გრძელი ზამთრების ქვეყანა
ამბავი პირველი
შემოდგომა ნეკერჩხლებით იწყება ტყეში, სოფელში - კვამლის სუნით.
უცებ აცივდება ხოლმე. მთამ ასე იცის - ერთ ღამეში გამოყრის წითელ-ყვითელ ფოთლებს და ზედ ჭირხლს დააფენს, ვერცხლისფრად. გათენდება, გამოიხედავ და უკვე ჭრელ-ჭრელი ფარდაგები გადმოფენილა, სანამგეძინა. ჩაყოფ ფეხებს კართან მიყრილ დიდი ზომის კალოშებში, გადიხარ და დააშრაშუნებ ფეხქვეშ, სუნთქავ, და უყურებ, როგორ იღვიძებს სოფელი.
სახლები ფერდობზეა შეფენილი, განიერ ეზოებში ჩაყუჟულები. შემოდგომაზე თითქოს უახლოვდებიან ერთმანეთს - აი, აცივდა, და ერთმანეთისკენ მიიწევენ, მჭიდროდ შემოიხვევენ ღობეებს. ხეებს ტოტებიჩამომძიმებიათ - ჯერ დასაკრეფია ვაშლი, პირველ ყინვებს გადაიტანს. ყველგან თივის ზვინებია, ახლოს მოიჩოჩებენ ხოლმე სახლები - თივაში უფრო თბილა.
ჩემს ეზოს პატარა ხევი ჩამოუყვება ცალ მხარეს, მერე გორა იწყება. იმ გორაზე ავდიოდი, დავჯდებოდი, სოფელს გადმოვხედავდი და კვამლის სვეტებს ვითვლიდი.
ზოგი სახლიდან ორი სვეტი ამოდიოდა.