მითრიდატე -
(ნაწილი II) -
22. ჟამი მწიფობისა და წყალდიდობისა
მიაქროლებდა ნისლას მითრიდატე, ადრე შევაჟკაცებული ჭაბუკი, და ჯერ აუგებ ხომალდებს აჯგუფებდა და ანაწილებდა. მას აწმყოს გრძნობაც არ ღალატობდა, კარგად იცოდა, რომ ჯერ მრავალ ცხენს გამოიცვლიდა, ვიდრე მისი ხომალდიონები ზღვის წყალს მოისხურავდნენ! მაგრამ ფიქრის ხომალდები უკვე მიაქროლებდნენ და თითო მათგანი, ნისლა ცხენიც „ფიქრის“ სისწრაფისა იყო. ბოლოს უკან მოიხედა და გედე ვეღარსად დაინახა. მაშინღა წარმოუდგა ნამდვილი მიზეზი სწრაფვისა. მას „ტრფობის ხომალდები“ მიაქროლებდნენ. აქ სულ სხვა ქარები ჰქროდნენ და სულ სხვა ღელვაც იყო!
თავს შემოსწყრა და გედეს მოუცადა. ბოლოს მანაც დაოთხვითა და აქოშინებით მოაგდო ცხენი.
- შორს გამოვცდით. აქ დავაყენე ერთ კაცთან, მარტოხელაა.
უკან ერთად წამოვიდნენ. მითრიდატემ დაგვიანებით აღადგინა გედეს ნათქვამი.
- რა სთქვი? ვინ „კაცთან“ დააყენე?
- არის ერთი, მესხი, ოქრომჭედელი, სამკაულების ხელოსანი.
- დიდად მოხუცია?
- არა... ჩემი ხნისაა!
მითრიდატემ გედეს გაწკეპილ ულვაშებს გადახედა და ცეცხლი მოეკიდა. - მერმე უპატრონო შეწირული მიჰგვარე მარტოხელას?
- რატომ უპატრონო? ერთად არიან!
- შენ გადამრევ მე! - სულ განცვიფრდა ტრფიალი. - ვისთან ერთად?!
- მამიდა ახლავს, ნენა-მონა. სწორედ შეწირულების მფარველი!
მითრიდატეს გაკვირვება არავის გაუგია, გარდა ცხენისა, ლაგამი ისე ჩამოჰკრა, რომ ადგილზე დაასო, მერმე ბალახოვან შუკაში შეჰყვა გედეს.
საუბრისგან თავი შეიკავა. ისე კი სულ უფრო და უფრო იბნეოდა. ხომალდების რთულ საკითხებში კარგად ერკვეოდა, სქვამგურის უხრიკმახრიკში არ დაბნეულა, აქ კი იქნებოდა და კრთებოდა კიდევაც!
შუკას კი რაღაც ძველი კედელი აეკიდა, სწორედ მკერდამდე სწვდებოდა ცხენზე მჯდომს. უნებურად გადაიხედა და ცხენი შეაჩერა.
მრავალნაყარ, დიდფოთოლა ლეღვის ძირში, ჯირკზე ლულუფა იჯდა და შორს, ზღვისკენ იმზირებოდა. მშვილდის კამპზე დასული მზე სახეს უნათებდა. ქალწულის ლანდი სადღაც ლეღვის ტოტებში იკარგებოდა და შეწირულს თითქოს ჩრდილი ახლაც თავმოკვეთილი ჰქონდა.
ლეღვის ფოთლები კი მეწამულად ეკიდნენ ირგვლივ.
ქალწულს თვალი ვეღარ მოსწყვიტა ჭაბუკმა. მაინც შეამჩნია, შორიახლოს ფეხებმორთხმულად და კაბააკეცილად ნენა-მონა პირდაპირ ბალახზე იჯდა და თითისტარს კალთაში ატრიალებდა, თან რაღაცას ჩიფჩიფებდა.
იქვე კი ორფეხა დაზგაზე გაჭედილ ვერცხლის დიდ ლანგარს ვიღაც ახალგაზრდა წვეროსანი ოსტატი მისჩერებოდა, საჭრეთელით ქალწულის სახე გამოჰყავდა და გატაცებით ღიღინებდა.
მითრიდატეს თანდათან დაუბრუნდა გარკვეულობის გრძნობა. მზერა ხარბად ეწაფებოდა და ადარებდა ცოცხალსა და ლანგარზე ტვიფრულს. თვალმიტაცებულს ახლა სმენა შველოდა, ჯერ ნათლივ აწვდიდა ნენა-მონას ჩიფჩიფსაც და ოსტატის ღიღინსაც. ჯერ ღიღინმა აჯობა, ჯადო-ქსელი დაახვია:
- შენი ყოფილა გალობა -
სადიდებელო მზისა!
ყველა კილოზე წყალობა -
სადიდებელო მზისა!
ვერცხლზე გადადის მშვენება -
სადიდებელო მზისა!
უნისლო გამოჩვენება -
სადიდებელო მზისა!
შენი ყოფილა ტაძარი -
სადიდებელო მზისა!
მერმე ნენა-მონას ჩურჩულმა იძალა და ყველაფერი დაჰფარა, სადიდებელიცა და საგალობელიც.
- შენ, უპატრონო სილამაზის პატრონო, სად მომიყვანე? რათ აიჩემე? რა სიზმარმა მოგნუსხა და მოგაჯადოვა? განა არ იცი, რომ ასეთი მთვარეკაშკაშა სილამაზე ღმერთებს საშინლად სძულთ და უყვართ, სძულთ და უყვართ! ღმერთები კი ვისაც აიჩემებენ, სიყვარულით ან სიძულვილით, იმათ მუდამ სდევთ ფათერაკი! ფათერაკი სდევთ! დამალე შენი სილამაზე. ამ ვერცხლს გადააბარე, თორემ ქვეყანაზე რამდენი ავი თვალია! ავგულია! ავი ზრახვაა! მაინც ვის ელი, ვის? ხომ გაიგე, სავლაკე იქ წასულა, საიდანაც ოდესღაც აფსირტეს მკვლელები მოვიდნენ! აფსირტულას შეწირულო! მე შენ დაუმალავ სილამაზეს კი კალთას ვეღარ გადავაფარებ, ვეღარ!
ქალწული კი უძრავად იჯდა მწიფე ნაყოფით დაყურსულ ლეღვის ძირში და ზღვაში მშვილდის კამპზე დასულ მზეს უღიმოდა.
უეცრად სულ უბრალო რამ მოხდა: მწიფე ლეღვი ჩამოვარდა ხიდან და ლულუფას ფეხებთან დაეცა.
ამან თითქოს უძრაობის ჯადო გაწყვიტა, ლულუფა შეირხა. ნენა-მონა წამოიწია, კედლის იქით მითრიდატემაც ცხენი დასძრა.
შუკის ბოლოში, კედელსა და შქერიან ბექს შორის გრძელი ცალხერგილა იყო გაყრილი. მითრიდატემ აღარ დაუცადა, ვიდრე გედე დაეწეოდა და ცალხერგილას გააცლიდა, ცხენს დეზი ჰკრა და ხერგილზე გადაახტუნა.
ნენა-მონა წამოვარდა და ძერასავით წამოვიდა, მაგრამ ახლოს რომ მოსწვდა უფლისწულს, ხელი მოიჩრდილა და შუბივით მოღერებული თითისტარი მიწაზე დააგდო:
- დიდუ! შენ სავლაკეს ძმადნაფიცი არა ხარ: შენ გაიხარე, რაც შენი მოსვლით ჩვენ გაგვახარე! თორემ სულ აიფუნგა ჩვენი საქმე, აიჩემა, გინდა თუ არა, უნდა წავიდეო! უნდა ვნახოო! გული მიგრძნობსო! ახლა ლამაზ ქალწულს, ვინ რა იცის, რას უგრძნობს გული?!
კიდევ ბევრი იქაქანა გახარებულმა დედაბერმა, მერმე მოჰხედა და გაკვირდა, ლულუფა ამდგარიყო, მაგრამ ოდნავ თავდახრილად. მზისკენ შებრუნებულად იდგა.
- რას დაირცხვინე?! აქ მოდი, ლულუფავ! ვერ იცანი?