ილუზიების წიგნი
1
ეს ადამიანი ყველას გარდაცვლილი ეგონა. 1988 წელს, როცა მისი ფილმებისადმი მიძღვნილი ჩემი წიგნი გამოიცა, ჰექტორ მანის შესახებ სამოცი წელი არავის არაფერი სმენოდა; კინოს თითო-ოროლა ისტორიკოსისა და ძველ ფილმებზე შეშლილი კინომანების გარდა, ლამის აღარავის ახსოვდა, რომ ოდესმე ასეთ კაცს ამქვეყნად ეცხოვრა. „ყველაფერი ან არაფერი“, მუნჯი კინოს ეპოქის მიწურულს გადაღებული მისი ერთ-ერთი ფილმი, კინოთეატრებში 1928 წლის 23 ნოემბერს გამოვიდა. ორი თვის შემდეგ, ისე, რომ ნაცნობ-მეგობრებთან გამომშვიდობება და საკუთარი განზრახვის ახსნა არც უფიქრია, ჰექტორ მანი ორანჯ სტრიტზე ნაქირავები ბინიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. თავისი ცისფერი „დესოტო“ იქვე დაეტოვებინა, სადაც ეყენა; სახლის ქირავნობის ქაღალდები წესრიგში ჰქონდა, სამი თვის თანხა - წინდაწინ გადახდილი. სამზარეულო სურსათით იყო სავსე, კაბინეტში ვისკის მარაგი - ხელუხლებელი, საძინებლის კარადაში გარდერობს ერთი ხელი ტანისამოსიც არ აკლდა. 1929 წლის 18 იანვარს „ლოს ანჯელეს ჰერალდ ექსპრესი“ წერდა, ბინა ისე გამოიყურებოდა, თითქოს მისი პატრონი სასეირნოდ გასულიყო და კარი წუთი წუთზე უნდა შემოეღო. მაგრამ არ დაბრუნებულა: იმ დღეს, თითქოს მიწამ უყო პირი, ჰექტორ მანი სამუდამოდ გაუჩინარდა.
მისი შემდგომი ბედის თაობაზე მითქმა-მოთქმა რამდენიმე წელიწადს არ მიმწყდარა, მაგრამ ყველაფერი, რაც კი ითქვა, მხოლოდ ეჭვები იყო და ვარაუდებს არ გასცდენია. ყველაზე სარწმუნო ვერსიებად თვითმკვლელობას ან ფარული მტრების მიერ დაგებულ მახეს ასახელებდნენ, მაგრამ მათი დასაბუთებაც და უარყოფაც ერთნაირად შეუძლებელი იყო, რადგან გვამის პოვნა ვერ მოხერხდა. დანარჩენი ვერსიები წარმოსახვის თამაშს, იმედიანი დასასრულის ძიების მცდელობას უფრო ჰგავდა და, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, რომანტიკულ მინიშნებებს შეიცავდა. ერთნი ამბობდნენ, თითქოს ჰექტორი მშობლიურ არგენტინაში დაბრუნდა და პატარა პროვინციული ცირკის მფლობელი გახდა. მეორე ვერსიის მიხედვით, კომუნისტურ პარტიაში შევიდა და გამოგონილი სახელით ნიუ-იორკის შტატში, იუტიკაში მერძევეების პროფკავშირს ჩაუდგა სათავეში. სხვანი ყვებოდნენ, თითქოს იგი დიდმა დეპრესიამ გააკოტრა და უსახლკარო მაწანწალად აქცია. ჰექტორი რომ უფრო დიდი ვარსკვლავი ყოფილიყო, ახალ-ახალი ვერსიების ცხობა, ალბათ, არც არასოდეს დასრულდებოდა; სიცოცხლეს იმ ამბებში გააგრძელებდა, რომლებსაც მის შესახებ თხზავდნენ და დროთა განმავლობაში ერთ-ერთ იმ სიმბოლურ ფიგურად იქცეოდა, კოლექტიურ მეხსიერებაში სიჭაბუკის, ახალგაზრდული იმედებისა და ბედის უკუღმართობის განსახიერებად რომ რჩება, მაგრამ ასე არ მომხდარა, რადგან ჰექტორის კარიერა მანამ შეწყდა, სანამ ჰოლივუდს თავისი არსებობის კვალს სამუდამოდ დაამჩნევდა. მან თავისი ნიჭის მთელი სისრულით გახსნა ვერ მოასწრო, მეტისმეტად მალე გაქრა თვალსაწიერიდან, რომ ადამიანებისთვის თავი დიდი ხნით დაეხსომებინა. გავიდა რამდენიმე წელი და ჰექტორი ყველას ნელ-ნელა მიავიწყდა. 1932-1933 წლებისთვის ჰექტორ მანი იმ ძველი სამყაროს ნაწილად იქცა, რომელსაც აღარავინ უბრუნდება და, თუკი მისი კვალი სადმე მაინც დარჩა, მხოლოდ ყველასთვის უცნობი იმ წიგნების სქოლიოებში, რომელთა კითხვით თავს აღარავინ იწუხებდა. კინო ალაპარაკდა, წარსულის გახუნებული, მუნჯი ლენტები ვიღას ახსოვდა. ვის სჭირდებოდა ძველი კლოუნები, მიმები, უხმო ორკესტრების რიტმს აყოლილი მოცეკვავე კეკლუცი გოგონები. მათი დროებიდან თითქოს სულ რამდენიმე წელი გასულიყო, მაგრამ უკვე ისეთივე წინაისტორიულ ქმნილებებად ქცეულიყვნენ, როგორც უხსოვარ დროს, ადამიანების გამოქვაბულებში დასახლებამდე, გადაშენებული არსებები.
ჩემს წიგნში ჰექტორის ცხოვრებას თითქმის არ შევხებივარ. „ჰექტორ მანის უხმო სამყარო“ კინოკრიტიკის ჟანრს უფრო განეკუთვნებოდა, ვიდრე ბიოგრაფიულს, ის თითო-ოროლა უმნიშვნელო ამბავი კი, რომლებიც მის პროფესიასთან დაკავშირებული არ იყო, ყველასთვის ხელმისაწვდომ წყაროებში - კინოენციკლოპედიებში, მემუარებში, ადრეული ჰოლივუდის ისტორიაში მოვიძიე. ეს წიგნი იმიტომ დავწერე, რომ ეკრანზე ნანახისგან მიღებული სიამოვნება სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ჰექტორის ცხოვრებამ ჩემი ინტერესის პერიფერიებში გადაინაცვლა, ხოლო მის შესაძლო ხვედრზე ეჭვებისა და ვარაუდების გამოთქმას მისი ფილმების დაწვრილებითი ანალიზი ვამჯობინე. რაკი ჰექტორი 1900 წელს დაიბადა, 1929 წელს კი უკვალოდ გაუჩინარდა, აზრად არ მომსვლია, რომ შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო. მიცვალებულებს საფლავებიდან წამოდგომა არ შეუძლიათ; ამდენი წლით მიმალვა კი, მაშინ ასე ვფიქრობდი, მხოლოდ მას არ გაუჭირდებოდა, ვინც ცოცხლებში აღარ ეწერა.
წიგნი პენსილვანიის უნივერსიტეტის გამომცემლობამ დასტამბა. მას შემდეგ უკვე თერთმეტი წელია გასული. მარტში გამოიცა, პუბლიკაციიდან სამი თვის თავზე კი, როცა კინოსადმი მიძღვნილ პერიოდულ გამოცემებსა და აკადემიურ ჟურნალებში გამოხმაურების პირველმა ტალღამ გადაიარა, საფოსტო ყუთში წერილი დამხვდა. მოზრდილი კონვერტი იყო, კვადრატული ფორმისა და არა მართკუთხა, ყოველ მეორე მაღაზიაში რომ იყიდება; ხარისხიანი, ძვირფასი ქაღალდისგან დამზადებული კონვერტი იყო, ამიტომ ჯერ ვიფიქრე, შიგნით საქორწილო მოსაწვევი ანდა ვიღაცის შვილის დაბადების შეტყობინება იდებოდა. ჩემი სახელი და გვარი კონვერტის შუაგულში მოხდენილი გაკრული ხელწერით იყო გამოყვანილი, რომელიც პროფესიონალ კალიგრაფს თუ არა,