უჩინარი ტვირთი
სასტუმროს თავზე სამჯერ აინთო მწვანე შუქი. იაკობი, რომელიც კვირას, ზუსტად ამ დროს, მთავარი ოლქიდან საბაგიროს ელოდა, ადგა, სახლიდან უჩუმრად გამოვიდა, პარკი გადაჭრა და სასტუმროს ერთადერთ ლიფტს გასაღები მოარგო.
ლიფტის და საბაგიროს ხმა მთელ ქალაქს აღვიძებდა. დგებოდნენ ზლაზვნით, რკინის ერთნაირი ჭიქებით ფანჯრებთან მიდიოდნენ, ყავას სვამდნენ და ფიქრობდნენ, საბაგირო ვაგონი ამჯერად რას მოიტანდა.
წინა კვირას ოლქიდან ამანათი მოვიდა. სანამ იაკობმა ადრესატამდე მიიტანა, საბაგირო უკან, ოლქში დაბრუნდა და პასუხი დღემდე არ გაუგზავნიათ. ქალაქში ამის შესახებ არავინ იცის. არც უნდა იცოდნენ, ამიტომ შეარჩიეს იაკობი, უენო და ნახევრად ყრუ.
ლიფტის ხმა იაკობის ცოლსაც ესმოდა და ახსენდებოდა სახლი, ქალაქის განაპირას. ეზოს ბოლოს ლიანდაგები გადიოდა. ახსენდებოდა მატარებელი და მატარებლიდან თავგადმოყოფილი უცხოელები. ახსენდებოდა, როგორ ეღვიძებოდა ღამეში სამჯერ, როცა ლიანდაგის ვიბრაცია მის ბალიშშიც აღწევდა და ის ფრთხილად და ჩუმად დგებოდა, როგორც ახლა მისი ქმარი. დგებოდა და ეზოს ბოლოში გარბოდა, რომ თვალი მოეკრა განათებული ფანჯრებისთვის. მაშინ ყველაფერი კინოკადრს ჰგავდა, სწრაფად გაშვებულ ფილმს. ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდნენ მძინარე ცოლ-ქმარი, მოცეკვავე ახალგაზრდები, შუახნის კაცები გაშლილი გაზეთებით და მერე ყველაფერი წყდებოდა. ხმაურიც და მატარებელიც ქრებოდა მისი თვალთახედვიდან. ღამის მერე, დილით გულმოდგინედ ფერთხავდა ღამით მოტანილ და ლოგინში დარჩენილ ბალახსა და მიწას. ახლა კარე ფანჯარასთან იდგა და მის მსგავსად, ბევრს ეღვიძა კვირა ღამეს. როცა სასტუმროს თავზე მწვანე შუქი სამჯერ ინთებოდა, იაკობის სახლის ფანჯრებში შემოდიოდა და აღვიძებდა. იაკობი ოლქიდან გამოგზავნილ ტვირთს უნდა დახვედროდა. საბაგირო კი, რომლის წითელი ციმციმა შუქი შორიდან მოჩანდა, ცოტა ხნით ჩერდებოდა დამწვარი სასტუმროების თავზე.
იმ დღეს იაკობი დიდხანს ათვალიერებდა ცარიელ საბაგიროს – ჟანგიან ყვითელ საბაგიროს, რომლის დახვრეტილი ძირიდან გადამხმარბალახიანი მინდორი მოჩანდა. იაკობის ფანრის შუქი კი წვრილი სხივებივით ეცემოდა მინდორს. იაკობს არ სჯეროდა, რომ საბაგირო ვაგონი ცარიელი იყო.
იაკობს სჯეროდა, რომ ყოველთვის, როცა საბაგირო მოდიოდა, უფრო მეტი რამ მოჰქონდა, ვიდრე ამანათი, წერილი, ყავის ახალი პარტია, ძველი და ნახმარი ტანსაცმლის ფუთები, ან მაკულატურაში გადაყრილი ნესტიანი წიგნები.
* * *
როცა სახლში დაბრუნდა, ცივი ფეხები კარეს თბილი საბნის ქვეშ შეაცურა და თვალები დახუჭა, იაკობს საბაგიროს წითელი შუქი გაახსენდა, რომელიც კედლამდე, გაყვითლებულ მინდორს ავტომობილის ფარებივით მოუყვება, ან ცაში, თვითმფრინავის ციმციმასავით მოჩანს მიწიდან. ისეთი დღეებიც ხომ იყო, როცა საბაგიროს არაფერი მოქონდა. მაგრამ არასდროს მოსულა საბაგირო ვაგონი ცარიელი. მუნჯი იყო იაკობი, ნახევრად ყრუც იყო, მაგრამ ბრმა არასოდეს ყოფილა. წამოხტომა და უკან გაბრუნება უნდოდა, მაგრამ კარეს მკლავები წელზე მარწუხებივით შემოხვეოდა და ვერ ინძრეოდა. პირველად მაშინ გაიფიქრა იაკობმა, რომ მისი და კარეს ცხოვრება ასეთი იყო, ძალდატანებითი, უსაფრთხოების ღვედივით აუცილებელი, მაგრამ – არასასიამოვნო.
იაკობს მალევე ჩაეძინა. საბაგიროს ტვირთმა კი იმ ღამეს მინდორი გადმოირბინა და კედლამდეც მოვიდა.
* * *
როგორც წესი, კარე ადრე დგება. ყავას ამზადებს და ფანჯარასთან დგას. მეზობლებს უყურებს. ბავშვებს და მათ ძიძებს. ქალებს, რომლებსაც მასავით არ გაუმართლათ და ქვეყნის იმ ნაწილში აღმოჩნდნენ, სადაც ასე – ჭაღარა თმით და სხვისი გამონაცვალი ტანსაცმლით უნდა იარო. სექტემბერია, მაგრამ ზოგს უკვე აცვია სახელოებდამოკლებული, გახუნებული და ღილაწყვეტილი პალტო. კარე არავის ადანაშაულებს ამაში, ის უკვე ყველაფერს შეეჩვია.
იმ დღეს, როცა კარე, ძველი ნაცნობების წყალობით, გემრიელ ყავას სვამდა, პარკში ქალები და ბავშვები არ იყვნენ. ტბის გარშემო კაცები მოგროვებულიყვნენ, რამდენიმე მათგანს წელსზევით გაეხადა და წყალს დასჩერებოდა. კარე, რომელსაც ინტუიცია არასდროს ატყუებდა, ვერაფერს მიხვდა. იდგა და ხელში უკვე გაციებული ყავა ეჭირა. ძველი მეგობრების წყალობით, ახლაც გემრიელი იყო.
კაცებს შორის იაკობიც გამოჩნდა. იდგა და უსმენდა. კარე ფანჯრიდან აკვირდებოდა, მაგრამ ვერაფერს ხვდებოდა. იაკობი უკან გაბრუნდა. ის- ის იყო, კარეც აპირებდა ფანჯარას მოშორებოდა, რომ წყლიდან ორი მკვდარი ადამიანი ამოიყვანეს. ასეთი რამ კარეს დიდი ხანია არ ენახა. დაახლოებით იმდენი წელი, რამდენიც ზღვაზე არ ყოფილა. იაკობი სახლში დაბრუნდა, კარესთან ოთახში შემოვიდა და პატარა ფურცელი გაუწოდა. კარემ ქმრის გზავნილი წაიკითხა, იაკობს თვალებში შეხედა, მერე ჯიბიდან სანთებელა ამოიღო, ფურცელს ცეცხლი მოუკიდა და იატაკზე დააგდო. ცეცხლი ფეხით ჩააქრო და ისევ ფანჯარასთან დადგა. მეორე ჯიბიდან სიგარეტი ამოაძვრინა, მოუკიდა და მშვიდად დაიწყო მოწევა. იმ დროს, როცა ფანჯრის იქით მკვდარი კაცების ვინაობას ადგენდნენ, კარემ და იაკობმა უკვე იცოდნენ, ვინ იყვნენ ისინი. იაკობს გაუმართლა, მუნჯი იყო. კარემ კი არ იცოდა,