ათასი მწუხარების ჭიშკარი
ნუ შეგშურდებათ ჩემი, რაკიღა სულ რაღაც
ერთი პაისის ფასად ძალმიძს შევაღო
სამოთხის კარი...
ოპიუმის მწეველის გამონათქვამი
ეს ამბავი მე არ შემითხზავს - სიკვდილამდე ექვსი კვირით ადრე, მთელი ღამის განმავლობაში მიამბობდა ყოველივეს ჩემი მეტისი მეგობარი, გაბრალ მისკვიტა და მეც სიტყვასიტყვით ჩავწერე მისი ნაამბობი:
„ჭიშკარი“ მდებარეობს მჭედელთა და მეჩიბუხეთა უბნებს შუა, ვაზირ-ხანის მეჩეთიდან ასი იარდის დაშორებით. შემიძლია ყველას ავუწერო მისი ადგილმდებარეობა, მაგრამ სანაძლეოს ვდებ, ვერავინ მიაგნებს, რაც უნდა კარგად იცნობდეს ქალაქს. შეიძლება ასჯერ ჩაუაროთ იმ არემარეს, სადაც ეს „ჭიშკარია“ და მაინც ვერ შეამჩნიოთ იგი. საპალნიანი სახედარი ვერ ეტევა კედლებს შორის, ხოლო ერთგან სახლის ლავგარდანი ისეა გამოწეული, რომ გამართული ვერ გაივლი. ამ ალაგს „შავი კვამლის საბუდარი“ შევარქვით, მანამდე კი იქაურობა სულ სხვაგვარად იწოდებოდა.
ეს სახლი ხუთი წლის წინ მოხუც ფუნ-ჩინს, კალკატელ ხარაზს ეკუთვნოდა. ამბობენ, ფუნ-ჩინს კალკატაში ცოლი შემოჰკვდომია სიმთვრალისას. სწორედ ამიტომ მიუტოვებია მყრალი რახი და ოპიუმს დასწაფებია. მერე ჩრდილოეთს წასულა და ისეთი „ჭიშკარი“ გაუხსნია, სადაც კაცს შეეძლო მყუდროდ და მშვიდად მოეწია ოპიუმი: ნუ დაგავიწყდებათ, ეს იყო პუკკა, ოპიუმის საუცხოო სახლი და არა რომელიმე იმ შმორიან ჩანდუხანთაგანი, რომლებსაც მრავლად შეხვდებით ქალაქში. მოხუცმა თავისი საქმე ზედმიწევნით კარგად იცოდა და ჩინელის კვალობაზე ძალზე სუფთა იყო. ეს ცალთვალა, პატარა კაცი ხუთ ფუტზე მეტი არ იქნებოდა სიმაღლით. ცალ ხელზე ორი თითი აკლდა. მიუხედავად ამ ნაკლისა, მე არ მინახავს შავი აბების გაწყობის ესოდენ უბადლო ოსტატი. ოპიუმი თითქოს ვერას აკლებდა, რადგან თავის წილს დიდი წინდახედულობით ეწეოდა. ხუთი წელი დავყავი იქ და ოპიუმის წევაში ვისაც გნებავთ გავეჯიბრები, მაგრამ ფუნ-ჩინთან ჭიდილი შეუძლებელი იყო. მოხუცი ფულის დიდი ტრფიალი გახლდათ. შევიტყვე, სიკვდილამდე გვარიანი თანხა დაუგროვებია, რაც მის ძმისწულს ხვდა წილად. მოხუცი კი ჩინეთისკენ გაუყენეს გზას. იქ უნდა დავიმარხოო, - უთქვამს.
ზემო სართულზე მდებარე ოთახს, სადაც რჩეული მუშტრები იკრიბებოდნენ, ფუნ-ჩინი ახალი ქინძისთავივით სუფთად ინახავდა. ერთ კუთხეში ფუნ-ჩინის ჯოში ესვენა, ისეთივე გონჯი, როგორიც მისი პატრონი. ჯოშის წინ ყოველთვის ერჭო ანთებული კვარები, მაგრამ ჩიბუხების ხრჩოლვაში მათ სუნს ვერ იგრძნობდით. კერპის პირდაპირ ფუნ-ჩინის ლუსკუმა იდგა. მოხუცმა მას თავისი დანაზოგის დიდი ნაწილი შეალია. ამიტომ იყო, ყოველ ახალმოსულს თავმომწონედ რომ უჩვენებდა ხოლმე. შავად მოელვარე კუბოზე წითელი და თეთრი წარწერები იყო გამოყვანილი. გამიგონია, თითქოს ფუნ-ჩინს იგი ჩინეთიდან ჩამოეტანოს. ვერ გეტყვით, ეს მართალია თუ არა. თუ საღამოობით პირველი მივიდოდი, უსათუოდ მის ძირას ვიგებდი ჭილოფს. აქ სიმყუდროვე სუფევდა და ხევიდან მონაქროლი ნიავიც ფანჯრებში უბერავდა დროდადრო. ოთახში იყო მხოლოდ ჭილოფები, კუბო, დროისა და წმენდისგან მწვანედ, ლურჯად და მეწამულად მოლაპლაპე ჯოში. ეს იყო და ეს.
ფუნ-ჩინს არასოდეს უთქვამს ჩვენთვის, რატომ უწოდა ამ ადგილს „ათასი მწუხარების ჭიშკარი“. ჩემს ნაცნობ ჩინელთაგან მარტო იგი ხმარობდა ხოლმე უცნაურ სახელწოდებებს და ნათქვამის შინაარსს თავად უნდა ჩავწვდომოდით. ისე, ჩინელთა გამოთქმები უმთავრესად ხატოვანია. კალკატა ამაში დაგარწმუნებთ.
არაფერი ისე არ იმონებს თეთრ კაცს, როგორც შავი კვამლი. ყვითელკანიანი სხვაგვარადაა ნაქსოვი. ოპიუმი მასზე თითქმის არავითარ გავლენას არ ახდენს, თეთრკანიანებს კი იოლად ერევა. მაგრამ კაციცაა და კაციც! ზოგიერთს იგი ისევე ასხამს თავბრუს, როგორც ახალბედას თამბაქოს პირველი ნაფაზი. ოპიუმის მწეველი ერთხანს ჩათვლემს, დილით კი ჩიტივითაა. მეც ასეთი გახლდით თავდაპირველად, მაგრამ ხუთი წლის განმავლობაში „ჭიშკარში“ მუდმივმა სიარულმა სრულიად შემცვალა.
ერთი მოხუცი მამიდა მყავდა, აგრის გზის პირას სახლობდა. მან ცოტა რამ მიანდერძა: თვიური შემოსავალი სამოცი რუპიის ოდენობით. მაგრამ რა არის სამოცი რუპია? მახსოვს, როცა კალკატის სატყეო სარეწაოში ვმუშაობდი, თვიურად სამასი რუპიის გარდა, პატარა გამორჩენაც მქონდა. ვიხსენებ ამას და ასე მგონია, თითქოს საუკუნემ განვლო.
ამ სამუშაოს დიდხანს არ შევრჩი, „შავი კვამლი“ ვერ ეწყობა სხვა საქმიანობას. მართალია, ვერ დამაგლახა, მაგრამ სხვებსავით უკვე აღარ შემიძლია დღიური სარჩოსთვის გარჯა. ბოლოს და ბოლოს, სამოცი რუპიის მეტი ხომ არა მინდა რა! სანამ სული ედგა, მოხუცი ფუნ-ჩინი თვითონ იღებდა ამ ფულს. ნახევარს ტოვებდა, დანარჩენს მე მაძლევდა. ეს უმნიშვნელო თანხაც კი მყოფნიდა, ისე ცოტას ვჭამდი. „ჭიშკარი“ ყოველთვის ღია იყო ჩემთვის: ძილი და მოწევა შემეძლო, როცა კი მოვისურვებდი, დღე იქნებოდა თუ ღამე, ასე რომ, აღარაფერი მადარდებდა. ვიცოდი, მოხუცს დიდი გამორჩენა ჰქონდა ჩემგან. მერე და რა. ჩემი სამყოფი ფული ყოველთვიურად შემომდიოდა, დანარჩენს კი ქვეყნად ყველაფერს დაკარგული