პირველი დღე
რა მძიმეა გაღვიძება, დაბრუნება მშობლიურ ოთახში, ნაცნობ სხეულში, აუტანლად უცხოდ ქცეულ გარემოში, რომელთანაც დაშორებას სიზმრისეულ სამყაროში ცდილობს. მაგრამ, სამწუხაროდ, „იქითაც“ ისე ვერ არის ყველაფერი აწყობილ-დალაგებული, როგორც მას ესიამოვნებოდა. საბანში გემრიელად გახვეულს ფანჯრისკენ გახედვაც ეზარება. სულერთია, რა ამინდია მის მიღმა – თბილისური, თოვლჭყაპიანი ზამთრის თუ შემოდგომის ნაზი დილა. დილაა კი? თინა, რა ხანია, რიჟრაჟზე იძინებს და საღამოსკენ ახელს თვალს სხვადასხვა ყაიდის სიზმრებში ნახეტიალები. ძილისგან გამოყოლილი განწყობილებების უმრავლესობას გადაფურცვლის გარეშე, ხელის ერთი მოსმით იშორებს, ტვინის სანაგვეზე ყრის. ზოგს, აუხსნელი მიზეზით მიმზიდველს, იტოვებს, მეხსიერების პატარა უჯრებში ინახავს. დღის განმავლობაში გადახედავს და დააკვირდება, – იქნებ, რამე საინტერესოს, მისთვის ჯერ ახალს, გულდასმით გასაშიფრს გადაეყაროს და გაელვებულ განწყობილებებში ხეირიანი მესიჯი მოინადიროს და ამ ოხერ ცხოვრებაში სასარგებლოდ ან თავდასაცავად გამოიყენოს.
დიდი ხნის წინ, იყო დრო, როდესაც გაღვიძებისთანავე მოვარდნილ შიშნარევ ჟანგისფერ ტალღებს ლოგინის ქვეშ საგანგებოდ ამ მომენტისთვის შემონახული ბოთლიდან მოზრდილ დოზად ჩამოსხმული კონიაკის, ვისკის, იშვიათად, არყის გადაკვრით იგერიებდა, შემტევ ძალას აკარგვინებდა, მაგრამ ხანგრძლივად არც ეგ შველოდა, მხოლოდ დროებით.
ახლა, რამდენიმე წელია, სპირტიანი სასმელის ნაცვლად, ექიმის მიერ გამოწერილ, სამზესუმზიროდ შეფუთულ ქაღალდში ჩაყრილ, სხვადასხვა ფერის აბებს სვამს წყლის მიყოლებით. სასმლისგან განსხვავებით, წამლები გვიან იწყებენ მოქმედებას: აბაზანაში თავის მოწესრიგების, წყლის წამოდუღების და ბუთხუზა ჭიქიდან ჩაის დალევის შემდეგ.
მართალია, ძალაგამოლეული შიში სადღაც გაქრა, საზარელი ღიმილით და უწამწამო თვალის ჩაკვრით აღარ ესალმება ცივ ოფლში შეკივლებით გამოღვიძებულ თინას, მაგრამ წამლებს თავს მაინც ვერ ანებებს. შეჩვევის ამბავია ალბათ, ან წარსულის ცუდ პერიოდში დაბრუნების შიშის. ყველგან შიში როგორ არის? როგორ დაღალა ამ ჩათლახმა – არადა, მშიშარა არ არის, თვითონ ხომ იცის. არც არასდროს ყოფილა, პატარაობაშიც კი – პირიქით, თამამი და ახტაჯანას სახელი ჰქონდა გავარდნილი ახლობლებში.
თინას უყვარდა მეხსიერების პირველ არამყარ, მცირე ზომის ნაკვალევზე თავიდან და თავიდან გავლა. გაბედული, ლაღი ნაფეხურები ზომას იცვლიდნენ, მიმართულებასაც. ანაბეჭდის სიღრმე სხვადასხვა სიმძიმის დაწოლის ქვეშ ახალ-ახალ ფორმას იღებდა. ყველა ნაკვალევი ტაძრისკენ როდი მიდიოდა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ამ მიმართულებითაც მიიკლაკნებოდა მკრთალად, ისიც ძველი, ბავშვობის დროინდელი კვალი. დიდი და პატარა ნაფეხურები ზოგჯერ გადაიკვეთებოდნენ ხოლმე, გაელვებით აათვალიერებდნენ ერთმანეთს და კვლავ შორდებოდნენ, რათა ამ ნავალ თუ გაუვლელ გზებზე ახლიდან შეხვედროდნენ ერთმანეთს.
ლაბირინთის შიშის მონაკვეთებში არეულ-დარეულად იხატებოდა თინას ნაფეხურები. ქუსლით ღრმად ჩატკეპნილი ადგილების, ტერფის დაფერდებულად დადგმის, თითებზე მყარად დაყრდნობის, კედლებზე სიმწრით მირტყმული ფეხისგულების ანაბეჭდებში ამ საზიზღარ ძალასთან ბრძოლა იკითხებოდა. ძალასთან, რომელიც ასაკთან ერთად ახლოს გაეცნო, და მისდაუკითხავად, არჩევანის გაკეთების გარეშე, ცდილობდა, მუდმივი თანამგზავრი გამხდარიყო. თინას არ აწყობდა ყოველივე ეს: შიშით თუ შიშთან ერთად ცხოვრებას არ აპირებდა. ბევრჯერ გაუშვა თინამ ის უკან მოუსვლელად შორს. მჭიდრო, სქელი კედელიც ამოუშენა, მაგრამ ნაპრალებში მაინც აღწევდა, ზლაზვნით იპარებოდა ხრწნადი სუნი (ერთმა ექიმმა უთხრა, მთელი ცხოვრება შიშთან ბრძოლაა და მისი გადალახვაო. მაგ ექიმთან აღარ მისულა).
ბრაზი იყო თინას ერთ-ერთი ერთგული იარაღი. თავდაცვითი ბრაზი, რომელიც საყვარელ სავარძელში მოკუნტულად, ძალაგამოცლილად ჩაწოლით მთავრდებოდა და სულის მოთქმის შემდეგ მშველელისკენ სევდანარევად აყვირებდა: „ჰა! გამოანათე, ბოლო-ბოლო!“
ბევრი, სხვადასხვა ფიქრის ადამიანი უხსნიდა, რომ „ის“ ანათებს, ხოლო თინა ვერ ხედავს, ბრმაა. თინა, რბილად რომ ვთქვათ, არ ეთანხმებოდა მათ.
გუშინ ვისთანაც იყო მისული, ის კაციც იმავეს ახსნას აპირებდა, თავისებურად. მაგრამ თინას ეგ არ აინტერესებდა, სხვა მიზანი ჰქონდა დასახული.
დაქალებმა ურჩიეს ეს ფსიქოთერაპევტი. აღარც ახსოვს, მერამდენეს იცვლის, რამდენი სხვადასხვანაირი ტესტი თუ მიდგომა და გასაუბრება გაიარა, და ყოველჯერზე ერთსა და იმავე პასუხს იღებდა: „დახურულ სივრცეში ხარ. უნდა გაარღვიო წრე, გაეხსნა სამყაროს, რომელიც მრავალფეროვანია, საინტერესო და კეთილად განწყობილი. გააჩნია, რა კუთხით მოინდომებ დანახვას“. მოსწყინდა რჩევების მოსმენა. სურს, რომ მას მოუსმინონ. მიაჩნია, რომ დადგა დრო. კარგი იქნება, თუ მისი თამაშის წესებს დათანხმდება ექიმი. დათქმულ საათს მოსაცდელში იყო. ოდნავ ღელავდა. კარის გაღების მოლოდინში ბოლთას სცემდა და დერეფანში დაგებულ მოწითალო ხალიჩაზე ამოქარგულ ყვითელ ხაზებს დაყვებოდა მონდომებით. ექიმისთვის სათქმელ სიტყვებზე ფიქრობდა. ბევრი არც არაფერი იყო სათქმელი ამ ჯერზე. ექიმის თანხმობა სჭირდებოდა შეთავაზებულ... არა, თამაშს ნამდვილად ვერ დაარქმევს... გეგე თამაში ნაღდად არ იყო.
კარი გაიღო, ახალგაზრდა ექიმმა შუახნის ქალი გამოაცილა. სიმპათიური ქალი იყო, მაგრამ საგრძნობი დაძაბულობა მოუხერხებელს და არამიმზიდველს ხდიდა. ორივე ხელი ძლიერად ჩაეჭიდა ძვირფასი ჩანთის სახელურისთვის