ისინი მოდიოდნენ ღამღამობით და ჭამდნენ ჩვენს ძაღლებს. გაზაფხულისპირზე, თებერვალში, როცა ზამთარი მძიმედ მოიქნევდა კუდს და მოულოდნელად ღონიერ, ბოროტ თოვლს წამოგვაყრიდა, დგებოდა ყველაზე ძნელი დრო. იწყებოდა შიმშილი ტყეში და მთელი ტყის ბინადრები სოფლისკენ მოიწევდნენ. სულ ახლოს, გზისპირა თოვლში ჩაფლული შვლები, ჩათოვლილი საქათმეებისკენ ასუნსულებული მელიები და კვერნები მრავლდებოდნენ და მრავლდებოდნენ. მათ კვალზე კი მოდიოდნენ ისინი. მოდიოდნენ მგლები და მათი ნაკვალევი დღიდან დღემდე ახლოვდებოდა და ყულფივით იკვრებოდა სოფლის გარშემო.