გრძელი ზამთრების ქვეყანა ამბავი მეშვიდე
პაპიდაჩემი მარტოხელა ქალია. სხვა აქაური ქალებისგან განსხვავებით, არც ძროხები ჰყავს, არც სხვა შინაური ცხოველები და უთავსაფროდ დადის -ზაფხულობით სულაც თავშიშველი, ზამთრობით კი ნაქსოვი ქუდი ახურავს. კიდევ შალის სამუხლეები აცვია - მუხლები სტკივა და ასე უფრთხილდება, ძილის წინ კი სპირტით ან სულაც შინაური არყით იზელს. ამიტომაც მუდამ ალკოჰოლის მსუბუქი სუნი დაჰკრავს.
მარტო ცხოვრობს. თავისი სახლი აქვს, პატარა, კოპწია სახლი სკოლის უკან, გზაჯვარედინზე. ზამთრობით ერთ მოცუცქნულ ოთახში შესახლდება ხოლმე, სამზარეულო-სასადილოც ის არის, საძინებელიც და სამუშაო ოთახიც. სამუშაო კი ასეთი აქვს: ქსოვს და კერავს. მერე ამ ნაქსოვებს და დაკერილ-დაქარგულებს ყიდის ვინმე ფერადობების მოყვარულებზე. ცხოვრობს როგორღაც, არც ხელსაქმე ეზარება და არც ვაჭრობა. სულაც პირიქით: ახალი ადამიანების გაცნობაც უყვარს და იმათთან ვინმე საერთო ნაცნობი თუ აღმოაჩნდა, მთლად ბედნიერდება.
ერთხანს არაყსაც ყიდდა სახლიდან. არაყი ერქვა და სინამდვილეში რაღაც საშინელ სპირტს ყიდულობდა, მერე წყლით აზავებდა და ყიდდა. იმ წლებში სოფლის ლოთები ამაზეც თანახმა იყვნენ. მიადგებოდნენ, დაიწყებდნენ ძახილს ხან შუაღამისას, გამოხედავდა, კიდეც წაითათხებოდა, ცეცხლი სვით თქვენო, მერე ქილაში ჩაუსხამდა არაყს, ზუსტად ისეთ ქილაში, მურაბებით რომ ავსებდა ხოლმე საზამთროდ და ატანდა იმ პირობით, რომ ჭურჭელს უკან დაუბრუნებდნენ. სვამდნენ ისინიც პაპიდაჩემის არაყს, სვამდნენ და იწამლებოდნენ, მაგრამ მაინც გადარჩებოდნენ ხოლმე - ყველაზე ყოჩაღი ხალხია სოფლის მთავარი ლოთები, ჭეშმარიტი ლოთები.
ზაფხულობით მთელ დღეებს აივანზე ატარებს პაპიდაჩემი. ზის და თან ქსოვს ან კერავს, თანაც გზას აკონტროლებს. არაფერი გამოეპარება - ვინ გაიარა, რამდენჯერ გაიარა, ვისთან ერთად გაიარა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა, საიდან სად მიდიოდა და როგორ ხასიათზე იყო. ნახევარი სოფელი კი ჩანს მისი აივნიდან და თუ გინდა ვინმეზე რამე გაიგო, პაპიდაჩემს უნდა ჰკითხო. თანაც იშვიათად, მარტო იჯდეს - რომელიმე მოხალისე ჭორიკანა მუდამ ჰყავს გვერდით.
უჰ, ჭრელჭრელია იმის ნაქსოვი წინდები და ქუდებიც და მოყოლილი ამბებიც. ნაქსოვები მე დიდად არ მომწონს, ზედმეტად ჭყეტელა მეჩვენება. მასთან სტუმრობა კი მიყვარს: იმდენ რამეს მოვისმენ, ღირს. თანაც როგორი გულიანი მოყოლა იცის პაპიდაჩემმა - ამბის კოპწია დეტალებით, დაგემოვნებით, ისეთი ნეტარებით ყვება... მოსაყოლადაც ისე შეემზადება ხოლმე, იფიქრებ, სადაცაა ლოცვას დაიწყებს: ჯერ თვალებს დახუჭავს და ირწევა. ხელებს რამდენჯერმე ჩამოისვამს მუხლებზე. მერე თავს უკან გადააგდებს და იწყებს: გავიხედე და რა დავინახე, გავიგონე და რა გავიგონე...
ჰოდა, ვსხდებით აივანზე, ის ძაფებში იქექება, არჩევს, ფერებს ერთმანეთს უხამებს, მე მაღალ სკამზე ვზივარ, ქუჩაში კარგად რომ გადავიხედო და ფეხებს ვაქნევ. გვერდით ფინჯანი მიდგას - რომ მივალ, მაშინვე კომპოტს გამიხსნის. მე კი ატამი მირჩევნია, მაგრამ ვერ ვეუბნები და ისიც ჟოლოს კომპოტს მასმევს. ჟოლოც გემრიელია, რა უჭირს. ვსხედვართ ასე, ვლაპარაკობთ და გამვლელ-გამომვლელსაც გულიანად ვესალმებით.
სხვებისა ხო, და თავისი ამბების მოყოლა იცის, გული გაგისკდება. ვაიმე, რომ იცოდე, რა დამემართაო, რომ იცოდე, ეს რა გადამხდაო, დაიწყებს და ბოლოს აღმოჩნდება, რომ ან სათველე ვერ იპოვა უცებ, ან საათი გაუჩერდა, ანაც მეზობლის ქათამი შემოძვრა იმის პატარა ბოსტანში და ოხრახუში გადაუკენკა.
თუ სტუმრობა ცოტა გამიგრძელდა, მასთან ერთად სადილობაც მომიწევს. ეს კი ასეთი ამბავია: პაპიდაჩემს ამქვეყნად ყველაფერზე მეტად საჭმლის გაკეთება ეზარება. ამიტომაც თვეში ერთხელ წყალწყალა სუპს აკეთებს და მერე მთელი კვირა ლაპარაკობს, რომ სუპი გააკეთა. მინახავს ის სუპი: თეთრი, ოდნავ ცხიმით შეფერილი, შიგ მოტივტივე რამდენიმე მაკარონით და მსხვილად დაჭრილი ხახვით. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ერთხელაც არ უჭამია ეს თავისი სუპი და რომ ამჟავდებოდა, მთელ ქვაბს ერთიანად გადააქცევდა ხოლმე. მე თუ იმ დროს ვესტუმრე, როცა სუპი ახალი გაკეთებული აქვს, ერთს კი შემომთავაზებს, და რომ ვეტყვი, არ მინდაო, შვებით ამოისუნთქავს. ვდგებით მერე, მივდივართ სამზარეულოში და ვჭამთ იმას, რასაც დილას, შუადღეს და საღამოს ჭამს პაპიდაჩემი - პური, ყველი, ერბო.
პაპიდაჩემს განსაკუთრებული ერბო აქვს: თეთრი, მშრალი და რაღაცნაირად ხრაშუნა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე გემრიელი ერბო. სინამდვილეში კი აქ ასეთს საჭმელად არავინ იყენებს, ნაბოლარა ერბოა და მარტო კერძებში ხმარობენ. კარგი ერბო მუქი ყვითელია, მსუყე და მძიმე. პურს ვერც მიაყოლებ - ხინკალი ან კეცეული უნდა ჩააწო შიგ, ან ღუმელში კანიანად გამომცხვარი კარტოფილი. მე და პაპიდაჩემი კი დავსხდებით იმ ციცქნა სამზარეულოში, დაბალ სკამებზე, დაბალ მაგიდასთან, ვუსვამთ პურზე ამ თეთრ ერბოს,