ამბავი მაღაზიისა, რომელსა ჰრქჳან "გაბრიელის საძველმანე" ყველაფერი მარტივად დაიწყო:
საქართველოს ერთ პატარა ქალაქში, რომელიც ცივის მთის კალთიდან ალაზნის ველს გადაჰყურებს, პირისპირ კი კავკასიონის გრძელ მთაგრეხილს მისჩერებია, და რომელსაც დღეს, ისევე როგორც ამ ორიოდე ათასი წლის განმავლობაში, თელავს ეძახიან, არჩილ კიკვიძისა და აშხენ არუთინიანის ოჯახში დაიბადა ჩემი პაპის მამა – გიგო კიკვიძე. ის მამამისივით ძველმანებით მოვაჭრე იყო და ქალაქში დიდად არც აღიარებდნენ საპატიო მოქალაქეთა შორის, მაგრამ მოხერხებული მექალთანე ყოფილა და იმდენი უვლია დიდი ვაჭრების თუ სხვადასხვა ჩინოვნიკის დარბაისელ ცოლებთან საძინებლებში, რომ, საბოლოოდ, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ბატონის ციხის პირდაპირ, ძველმანების საკუთარი მაღაზიაც გაუხსნია, მაგრამ გამარჯვებით ტკბობა დიდხანს არ დასცალდა თურმე: მალე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო. გიგოს მაღაზიაც წაართვეს, სახლიც და სხვა დანარჩენიც. ერთ პატარა სარდაფში შეასახლეს და ხელზე ვაჭრობაც აუკრძალეს, თუმცა ტანადსა და მიმზიდველს, არც ამჯერად გასჭირვებია რაიკომის მდივნების საძინებლების ათვისება. შედეგად, ცოტა უკეთეს კომუნალურ ბინაში შესახლდა, თავისი მფარველი ქალების ხელშეწყობით კი მალულად ვაჭრობასაც ახერხებდა. ამასობაში მისმა ძმამ ადამიანების დასმენის დიდი ნიჭი გამოავლინა და კომისრად დანიშნეს. გიგოს იმედი მიეცა, ძმის წყალობით უფრო თავისუფლად ვიმოქმედებო, მაგრამ კომისარ ნიკოს, რომლის პატივსაცემადაც დაარქვა გიგომ შვილს სახელი, სულ სხვა გეგმები ჰქონდა. ასეთი მოწადინებული კაცი პროვინციული ქალაქის კომისრობას ვერ დასჯერდებოდა და მანაც გადაწყვიტა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობისთვის თავისი ერთგულება კიდევ უფრო შეუვალი საბუთით განემტკიცებინა, ამიტომ საკუთარი ძმა, გიგო კიკვიძე მალულ ვაჭრობაში, ანუ როგორც მოგვიანებით საბრალდებო დასკვნაში ჩაწერეს, საბჭოთა სამშობლოსთვის ძირგამომთხრელ და კონტრრევოლუციურ საქმიანობაში ამხილა. გიგო დაიჭირეს და საბჭოთა ციხეში ერთწლიანი ტანჯვა-წამების შემდეგ დახვრიტეს. ეს ოჯახმა შეიტყო იმ ქვითრით, რომლის საფუძველზეც დაეკისრათ მისთვის ნასროლი ტყვიის ღირებულების ანაზღაურება. მისი ძმა მართლაც დააწინაურეს, თუმცა ინტრიგებს თავი ვეღარ გაართვა, ჯალათებს დაასწრო და დასაპატიმრებლად მისულებს ტყვიით შუბლგახვრეტილი დახვდათ თავის სამუშაო მაგიდაზე. მას ცოლი და შვილი არ დარჩენია.
ჩვენი გვარის გაგრძელება პაპაჩემის, ნიკო კიკვიძის იღბალზე ეკიდა, რომელიც მამის, გიგოს დაპატიმრების დროს, სულ რაღაც სამი თვის იყო, ამიტომ არც მამა ახსოვდა და არც ბიძა. ის ინჟინერი გახდა და პატიოსნად ემსახურებოდა საბჭოთა სამშობლოს, თუმცა ძველმანებისადმი სიყვარული თანდაყოლილი სენივით აჰკვიატებოდა და მის ცოლს, ელენეს, რომლის ქალიშვილობის გვარიც ოჯახურმა მეხსიერებამ ვერ შემოგვინახა, ანდა სულაც მიზანმიმართულად დაივიწყა, ხშირად უწევდა წუწუნი, როცა ათასგვარ უცნაურ, ხშირად პრაქტიკული თვალსაზრისით სრულიად გამოუსადეგარ ნივთს მიიტანდა ხოლმე შინ, შეიკეტებოდა სარდაფში, სადაც სახელოსნო და საწყობი ჰქონდა მოწყობილი, და თუ დაზიანებული იყო, შეაკეთებდა, აღადგენდა, ძველ ბრწყინვალებას დაუბრუნებდა და შეინახავდა. ამდენად, სახლი სავსე იყო ძველი და რესტავრირებული ნივთებით, ავეჯიდან ძველ მონეტებამდე და წიგნებამდე – ყველაფერს იპოვიდით. ელენე ბებია არც თუ უსაფუძვლოდ შიშობდა, რომ ეს გატაცება ცუდად დასრულდებოდა და ასეც მოხდა. ერთ-ერთი მორიგი ოჯახური წვეულების შემდეგ, ვიღაცამ შინსახკომს ანონიმური წერილით შეატყობინა, რომ ნიკო კიკვიძე საბჭოთა საქართველოს ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა, ამის დამადასტურებელი ბევრი საბუთი კი მისსავე სახლში ინახებოდა. ჩხრეკისას, სხვა მამხილებელ დოკუმენტებთან ერთად, ამოიღეს მეფის რუსეთის დროინდელი ქაღალდის კუპიურები, 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, სახარება, ყურანი და რელიგიური შინაარსის სხვა ტექსტები. ნიკოს ბრალი დასდეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრაციაში მყოფ მთავრობასთან კავშირში, კაპიტალისტური ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაში და 1951 წელს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯეს.
მამაჩემი ვიქტორ კიკვიძე ამ დროს ორი წლის იყო. ელენე ბებიას ქონება სრულად ჩამოართვეს, ბინიდან გაასახლეს და ერთი ხელი ტანსაცმლის ამარა, ხუთი წლის მამაჩემთან ერთად, ნახევრად სარდაფ, ბნელსა და ნესტიან ოთახში შეასახლეს, თუმცა როგორც ქმრის თანამზრახველი, მალევე ისიც დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, მამაჩემი კი ბავშვთა სახლში გაამწესეს, რადგან ვერც ერთმა ნათესავმა ვერ გაბედა "ხალხის მტრის" შვილის მეურვეობა. მოგვიანებით, ელენე ბებოს ამინისტია შეეხო, რეპრესიების მსხვერპლად გამოაცხადეს და თელავში დაბრუნების უფლება მისცეს. მამაჩემმა დედა შვიდი წლის განშორების შემდეგ, თორმეტი წლისამ ნახა. ისინი კვლავ კომუნალური ბინის ერთ ოთახში შეასახლეს და იქვე ცხოვრობდნენ მანამ, სანამ მამაჩემმა დედაჩემზე არ იქორწინა და ორი წლის შუალედით მე და ჩემი და არ მოვევლინეთ ქვეყანას. საბჭოთა სამშობლოს წინაშე ამ დიდი დამსახურებისთვის, გვერდით გათავისუფლებული ორი ოთახი მისცეს დამატებით, და სწორედ აქ, ამ ძველ სახლში გავიზარდე მე.
ყველა იმ უბედურების მიუხედავად, რომელიც ჩვენს ოჯახს ძველმანებისადმი სიყვარულმა დაატეხა თავს, მამაჩემსაც ყოველგვარი ძველი ნივთის მიმართ დაუოკებელი ლტოლვა ამოძრავებდა.