ელენე ბაქრაძე-ბერიშვილი-ქართველიშვილი
3.
ეს იყო 1914 წლის აგვისტოში. ის იყო დავამთავრე წმ. ნ.-ზე. მგონი, არ ვცდები. სოფ. არგვეთში ვესტუმრე ჩემს ნათესავს. ერთხელ, როცა ცხელი მზიანი დღე გრილმა საღამომ შესცვალა და მე სხვებთან ერთად ვიჯექი ვიღაცის ეზოში, უეცრად ვიგრძენი, როგორ დაარღვია რაღაცამ სოფლის მყუდროება და სულში განახლდა უკანასკნელ წლებში ჩემში გაბატონებული უცნაური განწყობილება: ჩემს წინ იდგა თეთრ ტანსაცმელში და კრაგებში პაოლო იაშვილი. უნებურად ფეხზე წამოვდექი და აღელვებული ვუმზერდი მის ზღვასავით მოლივლივე დიდ თვალებს. ისიც აღელვებული ჩანდა. რამდენიმე წუთს ხმა ვერ ამოვიღეთ.
- ნუ თუ ისა ხართ, ლესევში რომ გაგიცანით?..
მე და პაოლო ერთმანეთს შევხვედრივართ მანამდე ორჯელ.
...
და, აი, აქ მორზე ჩამომჯდარს წარმომიდგა ის თეთრ ევროპულ სპორტულ ტანსაცმელში, ისევე თვალებანთებული, ისეთივე ღიმილით სახეზე, მხოლოდ ახლა სულ სხვანაირი.
ამ ხნისათვის მე უკვე გაზეპირებული მქონდა მთელი ფურცლები ოსკარ უაილდის „დორიან გრეიდან“, ვიცნობდი, როგორც სულის მესაიდუმლეთ, ბოდლერს, ვერლენს და ყველა რუს პოეტებს. ვბოდავდი ანნა ახმატოვათი. მხოლოდ ფუტურისტების არაფერი მესმოდა, მაგრამ ამას არავის ვუმხელდი. საზღვრის გავლა სიმბოლისტებსა, აკმეისტებსა, უფროსს მათ მოდგმათა და შემდეგთა შორის მე არ შემეძლო. შეპყრობილი ვიყავი საერთო სენით და თან აღტაცებით ვადევნებდი ყურს რევოლუციის საიდუმლო განვითარების ამბებს, რის შესახებ მელაპარაკებოდნენ ზოგიერთი ახალგაზდები. ერთი სიტყვით, გონებაში საკმაოდ ქაოტური მდგომარეობა მქონდა. მაგრამ მაშინ, ცხადია, ამას არ ვგრძნობდი. ჩემი თავი მოწინავე ქალად მიმაჩნდა და დეკადენტებით გატაცება ამის უაღრესად სარწმუნო და დამამტკიცებელი საბუთი იყო ჩემთვის. სავსებით დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ მე განსაკუთრებული და იშვიათი პიროვნება ვიყავი ი. რ. ჩემს გარშემო სხვა არავინ იცნობდა და ზეპირად არ იცოდა არც კუზმინი, არც მანდელშტამი, არც ბლოკი, არც ახმატოვა. ბოდლერის „ბოროტების ყვავილები“ ხომ არც გაეგონათ. ჩუმად ვთარგმნიდი ზოგიერთ ლექსებს, მაგრამ ორიგინალთან შედარებისას არ მომწონდა რითმები; ქართულად არ მოქმედობდნენ ჩემზე და მეშინოდა გამენდო სხვისთვის ჩემი ნაწერები.
მახსოვს, როგორ სწრაფად წამოვდექი ადგილიდან, როცა პაოლო დადგა ჩემს წინ. ის ჩამაშტერდა სახეში და მითხრა:
- ჩვენ ხომ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთო.
- აჰა, ლესევში, - ამოვისუნთქე მეც და მოვყევით იმ დღის მოგონებას. ამბავი აფერადდა უცნაურად, სულ სხვაგვარი სიტყვებით. ორივემ ვიგრძენით ნათესაური ელფერი ჩვენს განწყობილებაში. მისტიკური შინაარსი მიეცა უბრალოდ მომხდარ მოვლენას. ჩვენ იგი გავაშუქეთ ჩვენში გაბატონებულ ახალი განწყობილებით. გატაცებულნი საუბრით ჩვენ მხოლოდ ვუსმენდით და ვხედავდით ერთმანეთს. მას ჩემი უკვირდა, მე იმისი. არა, ამბობდა ის, მე ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რამეს ამის მზგავსს შევხვდებოდი ჩვენს სოფელში. ის ასახელებდა პოეტებს, მე მათ ლექსებს ვეუბნებოდი ზეპირად. არ ვიცნობდი მხოლოდ რემბოს და ის მიამბობდა იმაზე. თითქმის ერთმა კვირამ განვლო თავბრუდამსხმელ გატაცებულ ლაპარაკში. დასასრულ პაოლომ დაასკვნა, რომ ის აუცილებლად დააარსებდა ჟურნალს, სადაც ის თავს დაატყდებოდა ჩვენს ლიტერატურას, განსაკუთრებულად პოეზიას, დაატყდებოდა ჩვენს მეშჩანურ ყოფაცხოვრებას, ააყირავებდა მთელს ყოფას ჩვენსას, შემოიტანდა სულ სხვა ფორმას და შინაარსს პოეზიაში; მზად იყო, თავი შეეშვირა ლაყე კვერცხებისათვის და მკერდით დახვედროდა მოქნეულ მუშტებს. მას იმედი ქონდა მეგობრების. ის ჯერჯერობით ასახელებდა ვალერიან გაფრინდაშვილს, ტიტე ტაბიძეს, გალაქტიონს ქუთაისში; თბილისში, ჯერ არ იცოდა, ვინ დაუჭერდა მხარს.
...
გასაოცარი იყო მისი დაუშრეტელი აღტაცება იმ ზაფხულს.
- რა სათაური მივცეთ ჩვენს ჟურნალს, ელი? - მეკითხებოდა ის.
მე კიდევ თუთიყუშივით ვასახელებდი უკვე ცნობილ სიმბოლისტების ჟურნალებს, მაგრამ ის თავს უარად იქნევდა. მე მინდოდა „ლურჯი ფრინველი“ მეტერლინკისა, როგორც სიმბოლო ბედნიერების ძიებისა. პაოლოს არც ეს მოსწონდა. ქართული უნდა იყოს, ქართული, ამბობდა ის.
და, აი, სათაური გამოიძებნა სრულიად შემთხვევით. მე ველოდი წერილებს სახლიდან და დამჭირდა საჩხერეში ფოსტაში წასვლა. პაოლომ აღმითქვა ცხენებით გასეირნება. შესდგა მთელი კავალკადა შვიდი კაცისგან. ვალიკო მაჭავარიანმა, მედეია ჯაფარიძის მამამ, გვათხოვა თავისი საუცხოვო მერანი. უკვე ნაშუადღევის ორი საათი იქნებოდა, როცა ცხენებზე შევჯექით. მე და პაოლო დავწინაურდით. პირამიდებსა და ეგვიპტეზე, ფარაონებსა და მათი დროის კულტურაზე ვლაპარაკობდით, ალბად, პაპანაქება სიცხის გამო. ყვირილას მივადექით. იმ ზაფხულს წყალდიდობა იყო. ხიდი წაეღო მდინარეს. მოშხუოდა და იმუქრებოდა ყვირილა, რამდენადაც შეეძლო. ამ დროს მოგვესმა ვალიკო მაჭავარიანის ძახილი - პავლე, არ შეხვიდეთ წყალში, ცხენი არ დამიღუპოთო. სწორედ ამის გამო, შეშინებულმა, რომ ფოსტაში ვეღარ გავიდოდი, ცხენი წამსვე შევაგდე მდინარეში, დავხუჭე თვალები და მივენდე მას. ხელზე როცა სხვა ხელი ვიგრძენი, თვალები გავახილე. ორივე მხარეზე მომდევდნენ პაოლო და