თავი I
ვინაც მოლოქის გზას დავდგომივართ, დავფიქრდეთ ყველა -
ურჯულონიც ხომ მუხლს უყრიან
ბუდას ქანდაკს კამაკურაში!
ბუდა კამაკურაში
ქალაქის საკრებულოს შემოღებული უმკაცრესი აკრძალვის მიუხედავად, ის მაინც აგურის სადგარზე დაყუდებული ზამ-ზამაჰის დიდი ქვემეხის ლულაზე გადამჯდარიყო, ზუსტად ძველი აჯაიბ-გჰერის - ანუ საოცრებათა სახლის ბირდაბირ - როგორადაც აქაურები ლაჰორის მუზეუმს იხსენიებდნენ. ვინაც ზამ-ზამაჰს - ამ „ცეცხლისმფრქვეველ გველვეშაპს“ დაეპატრონებოდა, სრულიად პანჯაბიც მისი იყო, რაკიღა ეს მომწვანო-ბრინჯაოსფერი გროვა ყველა დამპყრობლისათვის უპირველესი საალაფო განძი გახლდათ.
ოღონდ ჩვენში დარჩეს და, კიმსაც ეპატიებოდა: ის-ის იყო იქიდან ლალა დინანათჰის ბიჭი ჩამოეგდო - პანჯაბს ხომ ახლა ინგლისელები განაგებდნენ და აკი კიმიც ნაღდ ინგლისელობაზე დებდა თავს! არადა, იქაურივით შავტუხა ბაზრის ბიჭბუჭობაში არც გამოირჩეოდა, მეტწილად ადგილობრივ კილოკავზე უქცევდა და დედაენაზე საუბრისას ცოტათი მოიკოჭლებდა კიდეც, თუმცა თეთრი იყო - ღატაკი თეთრკანიანი, უღატაკესი ღატაკთა შორის.
ნარევი სისხლის დედაკაცმა, ვისაც შეეკედლებინა სამადლოდ (ქალი ოპიუმს ეტანებოდა და ნახმარი ავეჯის დუქანიც გაემართა მოედნის შორიახლო, ზედ მონჯღრეული ეტლების სადგომთან), მისიონერებს უთხრა, მამიდად ვერგებიო; არადა, დედამისი გადია ყოფილა მავანი პოლკოვნიკის ოჯახში, და მერე ცოლად გაჰყოლია კიმბოლ ო’ჰარას - ირლანდიელი ფეხოსნების ლეგიონის ახალგაზრდა მედროშეს. მერე კაცმა სამსახური იშოვა სინდი-პანჯაბი-დელის რკინიგზის ხაზზე და მისი ლეგიონიც უიმისოდ დაბრუნდა შინ. ცოლი რომ ქოლერით მოუკვდა ფეროზპორში, ო’ჰარაც სასმელს მიეძალა და აღმა-დაღმა დაყვებოდა ხოლმე მატარებელს ამ თავის თვალხატულა, სამი წლის ბიჭთან ერთად. ბავშვებზე დიდად მზრუნველი საქველმოქმედო საზოგადოებები თუ ზნეობის ათასი ჯურის თავგადაკლული მოქადაგე, ამაოდ ცდილობდნენ, შვილი ჩამოერთმიათ მისთვის - ო’ჰარა მუდამ ახერხებდა მათი ხლართებიდან თავის დაღწევას, მერე კი სწორედ ის ოპიუმის მოყვარული ქალი გაიცნო, იმისგანვე გადაიღო ეს მავნე ჩვევა და მალე ისევე აღესრულა ინდოეთის უცხო მიწაზე, როგორც მანამდე არაერთი სხვა უპოვარი თეთრკანიანი. მემკვიდრეობად მისგან სამად სამი ქაღალდი დარჩა - ერთს თავის ne varietur-ს ეძახდა, რაკიღა სწორედ ეს სიტყვები მოსდევდა მის ხელრთვას; მეორეს - „ჯართან განქორწინების საბუთს“; მესამე კი კიმის დაბადების მოწმობა გახლდათ. ოპიუმის წყალობით მიღმიერ სამყაროში გადასულს, უყვარდა ხოლმე გამეორება - ეს ქაღალდები ჩემს პატარა კიმბოლს კაცად აქცევსო. კიმი არამც და არამც არ უნდა შელეოდა ამ საბუთებს, რადგან ისინიც იმ დიდი ჯადოქრობისთვის იყო აუცილებელი, რასაც საქმიანი კაცები მიმართავენ ხოლმე მუზეუმს უკან მდებარე, ლურჯ-თეთრ ჯადუ-გჰერის შენობაში, ანუ ჯადო-მჩხიბაობის სახლში, როგორაც აქაურები უწოდებენ მასონურ ლოჟას. ერთ მშვენიერ დღესო, ამბობდა ო’ჰარა, ყველაფერი დალაგდება და კიმის საყვირიც ყურის წამღებად ახმიანდება მშვენიერებისა და სიძლიერის თვალშეუწვდენელ სვეტებს შორის… ძლევამოსილი ლეგიონის თავში ამხედრებული პოლკოვნიკიც თვითონვე იპოვის კიმს, პატარა კიმს, და ისეთ ბედსაც სწევს, მამამისს რომ არც კი დასიზმრებიაო. ჯოჯოხეთის 900 რჩეული ეშმაკიც, ღმერთად მწვანე მინდორზე მობალახე წითელი ხარი რომ შეურაცხავთ, კიმს ეახლება, თუკი ცხადია, ბებერი ო’ჰარა არ დავიწყნიათ - საბრალო ო’ჰარა, ჰეროსპორის რკინიგზაზე რომ იწყვეტდა ჭაპანს უაზრო მუშაკობით… და მწარედ ატირდებოდა ხოლმე აივანზე, იმ თავის მონჯღრეულ სარწეველა სავარძელში მჯდომი. მერე კი, როცა სული უფალს მიაბარა, ქალმა ეს სამივე საბუთი ტყავის პაწია ტომსიკაში გამოკერა და ავგაროზად ჩამოკიდა კიმს კისერზე.
- ერთ მშვენიერ დღეს, - უთხრა ბიჭს, თუმცა კი ო’ჰარას წინასწარმეტყველება არცთუ მთლად ზუსტად ახსოვდა, - მწვანე მინდორზე დიდი წითელი ხარი მოგადგება და კიდე - მაღალ ცხენზე შემომჯდარი პოლკოვნიკი… - მერე რატომღაც ისევ ინგლისურზე გადავიდა და დაამატა:
- და მათთან ერთად კიდევ 900 ეშმაკიც!
- ჰო-ო… - მიუგო კიმმა, - დავიმახსოვრებ. წითელი ხარი და დიდ ცხენზე ამხედრებული პოლკოვნიკი უნდა მოვიდნენ; მაგრამ იქამდეო - ასე ამბობდა მამაჩემი, მაგ ყველაფრამდე, ჯერ კიდევ ვიღაც ორი სხვა კაციც უნდა გამოჩნდეს. სულ ეგრე ხდებაო, ამბობდა მამაჩემი. სხვანაირად ეგ ჯადო-საქმე არ გამოდისო.
ქალს რომ კიმი იმ ქაღალდებიანად ადგილობრივ ჯადუ-გჰერში მიეყვანა, ცხადია, ბიჭზე მზრუნველობას იქაური ლოჟა იკისრებდა და მთებში მდებარე, მასონების გახსნილ ობლების თავშესაფარშიც უკრავდა თავს, მაგრამ ქალი მათ არ ენდობოდა და კიმსაც მეტად თავისებურად ესახებოდა საკუთარი მომავალი. ყველაფრისადმი იჭვნეულობის ასაკს რომ უწია, უკვე იცოდა, როგორ დაძვრენოდა ხელიდან მისიონერებსა თუ იმ გოროზ თეთრკანიანებს, ვინც თავს გააბეზრებდნენ შეკითხვებით - ვინა ხარ, სადაური და რას საქმიანობო? არადა კიმი მშვენივრად ახერხებდა იმას, რომ არც არაფერს საქმიანობდა. მართალია, ხუთი თითივით იცნობდა მაღალკედლება ლაჰორ-ქალაქს, დელის კარიბჭიდან - განაპირა ციხე-კოშკამდე, დიდი დოსტი