ნაწილი IV-
თავი ოცდამეთერთმეტე
იანვრის ერთ ცივ შუადღეს, 1866 წელს, სკარლეტი კაბინეტში იჯდა და მამიდა პიტის წერილს სწერდა. დაწვრილებით უხსნიდა, რატომ ვერ ბრუნდებოდნენ ვერც თვითონ, ვერც მელანი და ვერც ეშლი ატლანტაში მასთან საცხოვრებლად. წერა ეზარებოდა, იცოდა, მამიდა პიტი როგორც კი პირველ სტრიქონებს გადაავლებდა თვალს, კითხვას აღარ გააგრძელებდა, ისევ აიღებდა ხელში კალამს და წუწუნს მოჰყვებოდა: „მაგრამ მე მეშინია მარტო ცხოვრების!“
სკარლეტს ხელები გაეყინა, მოიფშვნიტა და სცადა, გაეთბო, ფეხები კი ღრმად ჩამალა მუხლებზე გადაფარებულ ძველ საბანში. ფეხსაცმელს ძირი თითქმის აღარ შერჩა. ამიტომ მის ნაცვლად ნოხის ნაგლეჯი გამოაკერა. მართალია, ეს ნაგლეჯი თავის მოვალეობას ასე თუ ისე ასრულებდა, მაგრამ სითბოს ვერ ინარჩუნებდა.
იმ დილით უილმა ცხენი წაიყვანა ქალაქში ნალების დასაჭედად. სკარლეტმა მოღუშულმა გაიფიქრა, მართლაც ცუდადაა საქმე, ცხენს ნალებს ვაჭედებთ, ადამიანები კი ძაღლებივით ფეხშიშველი დავდივართო.
ისევ აიღო ხელში ბატის ფრთის კალამი. სცადა, წერა გაეგრძელებინა, მაგრამ უცებ გაიგონა, როგორ დაბრუნდა უილი და უკანა კარს მიუახლოვდა. ქალს მისი ხის ფეხის კაკუნი მოესმა დერეფნიდან, მაგრამ ხმა მალე მიწყდა. როგორც ჩანს, უილი გაჩერდა, სკარლეტი კიდევ ცოტა ხანს ელოდა, როდის შევიდოდა ოთახში ბენტინი, მაგრამ ის არ გამოჩნდა და ქალმა დაუძახა. უილი შემოვიდა, თვალები სიცივისგან ჩასწითლებოდა, წითური თმა კი ასწეწოდა. კაცი იდგა, ქალს უცქერდა და სახეზე სუსტი ღიმილი დასთამაშებდა.
- მის სკარლეტ, ნაღდი ფული რამდენი გაქვთ ხელზე? - ჰკითხა ქალს.
- რაო, უილ, ცოლად მოყვანას ხომ არ მიპირებ ფულის გამო? - ჰკითხა სკარლეტმა მოურიდებლად.
- არა, მემ, უბრალოდ მაინტერესებს.
სკარლეტმა კითხვით სავსე მზერა მიაპყრო. ვერ იტყოდი უილი შეფიქრიანებულიაო, თუმცა, ისედაც არასოდეს იყო შეფიქრიანებული, მიუხედავად ამისა, მიხვდა, რომ რაღაც აწუხებდა.
- ათი დოლარი მაქვს ოქროთი, - უპასუხა ქალმა, - სულ ეს არის, რაც მოკლული იანკის ფულიდან დამრჩა.
- ცუდია, მემ, ეგ არ გვეყოფა.
- გვეყოფა? რაში?
- გადასახადში, - მიუგო კაცმა, ბუხარს მიუახლოვდა, დაიხარა და სიცივისგან დაწითლებული ხელები ცეცხლის ალს მიუშვირა.
- გადასახადში? - გაიმეორა ქალმა, - ღვთის გულისათვის, უილ, განა უკვე არ გადავიხადეთ?
- დიახ, მემ, მაგრამ ისინი ამბობენ, საკმარისი არ არისო. დღეს მოვკარი ყური ჯონსბოროში.
- უილ, ვერ გავიგე, რას გულისხმობ?
- მის სკარლეტ, ვწუხვარ, რომ თქვენი შეწუხება მიწევს ამ საქმეზე, თანაც მაშინ, როცა საქმე ისედაც თავზე საყრელი გაქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ ბევრად მეტი გვმართებს. იანკებმა ტარა ძალიან დიდი თანხით დაბეგრეს. დამიჯერეთ, საგრაფოში ყველა მამულზე მეტი ფასი დაადეს.
- გასაგებია, მაგრამ როგორ უნდა გვაიძულონ, კიდევ გადავიხადოთ გადასახადი, როცა ერთხელ უკვე დავფარეთ?
- მის სკარლეტ, თქვენ იშვიათად გიწევთ ჯონსბოროში ჩასვლა და მადლობა ღმერთს, რომ ასეა. ეს ქალაქი ნამდვილად არ არის შესაფერისი ადგილი ქალბატონისთვის, თუმცა, ხშირად რომ ჩადიოდეთ, გეცოდინებოდათ, რომ იქაურობას ახლა არამზადების ხროვა, რესპუბლიკელები და მაროდიორები მართავენ, რომლებიც ისე იქცევიან, რომ ჭკუიდან გადაიყვანენ ადამიანს. ნიგერები ტროტუარებზე დასეირნობენ, თეთრ ბატონებს კი სავალ გზაზე ყრიან და...
- მოიცა, ეგ რა შუაშია, გადასახადზე რას ამბობდი?
- ახლავე, ახლავე, მის სკარლეტ! ამ არამზადებმა რატომღაც ტარას ძალიან დიდი ფასი დაადეს-მეთქი, ხომ გითხარით. კაცი იფიქრებს, ამ მამულში ათასი ბარდანა ბამბის მოყვანა მაინც შეიძლება... ეს რომ გავიგე, ქალაქში გავიარ-გამოვიარე, ბარებში შევიხედე, ჭორებს მივუგდე ყური, ვცადე, მიზეზი გამეგო და დავადგინე, რომ ვიღაცას ჩვენი მამულის იაფად ხელში ჩაგდება განუზრახავს შერიფის აუქციონზე. ეს იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ გადასახადს ვერ დავფარავთ. ყველამ კარგად იცის, რომ ამდენი ფული ჩვენ არა გვაქვს და აუქციონი გარდაუვალია... ჯერ ვერ დავადგინე, ვინ არის ის არამზადა, ტარას ხელში ჩაგდება რომ უნდა. მაგრამ ის ლაჩარი ჯეელი მგონია, ჰილტონი, მის კეთლინი რომ მოიყვანა ცოლად. ამ საქმის გამოძიება რომ დავიწყე, საძაგლად მოჰყვა სიცილს.
უილი დივანზე ჩამოჯდა და მოჭრილი ფეხის ნარჩენი მოისრისა, ცივ ამინდში სტკიოდა ხოლმე, თანაც ხის პროთეზი არც კარგად იყო გამოთლილი, არც მოსახერხებელი გახლდათ.
სკარლეტმა გაცოფებულმა შეხედა უილს, რომელიც ასე მშვიდად აუწყებდა ტარას დაჩოქების ამბავს. შერიფის აუქციონზე გაყიდიანო? კი მაგრამ, რა უნდა ეღონა? ეს ხალხი სად უნდა წაეყვანა? ნუთუ ტარა სხვას უნდა ჩაეგდო ხელში! ეს ხომ წარმოუდგენელი იყო!
სკარლეტი ისე იყო ჩაფლული ტარას შემოსავლიან მამულად ქცევაში, რომ ყურადღებას არც კი აქცევდა, რა ხდებოდა გარე