმა და ბოიდმაც, უარი თქვეს იმ სასწავლებელში სწავლაზე, რომელმაც მათი უფროსი ძმები ვერ იგუა და შინ დაბრუნდნენ ტყუპთან ერთად.
სტიუარტსა და ბრენტს სიცილადაც