გრძელი ზამთრების ქვეყანა ამბავი მეექვსე
ჯერ ზვავების დრო ჩამოდგება. თოვლი მძიმდება, წყალი შეუდგება, მერე ერთი ბიძგი და მოწყდება, ჩამოიგრაგნება ფერდობზე. ყრუდ ისმის ხევებში ჩახეთქებული თოვლის ზვავების ხმა მთელი დღეები. ხან რომელიმე მთის კალთა სულ ერთიანად მოშიშვლდება, ერთიანად მოსკდება თოვლი, ერთი ნაპრალით და ჩამოფხეკს, ჩამოაფხავებს მთას.
ეს ნიშნავს, რომ ახლოს არის გაზაფხული.
მოირღვევიან ზვავები, მე კი ვუყურებ.
მიყვარს ამის ყურება. მიყვარს, როგორ ეშვება თოვლი და მოანგრევს გზად ყველაფერს. მიყვარს, როგორ მოაქვს გზად შემხვედრი ხეები და ლოდები. მიყვარს ის ხმაც. არ ვიცი, რა არის ეს, მაგრამ მსიამოვნებს, რაღაც რომ ინგრევა. მომწონს ეს ნგრევა, ეს ჩამოშლა. ვდგავარ თვალგაშტერებული, მივჩერებივარ და უცნაური ჟრუანტელი მივლის.
მე არ მინახავს, მაგრამ მსმენია ზვავში დაფლული ადამიანებისა და სოფლების ამბებიც კი. მე რომ დავიბადე, იმ წელს ჩამარხა ერთი სოფელი ზვავმა. ყვებოდნენ ზოგჯერ ამაზე ჩემს ბავშვობაში, და დღესაც ყვებიან. ყვებიან, როგორ თხრიდნენ სახლებს თოვლში, როგორ თხრიდნენ ადამიანებს. სათითაოდ ამოჰყავდათ მკვდრები და ერთად აწვენდნენ თოვლზე, გვერდიგვერდ. არ მახსოვს ზუსტად, რამდენი მკვდარი დათვალეს მაშინ. ერთი დიდი, თეთრი საფლავი გახდა თითქმის მთელი სოფელი. უცნაურია, ასე რომ მოხდა. იცოდა ხალხმა, რომელი იყო საზვავე ადგილი და იქ არავინ ააშენებდა სახლს. იქნებ დაავიწყდათ. იქნებ ვეღარ დაეტია ის სოფელი თავის თავში და ზედმეტად გაიზარდა. იქნებ გაჯავრდა მთა და ჩამოიფხიკა ფერდიდან ერთიანად. ვინ იცის. მე კი ვიდექი ხოლმე, ვუყურებდი თოვლიან ფერდობებს და ველოდებოდი, როდის ჩამოსკდებოდა ზვავი. და მიყვარდა დამარხულ სოფელზე ფიქრი.
მთებში ბევრია თოვლი. გვიან გაზაფხულამდე რჩება ჭრელად მთისწვერებზე. რაც ზვავს გადაურჩება, ნელა უნდა ჩამოდნეს, ჩამოიწრიტოს. ამის მერე კი წყალდიდობები იწყება. ჩემი დიდი და დიადი წყალდიდობები.
მთის მდინარეები ზაფხულობით მდინარეებს კი არ ჰგვანან. მოწანწკარებენ წყნარად, მშვიდად, ნარნარები და უმანკოები. მკრთალი ძარღვებივით ამოსჭვივიან სხმარტალა კალმახები. შეხედავ და საფერებელი წყალია, ვერც იფიქრებ, რა შეიძლება დაატრიალოს. გაზაფხულზე უნდა ნახო ისინი. გაზაფხულზე, როცა თოვლის დნობას წვიმებიც დაემატება, გაზაფხულის გაბმული წვიმები. თითქოს დედამიწა წვიმის თოკებით მიებმება ხოლმე ცას. ხან კვირაობით გრძელდება ეს წვიმიდან წვიმაში გადაბიჯებული თქეში და იზრდებიან, სუქდებიან მდინარეები. ახლა ისინი ემსგავსებიან ზვავებს. ახლა ისინი მოანგრევენ ყველაფერს, თხრიან ხეებს ფესვებიანად და მოახეთქებენ ლოდებს ერთმანეთზე. წყალი კი არა, ხე, ქვა და მიწა მოედინება ვიწრო ხეობებში და გზას იკვალავს, წელზე ასკდება კალაპოტი და აფართოვებს ჭალებს, ერთი მთის ძირიდან მეორემდე გადაიწვართება.
მდინარის პირას სოფელი იყოს, ესეც იშვიათია. წყალდიდობების ამბავიც იციან აქაურებმა. მაგრამ მაინც ფართოვდებიან სოფლები, ნელ-ნელა შეეპარნენ წყლისპირებსაც. კარგია ჭალაში ცხოვრება. ზამთარში ჭირს ცოტა, მზეს უჭირს, ამ ღრმა ხეობებს ფსკერამდე ჩააწვდინოს შუქი, ხან რამდენიმე თვე არ ჩაიხედავს და გაებმება ყინული მთელ წყალ-ჭალას. მაგრამ გაზაფხული იცის სხვანაირი. ყვავილებიც კი სხვანაირი იცის ამ ჭალებში, ისეთი ენძელები ამოიშლებიან, სხვაგან რომ ვერ გადაეყრები. ხეებიც სხვანაირი დგას - ზამთარში უფრო დიდები ჩანან, საშიშები. მოგაზაფხულდება და დაბატკნდებიან.
დასახლდა ხალხი ჭალებში. ჩადგეს მომცრო, კოპწია ხის სახლები. ეზოებიც მოიშენეს, ველური მსხალ-პანტა-ვაშლებიც მოიშინაურეს. გაუყვები ჭალას, სულ რამდენიმე სახლია გზის პირას, რაღაცნაირად მხიარული სახლები. ახლები არიან, მეტად ფერადები, მეტად ყვავილებიანი ეზოებით, ვიდრე ისინი, მთავარ სოფლებში - სქელკედლებიანი, დაბღვერილი, ქვის ყორეშემოვლებული სახლები. ხალხიც ასეთივეა აქ, ჭალაში. მხიარულები. ბედნიერები. მთელი ზამთარი ხომ მზეს ელოდებიან, თითქოს რაღაცას უმატებთ ეს ლოდინი.
ამ ჭალაში ცხოვრობს ბიძაჩემი. ბიძაჩემს შვილები ჰყავს, რომლებიც ჩემი ბიძაშვილები გამოდიან, ანუ თითქმის ძმები. ხშირად ვარ იმათთან, ან ისინი მოდიან, ან - ჩვენ მივდივართ. მე მირჩევნია, ჩვენ წავიდეთ - ძალიან მინდა, ჭალაში ვცხოვრობდე მეც, ღობის მიღმა მდინარე ჩამოდიოდეს და დიდი, დაბარჯღული ხეები მყავდეს მეზობლებად. ზამთრებშიც მინდა იქ ყოფნა, განა მარტო მზის დროებში. არსად არის ასეთი თეთრი თოვლი, ასეთი სიკრიალე და გამჭვირვალობა.
იმ ზამთარს კი არ იყო მაინცდამაინც დიდი თოვლი, უფრო მეტიც გვინახავს, მაგრამ როგორღაც სწრაფად დათბა. უცებ, ერთბაშად მოვიდა გაზაფხული, თითქოს დაგვიანებისა შეეშინდაო, ერთ ამოსუნთქვაზე ამოირბინა ბარის ჭალები და მოვიდა კი არა, მოვარდა, მოქნაშქნაშდა გულამოვარდნილი. და ისეთი წვიმა მოიყოლა, უცებ დაალბო ყველაფერი, უცებ იქცა სითეთრე ტალახად და ერთიანად ჩამოიღვარა მთელი თოვლი მთისწვერებიდან.
მდინარემ ადიდება რომ დაიწყო, მსუბუქად შეიშმუშნა სოფელი ჭალაზე. აქა-იქ ღობეებს მიადგა წყალი. ცუდად კი კრიახებდნენ ქათმები პირველივე ღამეს ფიცრულ ხუხულებში, ძაღლებიც ცმუკავდნენ. მეორე