***
დღეს 22 ნოემბერია. ჯერ 10 საათიც არ არის ალბათ. ეს ის დროა, როცა ჩვენს ქალაქში ყველა ტრაგედია უკვე მომხდარია, თუმცა ისინი არსად წასულა და არც დროს განუკურნავს. ტრაგედიები, როგორც იცი, ყოველთვის მეორდება ფარსად და ჩვენც ამ ყველაფრისგან მხოლოდ სიცილი ვისწავლეთ. ისტერიული ხარხარი საკუთარ თავზე (თავიდან ეს მხოლოდ თვითირონია გვეგონა, რომლითაც თავს ვიცავდით ტკივილისაგან, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ასე სიცილი, უბრალოდ, კრუნჩხვაა), თუმცა ამბის მოყოლა იქიდან იწყება, როცა ჩვენ დრამის მოთხოვნილება გვქონდა. მხოლოდ დრამის თამაში შეგვეძლო.
ახლა მაიაკოვსკის ავტობუსში ვზივარ. ფეხებთან ჩანთა მიდევს. მძღოლის დამხმარე, რომელიც მგზავრობის საფასურს აგროვებს, რამდენჯერმე მოდის და მთავაზობს, ნივთები საბარგულში შევინახო, მაგრამ უარს ვეუბნები. შავ ზურგჩანთაში დაშლილი სანადირო თოფი ორი ტყვიით, ტანსაცმელი და წიგნები აწყვია.
ამ თოფით ჩემი ძმა თუთა საომრად წავა. გეგმის მიხედვით, შიდა ქართლში საოკუპაციო ზოლს გადაივლის, პირველსავე საგუშაგოზე ჯარისკაცებს ესვრის და მერე თვითონაც დაიღუპება. ეს მისი ბოლო სპექტაკლი იქნება – ერთადერთი გზა, რომ მისგან გავთავისუფლდეთ. ახლა სახლში ზის და ცოცხლად ლპება. მისი სიმყრალე კი დედაჩემსაც კლავს და ჩემს პატარა დასაც. არ ვიცი, როგორ შეაფასებენ მის საქციელს. შეიძლება პროვოკაციად მონათლონ, ოფიციალური პირები ყველანაირად დაამტკიცებენ, რომ ის, უბრალოდ, მარტოხელა, სულიერად ავადმყოფი იყო.
პატრიოტები მისი საქციელით ალბათ აღფრთოვანდებიან და მის ფოტოს ფეისბუკზე გააზიარებენ. წლები რომ გავა, შესაძლოა, ისტორიაშიც დარჩეს მისი სახელი. ოცი ან ორმოცდაათი წლის შემდეგ ალბათ ისტორიის საგამოცდო ტესტებშიც შეიტანენ და სტუდენტები ჩვენს გრძელ გვარს ხელზე დაიწერენ, რომ არ დაავიწყდეთ ტერორისტი, რომელიც ათიან წლებში ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად მარტო წავიდა.
კაცმა რომ თქვას, მის საქციელში ახალი არაფერია. როცა ქართლში ოსმალობა და შემდგომ ყიზილბაშობა იყო, ღვინით გამომთვრალი ქართველები თითო-ოროლად ან მცირე ჯგუფებად ესხმოდნენ ხოლმე მტერს და თავს აკლავდნენ.
თუთას სიკვდილის სცენარიც აქედან მოვიფიქრე. თუმცა ეს სპექტაკლი უფრო მეტია, ვიდრე პატრიოტიზმი. მისთვის ეს ანტიიმპერიალისტური მოქმედებაა.
სჯერა, რომ ყველა ინგუშის, ქისტის, სირიელის, ქურთის, ერაყელის, უკრაინელის ან სალვადორელის სახელით გააკეთებს ამას. ჩემთვის სულერთია, რას იფიქრებს, მთავარია, სიკვდილი შეძლოს.
დღეს იარაღს ჩავუტან. ის სახლიდან ჩუმად წავა. მე დავრჩები. დედას და დას დავამშვიდებ, როცა საინფორმაციო გამოშვებებში თუთაზე დაიწყებენ ლაპარაკს. რთული პერიოდის გადატანა მოგვიწევს, მაგრამ ყველასთვის ასე ჯობია, განსაკუთრებით – თუთასათვის.
მთელი ღამე არ მეძინა. ვფიქრობდი, ავტობუსში გამოვიძინებ-მეთქი, მაგრამ თვალი ვერ მოვხუჭე. ჩანთა გავხსენი და ვცდილობდი, რამე საინტერესო მეპოვა. რამდენიმე უკვე წაკითხული ან შუა გზაზე მიტოვებული წიგნი მედო. „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ ამოვიღე და შიგ თუთას წერილი ვიპოვე, ალბათ ათი წლის წინ დაწერილი. სახლიდან გაიქცა და მაშინ დამიტოვა. მთლად წერილიც არ იყო, უბრალოდ, თვითონ დაარქვა ასე. რვეულის ორ ფურცელზე იკაროსის მითის გადამღერება დამიწერა.